რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის გამოკითხვა დასრულდა.
ბრალდებულ ყოფილ მაღალჩინოსანთან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. როგორც გამოკითხვის დასრულების შემდეგ დაკავებულის ადვოკატმა, დიმიტრი ღონღაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გოგაშვილმა გამომძიებლებს „პენიტენციურ დაწესებულებაში მასზე განხორციელებული ზეწოლისა და მუქარის ფაქტზე, ე.წ. ადვოკატის ეპიზოდზე სრულყოფილი ჩვენება მისცა“.
„მან დაადასტურა, რომ მესამე ადვოკატი, რომელიც მასთან ერთხელ იმყოფებოდა ციხეში, მას და მის ოჯახს არ დაუქირავებია, ხელშეკრულება მასთან თავისი ნებით არ გაუფორმებია, ამ ადვოკატის მონაცემები მას პენიტენციურ დაწესებულებაში გადასცა დაწესებულების ხელმძღვანელის მოადგილემ - ბატონმა დავით ხარიტონაშვილმა და უთხრა, რომ ეს გზავნილი მოდიოდა ვახტანგ გომელაურისგან, რომ ეს სწორედ ის ადვოკატი იყო, რომელიც ვახტანგ გომელაურმა უთხრა სოსო გოგაშვილს ერთ-ერთი საუბრის დროს. შემდეგ ეს ინფორმაცია გადავეცით ოჯახს, ოჯახი დაუკავშირდა ჩვენი მეშვეობით ამ ადვოკატს და ასე მოხდა ამ ადვოკატის ჩართულობა. იცით, რომ ეს ადვოკატი იოსებ გოგაშვილთან ერთხელ იყო შესული. როგორც გოგაშვილმა დღეს გამოკითხვაში უჩვენა, მან ადვოკატისგან მიიღო ინფორმაცია, რომ ის პროკურატურიდან მოდიოდა და ის შეეცდებოდა შუამავალი ყოფილიყო პროკურატურასა და იოსებ გოგაშვილს შორის, რათა სამართლებრივად დაელაგებინათ აფგან მუხთარლის საკითხზე ჩვენების დეტალები და ასევე, არჩევნებთან დაკავშირებით თემა. იოსებ გოგაშვილმა ასევე უჩვენა, რომ აფგან მუთხარლისთან დაკავშირებით პროკურატურის გზავნილი იყო, რომ მას უნდა მიეცა ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია აფგან მუხთარლის გატაცებასთან დაკავშირებით, მისი აღელვების ნიადაგზე გაკეთებული განცხადება იყო, რომ რაიმე კონკრეტულ ფაქტებსა და დეტალებს ის არ ფლობდა. რაც შეეხებოდა არჩევნებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომელიც ეყრდნობა იოსებ გოგაშვილის მიერ მიცემულ მტკიცებულებებს, ამასთან დაკავშირებით მას განუცხადეს, რომ ჯერ პროკურატურა ჩამოყალიბებული არ იყო და დეტალურად შემდეგ მიაწვდიდნენ ინფორმაციას“, - განაცხადა ღონღაძემ.