ვლადიმერ პუტინი მიხეილ გორბაჩოვის დაკრძალვას „სამუშაო გრაფიკის გამო“ არ დაესწრება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შაბათს, საბჭოთა კავშირის ბოლო ლიდერის, მიხეილ გორბაჩოვის დაკრძალვას „სამუშაო გრაფიკის გამო“ არ დაესწრება. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, ცერემონიას სახელმწიფო დაკრძალვის ელემენტები ექნება, მათ შორის წარმოდგენილი იქნება საპატიო ყარაული.
როგორც პესკოვმა დასძინა, პუტინი დღეს დილით მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდა, სადაც გორბაჩოვი სამშაბათს გარდაიცვალა. რუსეთის ლიდერმა გორბაჩოვს პატივი მიაგო.
„სამწუხაროდ, პრეზიდენტის სამუშაო გრაფიკი მას არ მისცემს 3 სექტემბერს, დაკრძალვაზე დასწრების საშუალებას, ამიტომ მან ამის გაკეთება დღეს გადაწყვიტა", - აღნიშნა პესკოვმა.
მიხეილ გორბაჩოვი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.

























