თუ ევროკავშირი არ დათანხმდება საყოველთაო გადაწყვეტილებას ლიეტუვა განიხილავს წინადადებას, რუსებისთვის რეგიონალურ დონეზე ვიზების აკრძალვის შესახებ. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.
„უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვეძებთ ევროპულ გადაწყვეტილებას, რადგან ეს არის იურიდიულად სწორი. თუ ასეთი გადაწყვეტილება არ იქნა, ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ საკითხი რეგიონალურ დონეზე გადავწყვიტოთ, რომელიც მოიცავს ბალტიისპირეთის ქვეყნებს, პოლონეთს და შესაძლოა, ფინეთს“, - განაცხადა მინისტრმა.
მანამდე ლანდსბერგისმა ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა გააუქმონ რუსებისთვის ევროკავშირის ქვეყნების მიერ გაცემული შენგენის გრძელვადიანი ვიზები, სულ მცირე, უკრაინის ომის დასრულებამდე.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 31 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე უკრაინაში ომის ფონზე რუსებისთვის სავიზო შეზღუდვების შესახებ იმსჯელებენ.