ნატა საბანაძე - ჩვენგან ელიან მორალური და პოლიტიკური კომპასის გასწორებას და დიპლომატიური გზებით იმის ჩვენებას, რომ ქვეყნის საგარეო პრიორიტეტები არ შეცვლილა

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ პრობლემებზე „ინტერპრესნიუსი“ ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელსა და ყოფილ ელჩს, ამჟამად აშშ-ში მაუნტ ჰოლიოკის კოლეჯის საირუს ვანსის სახელობის პროფესორს, გიორგი გახარიას მრჩეველს, ნატა საბანაძეს ესაუბრა.

- ქალბატონო ნატა, მმართველმა გუნდმა 12 პუნქტიანი ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად საკანონმდებლო ბაზის შესაქმნელად პარლამენტში სამუშაო ჯგუფები შექმნა, მაგრამ უარი თქვა ოპოზიციასთან ერთად ღია რეჟიმში ემუშავა პარლამენტის რიგგარეშე სესიის ფარგლებში, რომელიც პრეზიდენტმა დანიშნა.

მმართველი გუნდი კი აცხადებს, რომ სურს ევროპული რეკომენდაციების მიღება, მაგრამ უცნაური ისაა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა „ქართულმა ოცნებამ“ მორიგი სესიის შემდეგ რიგგარეშე სესია არ მოიწვია.

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მონაწილეობას იღებს საპარლამენტო კომისიების მუშაობაში. ნაწილმა მასში მონაწილეობაზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც მმართველმა გუნდმა ჩაშალა პრეზიდენტის მიერ დანიშნული რიგგარეშე სესია.

რადგან ხელისუფლება ოპოზიციას და არასამთავრობოებს თითქმის ყოველ დღე აკრიტიკებს საპარლამენტო კომისიებში არმონაწილეობის გამო, ხოლო კრიტიკის ადრესატები დამოუკიდებლად მუშაობენ, რასაც ხელისუფლებამ „პარალელური პროცესი“ უწოდა, სწორი იქნება, თუ ჩვენს საუბარს, 12 პუნქტიან ევროპულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების შეფასებით დავიწყებთ.

როგორ შეაფასებდით იმას, რაც მას შემდეგ ხდება, რაც მმართველმა გუნდმა ჩაშალა პრეზიდენტის ინიციატივით დანიშნული რიგგარეშე სესია, რომელზეც პარლამენტს ევროპული რეკომენდაციების შესამუშავებლად ერთობლივად უნდა ემუშავა?

- ევროკავშირმა გამოაგზავნა 12 პუნქტისგან შემდგარი პირობების ჩამონათვალი, რომელთა შესრულებაც ორ მთავარ მიზანს ემსახურება: პირველი ეს არის, საქართველოში რეფორმების პროცესის დაძვრა და შესაბამისად, კანდიდატის სტატუსის მისაღებად ქვეყნის მომზადება და მეორე, არსებული პოლარიზაციის შემცირება და პოლიტიკური პაექრობის, უფრო ნორმალურ, დემოკრატიულ ყაიდაზე გადაყვანა.

სხვანაირად რომ ვთქვათ, ჩვენგან ითხოვენ მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გაევროპულებას. ამის ნაცვლად მივიღეთ პარადოქსული ვითარება: ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება გახდა კიდევ უფრო ღრმა დაპირისპირებისა და პოლარიზაციის წყარო თუ საბაბი. აქ პასუხისმგებლობა ყველა პოლიტიკურ ძალაზე ნაწილდება, მაგრამ მთავარი მაინც ხელისუფლებაა რადგან რეფორმები მან უნდა განახორციელოს.

ჩვენგან ითხოვენ მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გაევროპულებას. ამის ნაცვლად მივიღეთ პარადოქსული ვითარება: ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება გახდა კიდევ უფრო ღრმა დაპირისპირებისა და პოლარიზაციის წყარო თუ საბაბი. აქ პასუხისმგებლობა ყველა პოლიტიკურ ძალაზე ნაწილდება, მაგრამ მთავარი მაინც ხელისუფლებაა რადგან რეფორმები მან უნდა განახორციელოს

ძალაუფლება ვის ხელშიცაა, მისგან უნდა მოდიოდეს შემოთავაზებები, მან უნდა მოიწვიოს ყველა პროცესში ჩართულობისთვის და არ განსაჯოს ვინ არის ამის ღირსი და ვინ არა. ეს მისი საქმე არაა. მან პირველმა უნდა შეცვალოს ტონი და აჩვენოს მაგალითი. პრეზიდენტის სესიის ბოიკოტი, ამის სრულიად საპირისპირო ქმედება იყო.

ევროკავშირისთვის, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია პროცესი. ხანდახან შედეგზე უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ჯანსაღი პროცესი თანამშრომლობის საწინდარია. საპარლამენტო სესია კარგი შესაძლებლობა იყო, რომლის არ გამოყენება მიუთითებს იმაზე რომ ხელისუფლება არ არის მზად რეალური ჩართულობისა და კომპრომისისთვის.

ამის კიდევ ერთი მაგალითია ის რომ, მმართველი პარტია თავად არჩევს ვინ მიიწვიოს პროცესში მონაწილეობის მისაღებად და ვინ არა. ის განსაზღვრავს ვინ არის რადიკალური ოპოზიცია, ვინ კონსტრუქციული და ვინ მოღალატეობრივი. მსგავსი შეფასებები და წინაპირობების ყოველდღიური წამოყენება, აჩვენებს რომ ჩვენ სასურველ შედეგამდე ვერ მივალთ.

მმართველი პარტია თავად არჩევს ვინ მიიწვიოს პროცესში მონაწილეობის მისაღებად და ვინ არა. ის განსაზღვრავს ვინ არის რადიკალური ოპოზიცია, ვინ კონსტრუქციული და ვინ მოღალატეობრივი. მსგავსი შეფასებები და წინაპირობების ყოველდღიური წამოყენება, აჩვენებს რომ ჩვენ სასურველ შედეგამდე ვერ მივალთ

- მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ „სამართლიან არჩევნებს“ უარი უთხრა ემუშავა იმ კომისიაში, რომელსაც საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებაზე უნდა ეზრუნა, რიგმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც საპარლამენტო კომისიებში მუშაობდნენ, „სამართლიან არჩევნების“ სოლიდარობის ნიშნად დატოვეს კომისიები.

12 პუნქტიანი ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად როგორია თქვენი მოლოდინი - ერთი მხრივ მმართველი გუნდის მონაწილეობით შემუშავებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით, ხოლო მეორე მხრივ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იმავე თემაზე მუშაობის შედეგებთან დაკავშირებით?

- როგორც აღვნიშნე, „ოცნების“ მხრიდან მსგავსი შერჩევითობა მიუღებელია და ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეკომენდაციების არსს და მიზანს. აქ მთავარია კომპრომის სურვილი და მზაობა, რაც არ ჩანს, სამწუხაროდ.

უნდა მოიძებნოს ქვეყანაში თანამშრომლობის რესურსი, თორემ მართლა ისტორიულ შესაძლებლობას ვუშვებთ ხელიდან

ჩემი მოლოდინი იქნებოდა რომ ყველა არსებული წინადადება, ხელისუფლების, ოპოზიციის, მაგალითად პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი პირველი იყო ვინც გეგმა დადო, არასამთავრობოების, ერთად განხილულიყო, შეჯერებულიყო და საერთო გეგმა შემუშავებულიყო. ის ყველასგან საუკეთესოს აიღებდა და ყველასთვის მისაღები იქნებოდა.

ეს არის მარტივი და ლოგიკური მიდგომა, რომელსაც ჩვენგან ელიან და არ მესმის, რატომ ვერ ხერხდება ასე მუშაობა და რატომ ხდება ყველაფერი, ვიწრო-პარტიული კინკლაობის საგანი. საქმე ეხება ქვეყნის მომავალს. საქმე ეხება იმ შანსის გამოყენებას რომელიც დღეს მოგვეცა და რომელსაც ჩვენი ქვეყანა ერთი საუკუნეა ელოდება.

- ფაქტია, რომ ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად მმართველ გუნდსა და ოპოზიციას თანამშრომლობა მოუწევთ. მეტიც, არის თემები, რომელთა მისაღებად საკონსტიტუციო უმრავლესობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები.

გაქვთ განცდა, რომ ის კანონპროექტები, რომლებსაც მმართველი გუნდი და არასამთავრობოები მოამზადებენ, მხარეები საპარლამენტო სესიაზე არა მხოლოდ იმსჯელებენ ერთობლივად, არამედ გადაწყვეტილებებსაც ერთობლივად მიიღებენ?

- ის სულისკვეთება რომელიც ჯერ-ჯერობით ახასიათებს ამ პროცესს და რომელიც უკვე აღვწერეთ არ მიქმნის ამის მოლოდინს. თუმცა, უნდა მოიძებნოს ქვეყანაში თანამშრომლობის რესურსი, თორემ მართლა ისტორიულ შესაძლებლობას ვუშვებთ ხელიდან.

ისეთი პირი უჩანს რომ ხელისუფლება დეოლიგარქიზაციის მოთხოვნის შესრულებას გამოიყენებს ოპონენტებზე ზეწოლის გასაძლიერებლად

- დამკვირვებელთა უმრავლესობა თანხმდება, რომ 12 პუნქტიანი ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად ყველაზე პრობლემატური იქნება დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებული პუნქტი.

ამ თემაზე მმართველი გუნდის განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოში ერთადერთ ოლიგარქად აღიარებული ბიძინა ივანიშვილი კი არ არის ოლიგარქი, არამედ ოლიგარქები არიან მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, კეზერაშვილი და ციხეში მყოფი მიხეილ სააკაშვილი.

დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ თუ არ გატარდა ინსტიტუციური რეფორმები, რომელიც ოლიგარქის გავლენების შესუსტებაზე იქნება მიმართული, ვერ გვექნება მოლოდინი, რომ დეოლიგარქიზაციის პირობა შესრულებულად ჩაგვეთვლება.

თქვენი დაკვირვებით დეოგარქიზაციასთან დაკავშირებულ ევროპულ რეკომენდაციასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, საკითხის გადაწყვეტის როგორ ვერსიას შემოგვთავაზებს მმართველი გუნდი?

- ისეთი პირი უჩანს რომ ხელისუფლება დეოლიგარქიზაციის მოთხოვნის შესრულებას გამოიყენებს ოპონენტებზე ზეწოლის გასაძლიერებლად. მათ უკვე განაცხადეს რომ სამიზნე ოპოზიციასთან აფილირებული პირები გახდებია. ეს თავისთავად ნიშნავს ოპოზიციის პროცესისგან გარიყვას.

დეოლიგარქიზაციაც და დეპოლარიზაციაც დანარჩენ პუნქტებთან შედარებით ზოგადი მოთხოვნებია. თუ სხვა 10 პუნქტი შესრულდა, ფაქტობრივად მივიღებთ დეოლიგარქიზქციას. ამიტომ დღეს ყველა პოლიტიკური ძალა იმ ათი პუნქტის, კონკრეტული რეფორმების შესრულებაზე უნდა დარდობდეს და მუშაობდეს

ისევ პარადოქსულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, მივიღებთ ზუსტად საპირისპირო შედეგს რომელსაც ჩვენგან ევროკავშირი ითხოვს. იმედია ვცდები და ეს ასე არ მოხდება, მაგრამ ასე ჩანს ამ ეტაპზე.

დეოლიგარქიზაციაც და დეპოლარიზაციაც დანარჩენ პუნქტებთან შედარებით ზოგადი მოთხოვნებია. თუ სხვა 10 პუნქტი შესრულდა, ფაქტობრივად მივიღებთ დეოლიგარქიზქციას. ამიტომ დღეს ყველა პოლიტიკური ძალა იმ ათი პუნქტის, კონკრეტული რეფორმების შესრულებაზე უნდა დარდობდეს და მუშაობდეს.

ჩემი მოლოდინია რომ რაღაც ფასადური პროცესი შედგება, მაგრამ მას არსებითი ცვლილება არ მოჰყვება

- დამკვირვებელთა ნაწილი დარწმუნებულია, რომ ევროინტეგრაცია ვერ მოხდება თუ კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგმება მართლმსაჯულების სისტემის, სასამართლოსა და პროკურატურაში რეფორმისთვის.

თუ ამ თემაზე მმართველი გუნდის ლიდერების განცხადებებს მივადევნებთ თვალს, არ რჩება შთაბეჭდილება, რომ სახელისუფლებო გუნდი მოწადინებულია სერიოზული ცვლილებები მოხდეს როგორც მართლმსაჯულების სისტემაში, ისე პროკურატურაში.

თქვენი აზრით ამ საკითხებზე პრობლემის გადაწყვეტის როგორ სავარაუდო ვერსიას შემოგვთავაზებს სახელისუფლებო გუნდი?

- დღეს სახეზე გვაქვს ძალაუფლების კონცენტრაცია ერთი პოლიტიკური ძალის ხელში. შეიძლება ითქვას რომ ძალაუფლების სრული მონოპოლიზაცია მოახდინა სახელისუფლებო გუნდმა და ამის მთავარი ბერკეტი მართლმსაჯულება და სასამართლო სისტემაა.

ჩვენ ბევრი მეგობარი დავკარგეთ ბოლოდროინდელი ხისტი რიტორიკით და ახალი არავინ შეგვიძენია. საქართველოსნაირი ქვეყნისთვის, მეგობრების მხარდაჭერა ყველაზე დიდი პოლიტიკური რესურსია. ჩვენ მას ვფლანგავთ მიზანმიმართულად

იმის მოლოდინი რომ ისინი ამ ბერკეტს ხელიდან გაუშვებენ არ უნდა გვქონდეს, უბრალოდ იმიტომ რომ მაშინ ეს მონოპოლისტური სისტემა თავზე ჩამოექცევათ. ეს იგივეა რომ დღევანდელ ხელისუფლებას მოსთხოვო ხარაკირი გაიკეთოს. ჩემი მოლოდინია რომ რაღაც ფასადური პროცესი შედგება, მაგრამ მას არსებითი ცვლილება არ მოჰყვება.

- იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ ევროკავშირში საქართველოს მისიას ელჩის რანგში ხელმძღვანელობდით და კარგად იცით ევროკავშირის მუშაობის სამზარეულო, საინტერესოა, სავარაუდოდ რას ფიქრობენ და როგორ აღიქვამენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ვერ შეძლო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება?

- ევროკავშირს აქვს ყველა შესაძლებლობა მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. მას ყავს ადგილზე მრავალრიცხოვანი დელეგაცია. გარდა ამისა, წევრი სახელმწიფოების უმეტესობას ჰყავთ აქ თავიანთი საელჩოები. ამიტომ არც ინფორმაციის და არც ანალიზის ნაკლებობას არ განიცდიან.

დღეს რომ ვსაუბრობთ ასეთი ტონით პარტნიორები ერთმანეთთან არ საუბრობენ

ორი წლის წინ, საქართველო მოწინავე ქვეყანა იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის. მე დარწმუნებული ვარ რომ ორი წლის წინ რომ დამდგარიყო ჩვენი კანდიდატობის საკითხი, ის აუცილებლად დადებითად გადაწყდებოდა.

სამწუხაროდ, ქვეყანაში უკუსვლაა დემოკრატიის ხარისხის კუთხით. უკუსვლაა პოლიტიკური კრიტერიუმების დაკმაყოფილების კუთხით და ამის გამო, იმედგაცრუებაც მატულობს ჩვენს პარტნიორებში.

ჩვენ ბევრი მეგობარი დავკარგეთ ბოლოდროინდელი ხისტი რიტორიკით და ახალი არავინ შეგვიძენია. საქართველოსნაირი ქვეყნისთვის, მეგობრების მხარდაჭერა ყველაზე დიდი პოლიტიკური რესურსია. ჩვენ მას ვფლანგავთ მიზანმიმართულად.

- გვერდს ვერ აუვლით ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ საქართველოში ევროკავშირის აწ უკვე ყოფილი ელჩის კარლ ჰარცერისა და აშშ-ს ელჩის კერი დეგნანის კრიტიკის თემას.

მმართველმა გუნდმა ჯერ ბატონო ჰარცერი გააკრიტიკა იმის გამო, რომ თითქოს მან არასაკმარისად იმუშავა იმისათვის, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიეღო, ხოლო შემდეგ თვეზე მეტია აგრძელებს აშშ-ს ელჩის კერი დეგნანის მიმართ ბრალდებების წაყენებას იმაზე, რომ თითქოს იგი ოპოზიციის საქმიანობას უწყობდა ხელს, რომელსაც ქვეყანაში პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარება სურდათ.

აშშ-ს ელჩ დეგნანის მისამართით კრიტიკაში განსაკუთრებული ადგილი უკავიათ „ქართული ოცნებიდან“ წამოსულ ხუნდაძე-სუბარ-ყაველაშვილ-მაჭარაშვილს. თუმცა, მალე ისიც ცხადია გახდა, რომ მმართველი გუნდის ლიდერშიფი სულ უფრო ხშირად ეთანხმება ე.წ. „განდგომილი“ დეპუტატების ანტიდასავლურ და ანტიამერიკულ რიტორიკაში.

სავარაუდოდ, როგორ აღიქვეს ჩვენმა ამერიკელმა და ევროპელმა პარტნიორებმა მათი წარმომადგენლების მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, როგორც მინიმუმ, არადიპლომატიური რიტორიკა?

- საქართველოს მხრიდან ეს არის არამეგობრული ნაბიჯი. ჩვენ რომ არ ვიყოთ ასეთი ახლო პარტნიორები, მაშინ შეიძლება ეს შევაფასოთ როგორც არადიპლომატიური რიტორიკა. ახლო პარტნიორისგან ეს არადიპლომატიურობაზე მეტია და გზავნილის შემცველია რომ ურთიერთობებში ხინჯი ჩამოვარდა. დღეს რომ ვსაუბრობთ ასეთი ტონით პარტნიორები ერთმანეთთან არ საუბრობენ.

უკრაინასთან ჩვენი გაციებული ურთიერთობები პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. მიუღებელია როგორც მორალურად, ასევე პოლიტიკურად კითხვის ნიშნის ქვეშ იდგეს თუ ამ ომში ვის მხარესაა საქართველო. ეს ნატოს თემასაც ეხება და მოკავშირეებს უქმნის განცდას რომ ჩვენ მათიანი აღარ ვართ

დღეს ხელისუფლება და მისი გადამდგარი რუპორები პირდაპირ ამბობენ რომ თანამშრომლობას და მხარდაჭერას აღარ აფასებენ, რომ სხვა პრიორიტეტები აქვთ, რომ არანაირ კრიტიკას არ იღებენ და ყველანაირ ჩავარდნაზე პასუხისმგებლობას სხვას აკისრებენ.

- რამდენიმე დღის წინ ამერიკელმა სენატორმა კიზინგერმა განაცხადა - „რუსეთის, როგორც რეგიონული ძალის დღეები იწურება, საქართველოს კატეგორიულად ვურჩევ შეწყვიტოს ფლირტი რუსეთთან“.

ამერიკელი სენატორის ეს განცხადება აშკარად მოწმობს იმაზე, რომ ახლა როცა უკრაინაში რუსული აგრესიის გამო მსოფლიოში ბევრი რამ მნიშვნელოვნად შეცვლილია, დიდია იმის ალბათობა, რომ უკრაინა-რუსეთის ომის შედეგმა შეცვალოს მსოფლიოში უსაფრთხოების სისტემა, საქართველო რეალურად არ აქვს არც გააზრებული და მიზანზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკა და არც სწორი დიპლომატია ზოგადად და მათ შორის არც სტრატეგიული პარტნიორების მიმართ.

იმის ფონზე, რაც ახლა მსოფლიოში უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ხდება, თქვენი აზრით, ერთი მხრივ როგორ არ უნდა იქცეოდეს საქართველო, ხოლო მეორე მხრივ როგორ უნდა იქცეოდეს, რომ საქართველოსთვის დაჩქარდეს როგორ ევროინტეგრაცია, ისე ატლანტიკური ინტეგრაცია?

- ევროკავშირის მიმართულებით ნათელია რა არის გასაკეთებელი. საქართველო უნდა აკმაყოფილებდეს კოპენჰაგენის კრიტერიუმებს. ეს გულისხმობს რეფორმებს, დემოკრატიზაციას და პოლიტიკური სივრცის გაჯანსაღებას. ამას ევროკავშირის მოთხოვნების გარეშეც უნდა ვაკეთებდეთ. ეს საქართველოს მოქალაქეების ღირსების და პატივისცემის საკითხია. ამისთვის არც ომში ჩართვა არაა საჭირო და არც არაფრის დათმობა, უზურპირებული ძალაუფლების გარდა.

გასაგებია რომ რეფორმები სერიოზულია და ორ დღეში ვერ გატარდება, მაგრამ პროცესის დაწყებას არაფერი უდგას წინ, სურვილისა და პოლიტიკური ნების არსებობის პირობებში.

ასევე აუცილებელია დიპლომატიური გააქტიურება, მოკავშირეებისა და მხარდაჭერების მოძიება. მაგალითად, უკრაინასთან ჩვენი გაციებული ურთიერთობები პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. მიუღებელია როგორც მორალურად, ასევე პოლიტიკურად კითხვის ნიშნის ქვეშ იდგეს თუ ამ ომში ვის მხარესაა საქართველო. ეს ნატოს თემასაც ეხება და მოკავშირეებს უქმნის განცდას რომ ჩვენ მათიანი აღარ ვართ.

მაშინ როდესაც ამდენ ოპერაციაში მივიღეთ მონაწილეობა, ამდენი მსხვერპლი გავიღეთ რომ დაგვემტკიცებინა რომ საქართველო ნატოს ღირსეული წევრი და მოკავშირე იქნებოდა. დღეს ამას ყველაფერს ხაზი გადავუსვით.

ჩვენგან არავინ ითხოვეს საომარ მოქმედებებში ჩართვას და რუსეთთან დაპირისპირებას. ეს აბსურდია. ეს ხომ პირველ რიგში დასავლეთის თავის ტკივილი იქნება. ჩვენგან ელიან მორალური და პოლიტიკური კომპასის გასწორებას და დიპლომატიური გზებით იმის ჩვენებას რომ ქვეყნის საგარეო პრიორიტეტები არ შეცვლილა. ეს არ არის რთული.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო