სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის შვილის, ნიკა გოგაშვილის განცხადებით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ჩვენებას სავარაუდოდ, ორ საკითხზე მისცემს, საცხოვრებელ სახლში მამამისის დაკავებასა და ციხეში მონახულებაზე.
როგორც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში შესვლამდე ნიკა გოგაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, უწყებაში დღეს მისი მისვლა ფორმალობაა.
„ის, რაც დღეს აქ ხდება, ფორმალობაა, უბრალოდ, ჩვენ ყველა კანონიერ ბერკეტს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენი სიმართლე დავამტკიცოთ. ჩემი აქ მოსვლა ემსახურება მხოლოდ იმას, რომ წერისთვის ფურცლები დაიხარჯება, რასაც თვითონ დაწერენ. საუბარი სავარაუდოდ იქნება ორ ეპიზოდზე, ჩვენს სახლში შემოვარდნაზე და ოჯახის წევრების შაბათ დღეს უკანონოდ ციხეში შეყვანაზე. მინდა, პასუხი გავცე იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს, რომ თურმე უბრალოდ ხარვეზი ყოფილა ის, რომ 7 დღე კამერები გამორთული იყო. ზოგადად, წარმოიდგინეთ, იმ ციხეში რომ ასეთი სიტუაციაა, 7 დღე კამერა რომ გათიშულია, ეს უბრალოდ ხარვეზია და რა ხდება სხვა ციხეებში. შეკითხვა მაქვს, როგორც მამაჩემმა თვითონ თქვა, თუკი კარგად იქცეოდა და ამიტომ შეიყვანეს მასთან ოჯახი ციხეში შაბათ დღეს სანახავად, სხვა პატიმრებმა და მათმა ოჯახებმა რა დააშავეს? ძალიან ბევრი პატიმარია საქართველოში და ბევრი იქცევა კარგად, რომელთა ოჯახებსაც სურთ ნახვა მათივე პატიმრების და რა დააშავეს? თუ ჩვენ გამორჩეულები ვართ, თუ უბრალოდ, აქ სავაჭრო იყო, მუქარები იყო? სხვა მეტი არაფერი. ამიტომ, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, არავის გვეშინია, გარდა ღმერთისა. ამ მახინჯი სისტემის წინააღმდეგ ბრძოლას სტრასბურგში გავაგრძელებთ”, განაცხადა ნიკა გოგაშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ სოსო გოგაშვილმა მუქარებიც მიიღო.
“როცა ციხეში შევედით მამაჩემმა გვითხრა, რომ მუქარები იყო - ოჯახის ამოწყვეტა, შეიძლება ხანძრით ან ავტოავარია ან CO-თი გაგუდვა. ეს მუქარები იყო იმიტომ, რომ გაეჩუმებინათ მამაჩემი. ჩვენ არც სიკვდილის გვეშინია და არც მათი მუქარების, ვინც შეუშინებიათ ისევ ისინი შეაშინონ”, - განაცხადა ნიკა გოგაშვილმა.
ამასთან, როგორც ნიკა გოგაშვილმა განმარტა, მისი გამოკითხვის პარალელურად რუსთავის ციხეში გამომძიებლები გამოკითხავენ სოსო გოგაშვილს. ნიკა გოგაშვილის თქმით, გამომძიებლების შეკითხვა სავარაუდოდ შეეხება ადვოკატ დიმიტრი მჭედლიშვილს, რომლის მიმართაც გოგაშვილების ოჯახს შეკითხვები და უნდობლობა გააჩნიათ. მისი განმარტებით, მამამისმა ოჯახს უთხრა, რომ აღნიშნული ადვოკატი მას შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მიუგზავნა.
“ჩვენ შეკითხვები გაგვიჩნდა თავიდანვე, იმიტომ, რომ მათ მოგვიგზავნეს მოსალაპარაკებლად და შუამავლად, რადგანაც ისინი ციხის ბადრაგებს არ ენდობოდნენ. როგორც იცით, “ციხე ყოველთვის შიგნიდან ტყდება” და იმიტომ რომ თავი დაეზღვიათ, გამოგზავნეს ეს ადამიანი. ხელშეკრულება კი, ფორმალურად დადეს, რადგანაც ის ციხეში თამამად შესულიყო. როგორც მამაჩემმა გვითხრა, ვახტანგ გომელაურმა გამოგზავნა. [ადვოკატის შეგზავნის]მთავარი მიზანი, როგორც მამაჩემმა განცხადებაში თქვა, არის ის, რომ ჩვენება უნდა მიეცა ასეთი, თითქოს ემოციურ ფონზე ისაუბრა ჟურნალისტ აფგან მუხთარლიზე”,- განაცხადა ნიკა გოგაშვილმა.