ევროკავშირი ერაყში მიმდინარე არეულობას ეხმაურება და მხარეებს თავშეკავებისა და სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
„ევროკავშირი ყველა მხარეს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება და შეინარჩუნონ სიმშვიდე. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ყველა აქტორმა თავიდან აიცილოს ნებისმიერი ქმედება, რომელმაც შესაძლოა, ძალადობა გამოიწვიოს. ვიმეორებთ, რომ აუცილებელია კანონების მიმართ პატივისცემის გამოჩენა და ინსტიტუტების ერთიანობა დაცვა. ყველა მხარემ უნდა იმუშაოს დაძაბულობის დეესკალაციისთვის და ჩაერთოს პოლიტიკურ დიალოგში კონსტიტუციის ფარგლებში, რაც აზრთა სხვადასხვაობის მოგვარების ერთადერთი საშუალებაა. ევროკავშირის ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას ერაყის უსაფრთხოების, სტაბილურობისა და სუვერენიტეტის მიმართ“, – ნათქვამია განცხადებაში.
ერაყში არსებულ დაძაბულობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმაც.
მისი თქმით, შეშფოთებულია მიმდინარე მოვლენებით და მხარეებს „სიტუაციის დეესკალაციისთვის ნაბიჯების დაუყოვნებლივ გადადგმისკენ მოუწოდებს".
შეგახსენებთ, ერაყის დედაქალაქში უსაფრთხოების ძალებსა და შიიტი სასულიერო პირის, მუქთადა ალ სადრის მომხრეებს შორის შეტაკებების შედეგად სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი - დაშავდა. ქვეყანაში „კომენდანტის საათი“ გამოცხადდა.