ლორა თორნტონი - რუსეთის მოქალაქეებს უფრო რბილად და კომფორტულად ეპყრობიან, ვიდრე ხალხს მოკავშირე ან ისეთი ქვეყნებიდან, რომელთაც საქართველოსთან კონფლიქტი არ აქვთ

რუსებისთვის საქართველოში შესვლის სრულად აკრძალვა, არ მგონია, რომ სწორი ნაბიჯი იქნება,- ამის შესახებ საქართველოში „ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის“ ყოფილმა დირექტორმა და გერმანიის მარშალის ფონდის, "დემოკრატიის დაცვის ალიანსის" ხელმძღვანელმა, ლორა თორნტონმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა.

მან შეაფასა საქართველოს მთავრობის პოლიტიკა რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით. როგორც თორნტონი განმარტავს, დაბალანსებული უნდა იყოს კონკრეტული პიროვნებების ადამიანური უფლებები და მოგზაურობის საშუალება.

„დაბალანსებული უნდა იყოს კონკრეტული პიროვნებების ადამიანური უფლებები, მოგზაურობის საშუალება და ის, თუ როგორ ექცევი მოწინააღმდეგეს.

რუსებისთვის საქართველოში შესვლის სრულად აკრძალვა, არ მგონია, რომ სწორი ნაბიჯი იქნება. თუმცა, ამის გათვალისწინებით, ვფიქრობ ჭკვიანურია ის, რაც სხვა ქვეყნებმა გააკეთეს: ამოწმებენ როგორია ვიზის გაცემის პროცესი; არიან ისინი [ქვეყანაში შესვლის მსურველები] მთავრობის, ან სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი მედია ორგანიზაციების წევრები?

როდესაც საქართველოს ვუყურებ, ის, რაც მაწუხებს, შეუსაბამობაა. რამდენიმე ისტორია მოვისმინეთ, როდესაც რუსეთის ოპოზიციასთან ასოცირებულ ადამიანებს საქართველოში შესვლა გაუჭირდათ. თუმცა, ისინი, ვინც რუსეთის მთავრობის მიერ კონტროლირებად მედიასთან არიან დაკავშირებულნი, [ქვეყანაში] მარტივად შევიდნენ.

ვფიქრობ, ისეთი კონფლიქტის დროს, როგორიც ახლაა [რუსეთ-უკრაინის ომი] საჭიროა დამატებითი შემოწმების პროცედურები. არ ვფიქრობ, რომ ეს ნიშნავს იმ ინდივიდუალური პირების არ შეშვებას, ვინც შესაძლოა, უკრაინელების მიმართ ძალიან კეთილგანწყობილია. ან რუსეთის ოპოზიციის წევრების, რომლებიც ქვეყნის გარეთ იკრიბებიან, რათა გაძლიერდნენ და ქვეყანაში დემოკრატია დაამყარონ. ასე რომ, ვფიქრობ სიფრთხილეა საჭირო“,- აღნიშნავს თორნტონი.

მისივე თქმით, მას ეჩვენება, რომ რუსეთის მოქალაქეებს უფრო რბილად და კომფორტულად ეპყრობიან, ვიდრე ხალხს მოკავშირე ქვეყნებიდან.

„ჩემი საქართველოში ცხოვრებისას უამრავი შემთხვევა იყო, როდესაც საქართველოს მთავრობა არ უშვებდა ხალხს მაშინაც, როდესაც მათ ვიზები ჰქონდათ. მახსოვს, რომ კონფერენციებს ვაწყობდით და ყოველთის, როდესაც ვინმეს მოწვევა მჭირდებოდა ცენტრალური აფრიკიდან, იქნებოდა ეს კენია, უგანდა თუ რუანდა, მათ ავტომატურად უარს ეუბნებოდნენ საზღვარზე.

უნდა ვისაუბროთ საქართველოს სავიზო რეჟიმის პოლიტიკაში არსებულ ქსენოფობიაზე, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ ეს ხდება რუსეთთან მიმართებით. მეტიც, მეჩვენება, რომ მათ უფრო რბილად და კომფორტულად ეპყრობიან, ვიდრე ხალხს მოკავშირე, ან ისეთი ქვეყნებიდან, რომელთაც [საქართველოსთან] კონფლიქტი არ აქვთ. კენიას საქართველო არ აქვს ოკუპირებული, თუმცა მათ მოქალაქეებს საქართველოში ჩასვლისას პრობლემები აქვთ. ვფიქრობ, მოწინააღმდეგეებისთვის უფრო მკაცრი პროცედურები უნდა დააწესონ“,- აღნიშნავს თორნტონი.

გიორგი კაჭარავა - უკრაინაში ომის მეორე წლისთავზე საქართველოსთვის ცხადად ჩანს, რომ ევროკავშირის და ნატო-ს წევრობა უალტერნატივოა ეროვნული უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის
ბავშვთა მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულები და მასთან დაკავშირებული პრობლემები - როგორ ამოვიცნოთ მოძალადე და როგორ უნდა დაეხმაროს მშობელი შვილს მომხდარის გადატანაში? - ფსიქოლოგის რეკომენდაციები
ქართული პრესის მიმოხილვა 22.02.2024
გამორჩეული სიახლე - ახალი HONOR X8b სმარტფონის განხილვა
ჰიუნდაი ავტო საქართველოში შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
ტერაბანკის პარტნიორობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პრე-აქსელერაციის პროგრამა დასრულდა
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოს უნივერსიტეტს ესტუმრა
მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის, Salesforce-ის ოფიციალური წარმომადგენელი და პარტნიორი კომპანია INSPARK, საქართველოში იწყებს ოპერირებას