რატი ბრეგაძე მოსამართლე ნინო ბაქაქურის ევროპულ ინსტიტუტებში წევრობის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის მიზეზებს განმარტავს

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მოსამართლე ნინო ბაქაქურის ევროპულ ინსტიტუტებში წევრობის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის მიზეზებს განმარტავს.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ ბრეგაძემ განაცხადა, საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოდან წარგზავნილი კანდიდატების არჩევის წესი შეიცვალა, რის გამოც, პროცესი ბევრად უფრო დემოკრატიული გახდა.

ამასთან, ბრეგაძემ აღნიშნა, რომ კონკრეტულად ნინო ბაქაქურს იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა არ მიუღია, ამიტომ საუბარი ამ კონკურსის სამართლიანობასა თუ უსამართლობაზე, სპეკულაციაა.

„იუსტიციის სამინისტრო პასუხისმგებელია კანდიდატების წარგზავნაზე ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში და ჯგუფებში, როლებიც მუშაობენ ადამიანის უფლებების და მათ შორის, სამართლებრივ საკითხებზე. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კანდიდატების მსგავსი წარგზავნა განხორციელებულიყო ბევრად უფრო ტრანსფარენტული წესით. როდესაც ნინო ბაქაქური იყო წარგზავნილი, მაშინ არ არსებობდა არავითარი წესი და იუსტიციის მინისტრი, მხოლოდ ერთი ადამიანი ასახელებდა კანდიდატს. ჩვენ შემოვიღეთ ახალი წესი, რომლის თანახმადაც ვატარებთ ღია კონკურსს, სადაც განაცხადის შემოტანა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელიც მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა. გამოცხადდა კონკურსი, 10 დღის განმავლობაში წარმოებდა საბუთების მიღება და შემდგომ ჩატარდა კონკურსი. გადაწყვეტილებას კონკურსზე არ იღებს მხოლოდ იუსტიციის სამინისტრო, არამედ, აქ იყო მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს წარმომადგენელი, ანუ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კანდიდატის არჩევის წესი გახდა ბევრად უფრო დემოკრატიული და ტრანსფარენტული. როგორც მოგახსენეთ, იუსტიციის სამინისტრო არის პასუხისმგებელი კანდიდატების წარგზავნაზე და ჩვენი მოტივაციაა, რომ რაც შეიძლება ღია და ტრანსფარენტული კონკურსი ჩატარდეს. აქამდე ადამიანი ფაქტობრივად ინიშნებოდა, ახლა ხდება მისი არჩევა. აქამდე გადაწყვეტილებას იღებდა კანდიდატზე ერთი ადამიანი, ახლა გადაწყვეტილებას იღებს სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებისგან შექმნილი კომისია - არის თუ არა ეს უფრო დემოკრატიული? - ეს კითხვა რიტორიკულია, რადგან ეს არის ბევრად უფრო დემოკრატიული პროცესი. რაც შეეხება კონკრეტულად ქალბატონ ბაქაქურს, მას ჰქონდა სრული უფლება, რომ შემოეტანა კონკურსზე საბუთები და მას ეს არ გაუკეთებია. შესაბამისად, თუკი ადამიანი კონკურსში მონაწილეობას არ მიიღებს, რა უფლება აქვს მას ისაუბროს ამ კონკურსის სამართლიანობასა თუ უსამართლობაზე? ამ ადამიანს კონკურსში მონაწილეობა არ მიუღია, აქედან გამომდინარე, გთხოვთ ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ამ საკითხზე სპეკულაცია“, - განაცხადა ბრეგაძემ.

ცნობისთვის, დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი ხელისუფლებას მოუწოდებს, მოსამართლე ნინო ბაქაქურს ევროპულ ინსტიტუტებში წევრობის უფლებამოსილება ვადაზე ადრე არ შეუწყვიტოს. დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის განცხადებით, ბოლო დროს, სასამართლოში გაბატონებული კლანი და მოქმედი ხელისუფლება უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნინო ბაქაქურის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას აწარმოებენ. მათივე ცნობით, დისკრედიტაციის კამპანიაში ასევე ჩართული არიან „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატები, პროსახელისუფლებო მედია და ექსპერტები. მოსამართლის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანია იუსტიციის სამინისტროს მიერ ევროპულ ინსტიტუტებში ნინო ბაქაქურის ახალი წევრით ვადაზე ადრე ჩანაცვლებისთვის კონკურსების გამოცხადებას მოჰყვა.

მოსამართლე ნინო ბაქაქური სამოსამართლო უფლებამოსილებას უზენაეს სასამართლოში 2014 წლიდან ახორციელებს. ის არის ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის (CEPEJ) მმართველი ორგანოს - ბიუროს წევრი და ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) წევრი 2024 წლამდე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო