ირაკლი ზარქუა - პინგ-პონგი საელჩოსა და „ქართული ოცნებიდან“ გასულ ოთხეულს შორის აშშ-სთან ჩვენს ურთიერთობებს ვერაფერს დააკლებს - ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მათი განცხადებები არ არის სწორი

პინგ-პონგი საელჩოსა და ამ ოთხეულს შორის ამერიკასთან ჩვენს პარტნიორულ ურთიერთობებს ვერაფერს დააკლებს - უმრავლესობის არცერთ წარმომადგენელს, არც პრემიერს არასდროს უთქვამს, რომ აშშ-ს უნდა ომი საქართველოში,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ პრემიერ-მინისტრის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, განცხადებები, რომ საქართველოში მეორე ფრონტი უნდა გახსნილიყო, უკრაინიდან ისმოდა, ხოლო რაც შეეხება „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატების მხრიდან აშშ-ზე ამ კონტექსტში საუბარს, ზარქუა აცხადებს, რომ ამაზე მათ უნდა ჰკითხონ.

„ოთხეულის პოზიცია მათი პოზიციაა, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ აშშ, ისევე როგორც დასავლეთის ქვეყნები, ყველანი არიან ჩვენი პარტნიორები, რომლებიც მშვიდობისთვის და ჩვენი განვითარებისთვის არაერთ პროექტში იღებენ მონაწილეობას. გარკვეული განსხვავებული მოსაზრებები რომ აქვთ მათ შორის, ე.წ. ოთხეულს, ამაში საგანგაშოს ვერ ვხედავ. აქ თემა არის ის, რომ კითხვები იყო და პასუხი გაეცა, ეს პინგ-პონგი საელჩოსა და ამ ოთხეულს შორის ამერიკასთან ჩვენს პარტნიორულ ურთიერთობებს ვერაფერს დააკლებს.

უმრავლესობის არც ერთ წარმომადგენელს, არც პრემიერს არასდროს უთქვამს, რომ აშშ- ს უნდა ომი საქართველოში. ოთხეულის განცხადებას რაც შეეხება, მიმართეთ და მათ დაუსვით ეს კითხვა. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს არ არის სწორი. ჩვენ ვამბობდით, რომ არიან ჯგუფები, ვინც ომის პროპაგანდას ეწევიან ქვეყნის შიგნით და გარეთ, მათ შორის „ენჯეოები“. ჩვენ ახლა არ გვაქვს კინკლაობის დრო, ჩვენი მთავარი პარტნიორია აშშ, რომელიც არაერთი პროგრამის მონაწილეა, საქართველოს სუვერენიტეტის მხარდამჭერია და ამ ურთიერთობებს უნდა გავუფრთხილდეთ“, - განაცხადა ზარქუამ.

თენგიზ ფხალაძე - ტრამპის პრეზიდენტობა მრავალ გამოწვევასთან და ცვლილებასთან იქნება დაკავშირებული, მათ შორის ჩვენს რეგიონში
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2025
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს