„სამართლიანი არჩევნები“ - სენაკის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი შუალედური არჩევნები უნდა გაუქმდეს და  საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ორგანიზაციის“ განცხადებით, სენაკის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი შუალედური არჩევნები უნდა გაუქმდეს და საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს. “სამართლიანი არჩევნები” საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსების შესაბამისად, უმოკლეს ვადაში გამოსცეს დადგენილება საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ და ასევე მიიღოს გადაწყვეტილება პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღების თაობაზე.

„2022 წლის 12 აგვისტოს, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სენაკის საკრებულოს გამოკლებული წევრის ასარჩევად შუალედური არჩევნები დანიშნა, რადგან მაისის ბოლოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” არჩეულმა მაჟორიტარმა საკრებულო დატოვა. ცესკო-ს განკარგულებით, 1 არჩევნები №64.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სამ საარჩევნო უბანზე უნდა ჩატარდეს.

“სამართლიანი არჩევნები” მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება აცდენილია სენაკის საკრებულოს ირგვლივ არსებულ გამოწვევებს და არ არის მიმართული იქ არსებული სისტემური კრიზისის მოგვარებისკენ. კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს მთავრობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სენაკის საკრებულოში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღების შესახებ, ხოლო პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა სწრაფად უნდა დანიშნონ რიგგარეშე არჩევნები.

2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების შედეგად, სენაკის 33 წევრიან საკრებულოში 16 მანდატი ეკუთვნოდა ,,ქართულ ოცნებას”, 13 -,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, 4 - ,,საქართველოსთვის“. შესაბამისად, სენაკი იყო ერთ-ერთი მუნიციპალიტეტი, სადაც უმრავლესობას ოპოზიცია ფლობდა. ,,სამართლიანი არჩევნების” დაკვირვებით, საკრებულოს უფლებამოსილების ცნობის შემდეგ გამოვლინდა არაერთი პრობლემა. კერძოდ, პარტია “საქართველოსთვის” პროპორციული სიით არჩეული წევრის გასვლის გამო, მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მხარეს თანაბარი 16-16 მანდატი დარჩა. საკრებულოდან გასული წევრის ადგილმონაცვლის უფლებამოსილების დადასტურების შემთხვევაში, რაც საკრებულოს სხდომაზე უნდა მომხდარიყო, უმრავლესობა კვლავ ოპოზიციის მხარეს აღმოჩნდებოდა, რის გამოც, “ქართულმა ოცნებამ” ფაქტობრივი ბოიკოტი გამოაცხადა და უარი თქვა სხდომებში მონაწილეობაზე. მმართველი პარტიის წევრების გარეშე კი, სხდომის გასამართად აუცილებელი კვორუმი ვერ დგებოდა. შედეგად, შეიქმნა კრიზისი და საკრებულო აღმოჩნდა პარალიზებული.

მაისში ძალაში შევიდა საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, საკრებულოს გამოკლებული წევრის უფლებამონაცვლის უფლებამოსილების დადასტურებას საკრებულოს გადაწყვეტილება აღარ სჭირდება, კერძოდ: საარჩევნო კოდექსის 135-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, “პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლე საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება მისი ადგილმონაცვლეობის ცნობის შესახებ შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სათანადო სამართლებრივი აქტის გამოცემიდან მე-14 დღიდან, რაც შესაბამის საკრებულოს ეცნობება”. ამდენად, ოპოზიციას კვლავ გაუჩნდა შანსი, 17 მანდატით უმრავლესობა შეეკრიბა. თუმცა, მაისის მიწურულს, მაჟორიტარმა წევრმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” საკრებულო დატოვა, რასაც პარტია ზეწოლას უკავშირებს და ოპოზიციის მხარეს კვლავ 16 მანდატი დარჩა.

17 დეკემბრის შემდეგ, საკრებულოს 10-მდე სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. სენაკის სასამართლოში მიმდინარეობდა დავა 19-23 თებერვალს, კვორუმის არარსებობის პირობებში, ოპოზიციის მიერ გამართულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შესახებ. 2022 წლის 18 აგვისტოს სასამართლომ უკანონოდ ცნო საკრებულოს მიერ 19-23 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილებები.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 142-ე მუხლის მიხედვით, საკრებულოს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება, თუ ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ შეიკრიბება, რაც პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღების სამართლებრივი საფუძველია. ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა, რის შემდეგაც სახელმწიფო მმართველობა დროებით ხორციელდება მთავრობის მიერ დანიშნული რწმუნებულის, კოლეგიური ორგანოს ან კანონის შესაბამისად განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ. პირდაპირი მმართველობა გარდამავალი პერიოდში ხორციელდება, და გრძელდება ვიდრე, რიგგარეშე არჩევნების შედეგად არჩეული მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილება არ იქნება ცნობილი.

საარჩევნო კოდექსის 1541 მუხლის თანახმად, საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას, ტარდება რიგგარეშე არჩევნები. თუ საკრებულოს უფლებამოსილება 15 იანვრიდან 15 ივნისამდე შეუწყდა, რიგგარეშე არჩევნები ტარდება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო, თუ საკრებულოს უფლებამოსილება 15 ივნისიდან 15 იანვრამდე შეუწყდა − უახლოეს აპრილში. არჩევნები პრეზიდენტის მიერ პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით ინიშნება.

“სამართლიანი არჩევნები” მიიჩნევს, რომ რადგან საკრებულოს ბოლო უფლებამოსილი სხდომის გამართვის თარიღად 17 დეკემბერი სახელდება, შესაბამისად, 17 ივნისს ამოიწურა 6-თვიანი ვადა, რომლის ფარგლებშიც, “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” თანახმად, საკრებულო უნდა შეკრებილიყო და ერთი სხდომა მაინც გაემართა. ამავე კოდექსის თანახმად, 6 თვის განმავლობაში საკრებულოს შეუკრებლობა მისი უფლებამოსილების შეწყვეტის უპირობო საფუძველია. საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები უნდა გაიმართოს 2023 წლის აპრილში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “სამართლიანი არჩევნები” მოუწოდებს:

საქართველოს მთავრობას, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსების შესაბამისად, უმოკლეს ვადაში გამოსცეს დადგენილება საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ და ასევე მიიღოს გადაწყვეტილება პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღების თაობაზე;

საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრთან ერთად იმსჯელოს და დანიშნოს სენაკის საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები;

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ფაქტობრივი და სამართლებრივ საფუძვლების ცვლილების გამო, რაც აზრს უკარგავს ოქტომბერში დანიშნულ შუალედურ არჩევნებს, მიიღოს გადაწყვეტილება მისი გაუქმების შესახებ”, - ნათქვამია ISFED-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა