სომალის უსაფრთხოების ძალების განცხადებით, მათ დედაქალაქ მოგადიშუში, ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-შაბაბის“ მებრძოლების მიერ სასტუმროს 30-საათიანი, სისხლიანი ალყა დაასრულეს.
ალყისას სულ მცირე 20 ადამიანი, ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეები, დაიღუპა, თუმცა ადგილობრივი მედია იუწყება, რომ დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა, გაცილებით მაღალი იყოს. დაშავებულია დაახლოებით 50 ადამიანი.
როგორც დასავლური მედია წერს, პარასკევს ღამითა და შაბათს, უსაფრთხოების ძალების ინტენსიური დაბომბვის შემდეგ სასტუმრო დიდწილად განადგურდა.
ცნობისთვის, პარასკევს, სასტუმრო „ჰაიატში“ შესასვლელად თავდამსხმელებმა ასაფეთქებელი ნივთიერებები გამოიყენეს, რის შემდეგაც ძალადობრივად მასზე დაამყარეს კონტროლი და სტუმრები მძევლად აიყვანეს.