ეკონომიკისა და მადგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს ერთიან ევრო გადახდების სივრცეში გაწევრიანებით, როგორც ქართული ბანკები, ასევე საგადახდო კომპანიები ევროპული სივრცის ნაწილი გახდებიან.
მინისტრის განცხადებით, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია იმისთვის, რომ საქართველოში იყოს საფინანსო მომსახურების ჰაბი.
„იცით, რომ პრემიერმა განაცხადა, რომ ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან პრიორიტეტად საქართველო უნდა იყოს საფინანსო მომსახურების ჰაბი. როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს ჰაბის როლზე, აქ სხვადასხვა მომსახურება განიხილება. ეს ერთ დღეში არ მიიღწევა, ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებებია მისაღები, მათ შორის ის პაკეტი, რომელიც დღეს მთავრობამ დაამტკიცა ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, იმისთვის, რომ საქართველოში იყოს საფინანსო მომსახურების ჰაბი.
ჩვენ მზად ვიქნებით იმისთვის, რომ გავაკეთოთ ოფიციალური განაცხადი SEPA-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ეს არის ევროზონის ერთიანი საგადასახადო სისტემა. ასოცირების სხვა ქვეყნებიდან არცერთი ქვეყანა არ არის მზად იმისთვის, რომ იყოს ამ სისტემის წევრი. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ევროპის საგადასახადო საბჭო, რომელსაც უახლოეს ხანებში წარვუდგენთ ამ განაცხადს. ეროვნულ ბანკს ამ პროცესში განსაკუთრებული როლი აქვს. ჯერ ერთი, შემუშავების და შემდეგ აღსრულების პროცესში. გარდა ამ საკანონმდებლო ცვლილებებისა, გასაკეთებელი გვექნება კანონქვემდებარე აქტები, ბრძანებები, რომელიც ეროვნული ბანკის მიერ გამოიცემა.
ეს საკანონმდებლო ცვლილებები ასევე ითვალისწინებს საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით დავების საბჭოს არსებობას, რომელიც ეროვნულ ბანკში შეიქმნება და გაამარტივებს შეცდომების, არასწორი ან განზრახ შეცდომების შემთხვევაში საგადახდო დავების საკითხს. ეს არ იქნება სასამართლო განხილვის საგანი, არამედ ეროვნული ბანკის მიერ მარტივად დარეგულირებადი იქნება. საბოლოოდ, როგორც ქართული ბანკები, ასევე საგადასახადო კომპანიები ხდებიან ევროპული სივრცის ნაწილი. თუ ვსაუბრობთ ევროპულ ინტეგრაციაზე, ევროპული ინტეგრაციის ხელშესახები არის ეკონომიკური სიკეთეები, რომელიც საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებით უნდა მიიღოს. თუ ჩვენ ამ სისტემის ნაწილი ვხვდებით, უკვე ფინანსურ ნაწილში ვიქნებით სისტემის მონაწილე, შესაბამისად, ქართულ ბანკებს არ დასჭირდებათ საკორესპონდეტო ანგარიშების მქონე პარტნიორი ბანკები. ჩვენ ვიქნებით ერთიანი სისტემის ნაწილი, ისევე როგორც შიდა გადარიცხვებია დღეს ქართულ საკანონმდებლო სივრცეში მარტივი, ასევე იქნება ევროზონაში. ფაქტობრივად, ქართული საფინანსო ინსტიტუტები ხდებიან ევროპის საგადასახადო ნაწილი და პირიქით, ქართული ბანკების გამოყენება შესაძლებელი იქნება რეგიონული ბანკების მიერ. ჩვენი მიზანია არამხოლოდ შიდა ბაზარზე ვიფიქროთ, არამედ რეგიონში წამყვანი როლი შევასრულოთ. ეს არის ბევრი ტექნიკური ნიუანსი, რომელიც დაარეგულირებს სხვადასხვა ბანკის მიერ გადახდებისას საკომისიოების საკითხს, რაც გამჭვირვალე უნდა იქნება. მომხმარებლის უფლებები უკეთესად დაცული იქნება",- განაცხადა დავითაშვილმა.