პაატა ზაქარეიშვილი - არასამთავრობო სექტორმა და ოპოზიციამ „ქართული ოცნების“ თამაშის წესებს ბოიკოტი არ უნდა გამოუცხადოს და შეეცადოს ამ მღვრიე წყალში დაიჭიროს სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი თევზი

არასამთავრობო სექტორმა და ოპოზიციამ ბოიკოტი არ უნდა გამოუცხადოს „ქართული ოცნების“ თამაშის წესებს და შეეცადოს ამ მღვრიე წყალში დაიჭიროს სახელმწიფოსთვის და არა „ოცნებისთვის“ მნიშვნელოვანი თევზი, - ასე აფასებს ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას, რომელიც სახალხო დამცველის კანდიდატურას არ წარადგენს და წარდგენის საკითხს მთლიანად ოპოზიციურ სუბიექტებს და სამოქალაქო სექტორს მიანდობს.

როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, „ქართული ოცნების“ სატელიტი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, თუ ოპოზიციური პარტიები შეეცდებიან სახალხო დამცველის არჩევის პროცესი რუტინაში გადაიტანონ და „ან გავიდეს, ვინც აწყობს „ქართულ ოცნებას“, ან ვერავინ გავიდეს და ჭაობში ჩაეფლოს მთლიანად პროცესი“.

„ქართული ოცნება“ სულ პოლიტიკურ თამაშებს და მანიპულაციებს ეწევა, ის ფორმა, რომლითაც მმართველი გუნდი ებრძვის არსებულ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას, მეტყველებს, რომ მათთვის დამოუკიდებელი სახალხო დამცველი მიუღებელი და აუტანელიც კი არის. ამიტომ ამაში უფრო ვხედავ პოლიტიკურ მანიპულაციას, ვიდრე გულწრფელ სურვილს. მათ რომ უნდოდეთ დამოუკიდებელი სახალხო დამცველი ლომჯარიას მიმართ უფრო კორექტული დამოკიდებულება ექნებოდათ. მაგრამ თუ „ქართული ოცნება“ არ არის დარწმუნებული ოპოზიციაში, რომ ვიღაცები მის თამაშს ითამაშებენ, საკმაოდ სერიოზული შანსი უჩნდება არასამთავრობო სექტორს და ოპოზიციას, რომ ამ თამაშში ჩაერთონ და სიტუაცია წაიყვანონ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და მართლაც მოახერხონ ღირსეული კანდიდატის შერჩევა. „ქართული ოცნება“ ხშირად აგებს და მისი თამაშები ძალიან სასაცილოა, ამიტომ იმედია, რომ აქაც ჩაუვარდებათ კოვზი ნაცარში და შანსი მიეცემა სამოქალაქო ღირებულებებს, რომ წარმატებას მიაღწიოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომ, ბოიკოტი არ უნდა გამოუცხადონ ამ თამაშის წესებს და შეეცადონ ამ მღვრიე წყალში დაიჭირონ სახელმწიფოსთვის და არა „ქართული ოცნებისთვის“ მნიშვნელოვანი თევზი.

მათ აქვთ იმედი, რომ მათი სატელიტი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და ოპოზიციური პარტიები არ მისცემენ ჯანსაღ ოპოზიციას და სამოქალაქო სექტორს, რომ მათ კანდიდატი გავიდეს. შეეცდებიან რუტინაში გადაიტანონ საქმე - ან გავიდეს, ვინც აწყობს „ქართულ ოცნებას“, ან ვერავინ გავიდეს და ჭაობში ჩაეფლოს ყველაფერი ეს, ამ ფონზე კი თქვას „არაფრის გამკეთებლები ესენი არ არიან, ამიტომ ჩვენ ჩავერთვებით ჩვენი პრინციპულობითო“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის კანდიდატურას არ წარადგენს. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ომბუდსმენის წარდგენის საკითხს მთლიანად მიანდობენ ოპოზიციურ სუბიექტებს და სამოქალაქო სექტორს, გარდა იმ ერთადერთი შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს პროცესის ხელოვნურ დაბლოკვას, საბოტაჟს ოპოზიციური სუბიექტების მხრიდან კანდიდატების შეგნებულად არ წარდგენის გზით.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო