საქართველოში რიგით მეორე ეროვნული აგრარული ოლიმპიადა გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავს აგრარული განათლების და პროფესიების პოპულარიზაციას. ამის შესახებ ინფორმაციას სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ეროვნული აგრარული ოლიმპიადა, ქვეყნის მასშტაბით და რეგიონში, აგრარულ დარგში ცოდნაზე დაფუძნებული ერთადერთი კონკურსია და წელს ოლიმპიადის ერთ-ერთ მხარდამჭერი სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ თავად იყო.
„ალდაგისთვის“ ერთ-ერთი ძირითადი ბიზნეს მიმართულება აგროდაზღვევაა. ჩვენ წლების განმავლობაში ფერმერებისთვის 22 მილიონ ლარამდე გვაქვს ანაზღაურებული და მოხარული ვართ, რომ შეგვიძლია ამ ფორმითაც დავუჭიროთ მხარი ფერმერებს და ზოგადად აგროსექტორის წარმომადგენლებს,“- განაცხადეს „ალდაგში“.
წელს, აგრო-ოლიმპიადა 2022-ში, 964 კონკურსანტი მონაწილეობდა და კატეგორიების შესაბამისად, სხვადასხვა ნომინაციაში, 38 გამარჯვებული გამოვლინდა.
„ალდაგის“ რჩეული ნომინაციის „სპეციალისტის“ კატეგორიაში 6 გამარჯვებულს გადაეცა ფულადი პრიზები 500 ლარის ოდენობით.
აგრო-ოლიმპიადის სამიზნე აუდიტორიას 4 კატეგორია - სპეციალისტი, სტუდენტი, ფერმერი და მოსწავლე წარმოადგენდა, ხოლო საკონკურსო მიმართულებები - აგრონომიას, ვეტერინარიას, ღვინის ტექნოლოგიას, სასურსათო ტექნოლოგიას, მექანიზაციას, სატყეო საქმესა და მოსწავლეებისთვის, გაერთიანებულ საკითხებს (სოფლის მეურნეობა, ბიომრავალფეროვნება, გარემოს დაცვა და ეკოლოგია) მოიცავდა.
ეროვნული აგრარული ოლიმპიადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟით იმართება. ოლიმპიადის ორგანიზატორები არიან გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა (ADC), „სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაცია“ (ADA), USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN)“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.