ნინო დოლიძე -  „ქართულ ოცნებას“ „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით აქვს შერჩევითი და დისკრიმინაციული მიდგომა - აქციებზე სამოქალაქო ორგანიზაციები ყველა ერთად ვიდექით

ევროკავშირი თორმეტივე პუნქტს შეხედავს, მათ შორის სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართულობას და ინკლუზიურ პროცესს - ნამდვილად არ მგონია, საქართველომ კარგი შეფასება მიიღოს, როდესაც სამოქალაქო ორგანიზაცია გამოხატავს ჩართულობის სურვილს, შენ კი კარებს უკეტავ რაღაც მიზეზის გამო, - ამის შესახებ ISFED-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ რადიო „პალიტრის“ გადაცემა „შუადღის სტუდიაში“ განაცხადა.

აღნიშნული განცხადებით დოლიძე „საარჩევნო კოდექსის“ გადასინჯვის თაობაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში “სამართლიანი არჩევნების” მონაწილეობაზე ხელისუფლების მხრიდან უარის თქმას გამოეხმაურა.

„სამართლიან არჩევნებს“ გვინდოდა ყველა პარტიისთვის წარგვედგინა ის რეკომენდაციები და ხედვები, რაც გაგვაჩნია, შემდეგ კი პოლიტიკოსები იმსჯელებდნენ ამ თემებთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ გამოვხატეთ სურვილი ერთი მხრივ, სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე, მეორე მხრივ კი, როდესაც ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა გვთხოვეს შეხვედრა, მათაც რამდენჯერმე შევხვდით. ჩვენი სურვილი იმთავითვე გაცხადებული იყო, რომ გვინდოდა არჩევნებთან დაკავშირებით თუკი რამის გამოსწორება არის შესაძლებელი, ვყოფილიყავით ჩართული - მიუხედავად იმისა, თუ რა მოლოდინი გვქონდა.

შეფასების ნაწილში ევროკავშირი თორმეტივე პუნქტს შეხედავს, მათ შორის ერთ-ერთი იყო სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართულობა და ინკლუზიური პროცესი. ნამდვილად არ მგონია, კარგი შეფასება მიიღოს, როდესაც სამოქალაქო საზოგადოება თუ ორგანიზაცია გამოხატავს იმის სურვილს, რომ იყოს ჩართული და შენ კარებს უკეტავ რაღაც მიზეზის გამო. ამ მიზეზთან დაკავშირებით მე არაერთხელ ვთქვი და განვმეორდები, რომ ეს იყო შერჩევითი და დისკრიმინაციული მიდგომა „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით.

შერჩევითი იმიტომ იყო, რომ იქ სამოქალაქო ორგანიზაციები ყველა ერთად ვიდექით. თავიდან თითქოს ამ აქციებზე იყო საუბარი, შემდეგ კი ნახსენები იყო PVT-ის შეცდომა. ჩემთვისაც ძალიან სამწუხარო იყო ეს შეცდომა, მაგრამ შეცდომაზე მეტად პრობლემა იყო დაგვიანებული კომუნიკაცია. სწორედ ამიტომ გადადგა მაშინდელი აღმასრულებელი დირექტორი. მე როდესაც გადავწყვიტე ამ ორგანიზაციის დირექტორობა, ზუსტად ვიცოდი, რომ ეს [PVT-ის შედეგები] იყო შეცდომა და ამიტომაც გადავწყვიტე ამ ორგანიზაციის დირექტორობა. ჩემს რეპუტაციას არ შევწირავდი რომ მგონებოდა, რომ ეს იყო რაიმე მიზანმიმართული ქმედება „სამართლიანი არჩევნების“ მხრიდან. „ქართულმა ოცნებამაც“ კარგად იცის, რომ ეს იყო შეცდომა, თუმცა მაინც აგრძელებს ამ თემით მანიპულირებას“, - განაცხადა დოლიძემ.

ISFED-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე ისაუბრა ევროკავშირის კანდიდატობაზე საქართველოს მხრიდან წარდგენილ განაცხადსა და ამის შემდეგ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე.

როგორც დოლიძე აღნიშნავს, „სამართლიანი არჩევნები“ ყოველთვის ცდილობდა ხელისუფლებასთან კომუნიკაციას.

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ მაშინაც კი, როდესაც ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის განაცხადი გაკეთდა, სამოქალაქო ორგანიზაციები ვცდილობდით ხელისუფლებასთან კომუნიკაციას, რომ ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც კითხვის ნიშნები ჰქონდათ ჩვენს პარტნიორებს, მოგვეგვარებინა. მახსოვს, რომ არაერთი განცხადება მივუძღვენით იმას, თუ რა უნდა გაეკეთებინა საქართველოს იმისათვის, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით დადებითი პასუხი მიგვეღო. სამოქალაქო ორგანიზაციები მზად ვიყავით, რომ ამ პროცესში ჩავრთულიყავით და მივხმარებოდით, თუმცა მაშინ არანაირი პასუხი და გამოხმაურება ხელისუფლების მხრიდან არ მოგვისმენია. სამწუხაროდ, შემდეგ ვნახეთ ევროპარლამენტის რეზოლუცია, სადაც ნახსენები იყო ის პრობლემები, რომელიც საქართველოს გააჩნია. შემდეგ იყო კომისიის გადაწყვეტილება და საბოლოო ჯამში ვნახეთ, რომ სამწუხაროდ, უკრაინამ და მოლდოვამ მიიღო სხვა პასუხი, საქართველომ კი სხვა პასუხი, შემდეგ კი ამასთან დაკავშირებით საქართველოს გაბრაზებული და იმედგაცრუებული მოქალაქეები და არაერთი დემონსტრაცია, რომელიც მიძღვნილი იყო ევროკავშირის სტატუსთან დაკავშირებით.

ამ აქციებში ჩვენ ვმონაწილეობდით იმ მოტივით, რომ გვინდა საქართველოს ევროინტეგრაცია. ეს აქციები მიძღვნილი იყო არა რომელიმე კონკრეტული პარტიისადმი, ეს იყო ევროკავშირისადმი მიძღვნილი აქციები და მასში მონაწილეობდა ყველა, ვისაც ქვეყნის ევროინტეგრაცია სურს. ამის შემდეგ ხელისუფლებამ გადაწყვიტა სამუშაო ჯგუფების შექმნა, რომელშიც ოპოზიციის ნაწილმა ჩათვალა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ აჩვენა მზაობა და სურვილი იმისა, რომ რაიმეს გააკეთებდა, როდესაც კანდიდატის სტატუსის მოლოდინში ვიყავით, ამიტომ ოპოზიციის ნაწილმა სხვა პროცესი გადაწყვიტა“, - განაცხადა ნინო დოლიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო