უკრაინაში რუსეთის ომით გამოწვეულმა ენერგეტიკულმა კრიზისმა შესაძლოა, ყველაზე უარეს შემთხვევაში, გამოიწვიოს ის, რომ საფრანგეთში ოჯახებს ზამთარში ელექტროენერგია მოძრავი გრაფიკით, ორი საათით გაეთიშოთ, - ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ელიზაბეტ ბორნმა განაცხადა.
მისი განმარტებით, ეს საკითხი ნაწილობრივ გამოწვეულია ომის შედეგებით, მაგრამ ასევე საფრანგეთის ატომური რეაქტორების დაახლოებით ნახევრის ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით დაგეგმილი გათიშვის გამო.
„ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ნაკლებ ელექტროენერგიას ვაწარმოებთ და შეიძლება იყოს მომენტები, რომ ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა შეგვექმნას. ასეთ შემთხვევაში გავთიშავთ ელექტროენერგიას ადგილ-ადგილ არა უმეტეს ორი საათის განმავლობაში”, - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, გუშინ, რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანიამ „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ ფინანსური დავის გამო ფრანგულ კომპანია Engie-ს გაზის მიწოდებას შეუჩერებს. Engie-ში კი განმარტავენ, რომ მათ უკვე უზრუნველყვეს საკმარისი გაზის მარაგი მომხმარებლების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.