ირაკლი ქადაგიშვილი - არცერთი არასამთავრობო ორგანიზაცია არ შეგვიზღუდავს და არც ვაპირებთ - „სამართლიანმა არჩევნებმა“ უნდა აირჩიოს: ან არასამთავრობო ორგანიზაციაა ან პოლიტიკური

არცერთი განცხადება არ მოგვისმენია იმასთან დაკავშირებით, რომ რადიკალური ოპოზიცია სამუშაო ჯგუფებში არ ერთვება, ერთი მოწოდების გარდა - როდესაც ევროპარლამენტის დელეგაცია იყო ჩამოსული, ერთხელ თქვეს მათ, ჩაერთეთო,- ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საპარლამენტო სამუშაო ჯგუფებში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებებს.

ქადაგიშვილის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციები ყველა სამუშაო ჯგუფში ფართოდ არიან წარმოდგენილნი, „ისფედმა“ კი უნდა აირჩიოს - „ან არასამთავრობო ორგანიზაციაა, ან პოლიტიკური“.

„რაც შეეხება „ისფედის“ საკითხს, საქმე ეხება იმას, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია უნდა იყოს არასამთავრობო ორგანიზაცია და მისი მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში არ უნდა ხდებოდეს. როდესაც „ისფედი“ სხვადასხვა დროს ქვეყანაში რევოლუციური, პოლიტიკური ქმედებების წახალისებას უწყობდა ხელს თავისი ნაბიჯებით და მასში უშუალო მონაწილეობას იღებდა, ეს არ არის არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობის არეალი. თუ ის თავისი საქმიანობის არეალს დაუბრუნდება და იტყვის, რომ ემიჯნება პოლიტიკურ პროცესს და წარმოდგენილია მხოლოდ და მხოლოდ როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, რაც ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას ეხება, მასზე პერსონალური, რაღაც განსაკუთრებული ძალისხმევის მიტანა არ გვაინტერესებს. გვინდა, რომ არ იყოს არეულობა. ერთი ხელით თითქოს ნეიტრალურ საქმეს აკეთებს და მეორე ხელით ხდება დაწყებული 2020 წლის არჩევნების გაყალბების ცრუ ნარატივის მხარდასაჭერად პარალელური დათვლის არასწორი ციფრების გამოქვეყნება; შემდეგ თქვეს, რომ უბნების 8%-ში იყო ზედმეტობა, რაც არ უარყვეს სანამ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე არ მოუწიათ მასალების წარდგენა; ბოლოს ტექნიკური მთავრობის მოთხოვნით გამართულ პოლიტიკურ ანტიკონსტიტუციურ ქმედებაში მონაწილეობა. ამიტომ ვამბობთ - იყავი სამართლიანი, იყავი შენი საქმის ერთგული და ნუ იქნები პოლიტიკაში რევოლუციური სცენარების გამტარებელი. არცერთი არასამთავრობო ორგანიზაცია არ შეგვიზღუდავს და არც ვაპირებთ არავის შეზღუდვას, ვინც იქნება მოწოდებული რომ იყოს ჩართული დამოუკიდებლად, ნეიტრალურად იმ ინტერესიდან გამომდინარე, რომ პროცესი იყოს ინკლუზიური.

შესაცვლელი ჩვენ არაფერი გვაქვს, თვითონ ამ ორგანიზაციას აქვს თავისი მიდგომა შესაცვლელი. უნდა აირჩიოს - ან არის არასამთავრობო ორგანიზაცია, ან პოლიტიკური ორგანიზაცია“,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობა ყველა დაინტერესებულ მხარეს მოუწოდებს, უზრუნველყოს, რომ ყველა შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაცია მოწვეული იყოს და მიეცეს შესაძლებლობა არსებითი მონაწილეობა მიიღოს ყველა სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში, საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის ჩათვლით.

აშშ-ის საელჩოს განცხადებით კი, „სამართლიანი არჩევნების“ არდაშვება საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას.

საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრაზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებს“ მონაწილეობის უფლება არ მისცეს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო