ბერლინის პოლიციამ პალესტინის პრეზიდენტის მაჰმუდ აბასის წინააღმდეგ წინასწარი გამოძიება დაიწყო

ბერლინის პოლიციამ პალესტინის პრეზიდენტის მაჰმუდ აბასის წინააღმდეგ წინასწარი გამოძიება დაიწყო. გერმანელი სამართალდამცველები მას სიძულვილის შესაძლო წაქეზებას ედავებიან.
საქმე ეხება ამ კვირაში პალესტინის ლიდერის მიერ, ბერლინში, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთობლივი პრესკონფერენციისას გაკეთებულ კომენტარს, რა დროსაც აბასმა განაცხადა, რომ ისრაელმა პალესტინელების წინააღმდეგ „50 ჰოლოკოსტი“ ჩაიდინა.
მედიის ცნობით, აბასის აღნიშნულმა კომენტარმა აღშფოთება გამოიწვია გერმანიაში, ისრაელსა და სხვა ქვეყნებში.
გერმანია პალესტინას სუვერენულ სახელმწიფოდ არ ცნობს, თუმცა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აბასი, როგორც პალესტინის წარმომადგენელი, სამართლებრივი დევნისგან იმუნიტეტით ისარგებლებს, რადგან ის ქვეყანას ოფიციალური სტატუსით სტუმრობდა.
ცნობისთვის, ოლაფ შოლცმა ხუთშაბათს ისრაელის პრემიერ-მინისტრ იაირ ლაპიდთან სატელეფონო საუბარი გამართა, რა დროსაც დაგმო აბასის მიერ „50 ჰოლოკოსტის“ შესახებ გაკეთებული კომენტარი.

























