იენს სტოლტენბერგი - უკრაინას უნდა დავეხმაროთ, რათა მან ამ ბრძოლაში სუვერენულ, დამოუკიდებელ ქვეყნად გაიმარჯვოს - ძლიერი, სტაბილური და დამოუკიდებელი უკრაინა ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესია

ნატო სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას, მოკავშირეები სრულად უჭერენ მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, უკრაინის თავდაცვის უფლებას, ასევე უფლებას, რომ უკრაინამ თავადვე აირჩიოს მისი გზა, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტზე განაცხადა.
ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ეს უსამართლო ომი ვლადიმერ პუტინმა დაიწყო და მანვე უნდა დაამთავროს.
„ჩვენ ერთგულნი ვართ იმ პირობისა, რომ უკრაინას გრძელვადიანი დახმარება გავუწიოთ. ჩვენ დავეხმარებით უკრაინას ტრანზიციის პროცესში, რათა ქვეყანა საბჭოთა პერიოდის აღჭურვილობიდან ნატო-ს სტანდარტების აღჭურვილობამდე მივიდეს. ჩვენ გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას უსაფრთხოებისა და თავდაცვის რეფორმების სფეროში. ჩვენ ასევე დავეხმარებით უკრაინას ომის შემდგომ რეკონსტრუქციაში.
ზამთარი მოდის და ეს ძნელი იქნება, რასაც ჩვენ ვხედავთ გამოფიტვის მტანჯველი ომია, ეს უკომპრომისო ბრძოლაა, ეს ლოჯისტიკური ბრძოლაა. ჩვენ უკრაინას გრძელვადიან პერიოდში უნდა დავეხმაროთ, რათა მან ამ ბრძოლაში სუვერენულ, დამოუკიდებელ ქვეყნად გაიმარჯვოს. ძლიერი, სტაბილური და დამოუკიდებელი უკრაინა ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესია”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

























