ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინამ უნდა მოიგოს რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი და შეუძლია ევროკავშირის სრული მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს

უკრაინამ უნდა მოიგოს რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი და შეუძლია ევროკავშირის სრული მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სლოვენიაში ბლედის სტრატეგიული ფორუმის გახსნისას განაცხადა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

ფონ დერ ლაიენის თქმით, ახლა ყველაფერი დამოკიდებული იქნება კავშირის უნარზე, დაიცვას ფუნდამენტური პრინციპები, შეეწინააღმდეგოს აგრესიას და დაეხმაროს მეგობარ ქვეყნებს.

„მესიჯი არ შეიძლება იყოს ამაზე მკაფიო: თუ ჩვენ გვინდა დავიცვათ საბაზისო პრინციპები, როგორიცაა თვითგამორკვევის უფლება, საზღვრების ხელშეუხებლობა, მაშინ პუტინი ვერ მოიგებს ამ ომს და უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. ეს აბსოლუტურად გასაგებია“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მანვე აღნიშნა ევროკავშირის ეკონომიკური ძალისხმევის მობილიზების შესახებაც. ასევე ის, რომ ბრიუსელმა უკრაინას მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება გაუწია - სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 10 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობით, ევროკავშირის ქვეყნების ორმხრივი მხარდაჭერის გარეშე. მისი თქმით, ამჟამად ევროკომისია უკრაინის ფინანსური დახმარების მომდევნო ტრანშზე მუშაობს.

ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა, პირველად თავის ისტორიაში, გამოყო სახსრები მესამე ქვეყნის თავდაცვის საჭიროებებისთვის და ხაზი გაუსვა უკრაინელების გმირულ ძალისხმევას საკუთარი ქვეყნის დასაცავად.

„ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება. ჩვენ ამას ვაკეთებთ უკრაინისთვის, ჩვენი ევროპული ღირებულებების მხარდასაჭერად და ამას ვაკეთებთ იმისათვის, რომ ვაჩვენოთ რუსეთს და მსოფლიოს, რომ საერთაშორისო სამართლის დარღვევა ძვირად დაუჯდება“, -აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისი აზრით, ახალი გამოწვევები ევროკავშირისგან ახალ სტრატეგიულ აზროვნებას მოითხოვს - საუბარია დემოკრატიის დაცვაზე გარე საფრთხეებისგან, ასევე ევროკავშირის ეკონომიკური ძალის გამოყენებაზე მსოფლიო წესრიგის დასაცავად საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, საჭიროა, „დასრულდეს ევროკავშირის დამოკიდებულების ეპოქა ბინძურ რუსულ ენერგომატარებლებზე“. ამ კონტექსტში მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპამ უნდა მოახდინოს ენერგიის მომარაგების წყაროების დივერსიფიკაცია; შეამციროს გაზზე მოთხოვნა და მოემზადოს რუსეთის საწვავის მიწოდების შესამცირებლად. "ეს ასევე დააჩქარებს ევროკავშირის გადასვლას მწვანე ენერგიაზე", - განაცხადა ლაიენმა.

ფონ დერ ლაიენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კრემლის აგრესიას უკრაინა წარსულის ბნელ დროში უნდა დაებრუნებინა და მსოფლიომ დაინახა "უკრაინელების გმირული განწყობა, გააგრძელონ ძალისხმევა ქვეყნის გარდაქმნისა და განვითარებისთვის".

მისი აზრით, ახალ უკრაინას ექნება ძლიერი ინსტიტუტები, ციფრული და უფრო მდგრადი ეკონომიკა.

„ჩვენ თქვენს მხარეს ვართ და გვინდა ამ ნაბიჯებში თქვენი მხარდაჭერა“, - მიმართა ევროკომისიის პრეზიდენტმა უკრაინელებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო