ცესკო-ს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ლოგიკური არ არის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან საუბარი იმაზე, რომ ცესკოს-ს თავმჯდომარის პოზიციაზე მის კანდიდატურას შესაძლოა, ფართო პოლიტიკური კონსენსუსი არ ჰქონოდა მაშინ, როცა ასევე საუბარი იყო მის “პროფესიონალიზმსა და კვალიფიკაციაზე”.
კალანდარიშვილის თქმით, “პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან გაკეთებული განმარტებიდან იკითხებოდა, რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე, რომ აპელირება კეთდებოდა ფართო კონსენსუსის არარსებობაზე”.
“ამ ინსტიტუტის მხრიდან საუბარი იმაზე, რომ კანდიდატს, შესაძლოა, ფართო პოლიტიკური კონსენსუსი არ ჰქონოდა იმ ფონზე, როდესაც საუბარი იყო ასევე, ჩემს პროფესიონალიზმსა და კვალიფიკაციაზე, რა თქმა უნდა, ლოგიკური არაა, გამომდინარე იქიდან, რომ კონსენსუსის საკითხი წყდება საკანონმდებლო ორგანოში. ბოლო ორი კონკურსის პირობებში მხარდამჭერთა მზარდი დინამიკის ფონზე სწორი იქნებოდა, კვლავ მქონოდა ამის შესაძლებლობა საკანონმდებლო ორგანოში. ეს შესაძლებლობა, სამწუხაროდ, არ მომეცა”,- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
კითხვაზე, მიიღებს თუ არა კონკურსში კვლავ მონაწილეობას იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი პრეზიდენტის მიერ ცესკოს-თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილ არცერთ კანდიდატს მხარს არ დაუჭერს, კალანდარიშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას “პრეზიდენტის მხრიდან შესაბამისი განცხადების შემდეგ და გარემოებების ანალიზის შედეგად მიიღებს”.
“ჯერ კიდევ მიმდინარეობს კონკურსი, საკომიტეტო მოსმენები და სესიაზე კენჭისყრა უნდა გაიმართოს. ბუნებრივია, სანამ კონკრეტული რეზულტატი არ იქნება, სწორი არაა რაიმე შეფასების გაკეთება. მაგრამ თუ კონკურსი იმგვარად დასრულდა, რომ არცერთი კანდიდატი არ იქნება არჩეული, უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, პრეზიდენტის მხრიდან შესაბამის განცხადებას და ამ გარემოებების ანალიზის შედეგად მივიღებ გადაწყვეტილებას”,- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
ცნობისთვის, ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ კანდიდატებს შორის ვერ მოხვდა. პრეზიდენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს ასარჩევად თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები წარედგინა.