ლევან იოსელიანი - „ოცნებამ" არ მგონია ომბუდსმენის კანდიდატი წარმოადგინოს - არავის წარმოდგენილ კანდიდატს უპირობოდ არ ვენდობი, ვინმეს მხარდაჭერას მარტივად არ ვაპირებ

„ქართულმა ოცნებამ" არ მგონია ომბუდსმენის კანდიდატი წარმოადგინოს, მის კანდიდატს მხარდაჭერა ვერ ექნება, მაგრამ არასამთავრობო სექტორის კანდიდატი, მათ შორის, ჩვენც უნდა მოგვწონდეს - არავის წარმოდგენილ კანდიდატს უპირობოდ არ ვენდობი,- ამის შესახებ "მოქალაქეების" დეპუტატმა ლევან იოსელიანმა სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით მმართველი გუნდისა და ოპოზიციის ნაწილის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური და უზრუნველყოს მესამე სექტორის, ასევე პოლიტიკური პარტიების ჩართულობა.

„თუ ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულება გვინდა, შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ. ჩემთვის მნიშვნელოვანია არასამთავრობო ორგანიზაციების აზრი, ისინი ვის დაუჭერენ მხარს, თუმცა ამავე დროს ვთვლი, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა შეიძლება თავის თავზე პასუხისმგებლობა აიღონ, რომ საკუთარი კანდიდატურები წარადგინონ. ჩემს პარტიას კანდიდატი არ ჰყავს და სახალხო დამცველის წარდგენის ინტერესი არ გვაქვს.

„ქართულმა ოცნებამ" არ მგონია წარმოადგინოს კანდიდატი, რადგან "ქართული ოცნების" კანდიდატს მხარდაჭერა ვერ ექნება. არასამთავრობო სექტორის კანდიდატი, მათ შორის, ჩვენც უნდა მოგვწონდეს და მხარს უნდა ვუჭერდეთ, რადგან ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ამ ადამიანის სამომავლო საქმიანობაზე. თუ მე უნდა მივაჭირო ღილაკს ხელი და ვიღაცას მხარი უნდა დავუჭირო, ეს ჩემი პასუხისმგებლობაა და არა მისი, ვინც წარმოადგინა. არავის წარმოდგენილ კანდიდატს უპირობოდ არ ვენდობი, მექნება ის პროცედურული განხილვა, საუბარი, მოსმენა, რასაც რეგლამენტი ითვალისწინებს და ასე მივიღებ გადაწყვეტილებას, ვინმეს მხარდაჭერას მარტივად არ ვაპირებ", - განაცხადა იოსელიანმა.

ის ასევე გამოეხმაურა "ლელოს", “სტრატეგია აღმაშენებლისა" და "ნაციონალური მოძრაობის" პოზიციას, რომლებიც მმართველ გუნდთან შეხვედრებს არ ესწრებიან და აღნიშნა, რომ ამით პროცესს აზიანებენ.

„როცა ისინი ამ პროცესში არ მონაწილეობენ, ამით იმ პროცესს აზიანებენ, რაც 12 რეკომენდაციის შესრულებას გულისხმობს. ისინი "ქართულ ოცნებას" არგუმენტს აძლევენ, რომ თუ ეს პროცესი წარუმატებლობით დასრულდება, ეს ყველაფერი ოპოზიციას დაბრალდება. ამას რატომ აკეთებენ, ეს ჩემთვის გაუგებარია. მინდა, სახალხო დამცველი ერთად ავირჩიოთ,"- განაცხადა იოსელიანმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო