სპეციალური საგამოძიებო სამსახური ინციდენტის ამსახველ კადრებს ასაჯაროებს, რა დროსაც პატიმარმა ესკორტის ოფიცერს ე.წ. კაბურიდან იარაღი ამოაცალა და გაისროლა

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ინციდენტის ამსახველ კადრებს ასაჯაროებს, რა დროსაც პატიმარმა ესკორტის ოფიცერს ე.წ. კაბურიდან იარაღი ამოაცალა და გაისროლა.

როგორც საგამოძიებო სამსახური განცხადებაში აღნიშნავს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე იმისათვის, რომ მომხდარი ფაქტი არ დარჩეს ბუნდოვანი და ყველა კითხვას გაეცეს პასუხი, სამსახურმა ინციდენტის ამსახველი ვიდეო კადრების გასაჯაროების გადაწყვეტილება მიიღო.

„რაც შეეხება ვიდეო ჩანაწერის იმ მონაკვეთს, სადაც ასახულია ახალგაზრდა მამაკაცის მიერ ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანების მიყენების ფაქტი, სამსახური კადრების სიმძიმიდან გამომდინარე მისი საჯაროდ ჩვენებისგან თავს შეიკავებს. ეს ჩანაწერი ბრიფინგის დასრულების შემდეგ წარედგინება მხოლოდ მედიის წარმომადგენლებს”,- განაცხადა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, საგამოძიებო დეპარტამენტის სამმართველოს უფროსმა, ბაჩო კვარაცხელიამ ბრიფინგზე.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დააკავა ესკორტის ოფიცერი, რომელსაც პატიმარმა ე.წ. კაბურიდან ცეცხლსასროლი იარაღი ამოაცალა და თავის არეში ჭრილობა მიიყენა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცერი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დააკავა, რაც გულისხმობს მოხელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.

უწყების ინფორმაციით, 20 აგვისტოს, „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის" მე-3 სართულზე მდებარე დერეფანში, სადაც სამედიცინო ოთახებში განთავსებული იყვნენ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმრები, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს ესკორტის ოფიცერი, სამსახურებრივი - საშტატო იარაღით წინდახედულობის ნორმის დაუცველად გადაადგილდებოდა. გარდა აღნიშნულისა, ხსენებულმა ოფიცერმა პალატიდან დერეფანში გამოსული პატიმარი დატოვა ვიზუალური მეთვალყურეობის გარეშე, რომლისთვისაც უნდა მიეთითებინა, რომ შესულიყო მისი განთავსების სამედიცინო ოთახში და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების ნებართვით დაეტოვებინა განთავსების სივრცე.

ოფიცრის აღნიშნული დაუდევარი მოქმედების შედეგად, პატიმარი მიეპარა მას და შარვლის საქამრეში არსებული იარაღის შესანახი სპეციალური ბუდიდან (ე.წ. კაბურიდან) ამოაცალა სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის გამოყენებითაც განახორციელა სამი გასროლა, მათ შორის ერთ-ერთი გასროლით თავის არეში მიიყენა ცეცხლნასროლი ჭრილობა და ჩავარდა კომატოზურ მდგომარეობაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო