დიმიტრი შველიძე - საქართველოს ხელისუფლების ფრთხილი, მომლოდინე პოლიტიკა არ შეიცვლება არც გაერო-ს გენერალურ ასამბლეამდე და არც შემდგომში, ვიდრე უკრაინის ომი არ დამთავრდება

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ თსუ-ს პროფესორს, დიმიტრი შველიძეს ესაუბრა.

- ბატონო დიმიტრი, რამდენიმე დღეში პარლამენტში საშემოდგომო სესია გაიხსნება და პარლამენტარები დაიწყებენ ევროპულ 12-პუნქტიან რეკომენდაციებზე მუშაობას და ცხადია, პოლიტიკური ცხოვრება ახალ დინამიკას შეიძენს.

მანამდე ვნახეთ, რომ ევროპულ რეკომენდაციებზე ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთობლივად მუშაობა ვერ შეძლეს, ოპოზიციის ნაწილმა მათზე დამოუკიდებლად იმუშავა.

ფაქტია, რომ უკრაინის ომის ფონზე ევროპულ რეკომენდაციებზე მუშაობა-არმუშაობის ვითარებაში, ბოლო თვეებში უცნაურადაც კი განვითარდა საშინაო პოლიტიკაში პროცესები. მხედველობაში მაქვს ხელისუფლებისა და მასთან აფილირებული დეპუტატების ანტიდასავლური რიტორიკა და ურთიერთობისთვის შერჩეული აშკარად არადიპლომატიური ტონი. ხელისუფლების მიერ მუდმივად იმაზე საუბარი, რომ - „ჩვენ ომში ვერ ჩაგვითრევენ“.

ასე იყო 2 სექტემბრამდე, ვიდრე ამ თემაზე ჯერ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ხოლო შემდეგ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა არ გააკეთეს საკმაოდ მნიშვნელოვანი და მკაფიო განცხადებები. ჩვენ ამ განცხადებებს, აუცილებლად შევეხებით.

მანამდე კითხვას ასე დავსვამ - 1 სექტემბერს პრეზიდენტისა და პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადებების გაკეთებამდე როგორ შეაფასებდით საშინაო პოლიტიკაში განვითარებულ პროცესებს მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო და სავარაუდოდ, როგორ ხვდება ახალ „პოლიტიკურ სეზონს“ ქართული პოლიტიკური კლასი?

- ძველებურად - ანუ ახალი არაფერი ხდება. ჩვენს პოლიტიკურ კლასში კონკურენტული ურთიერთობის სამსაფეხურიანი სქემა დამკვიდრდა: 1. ხდომილება, 2. უარყოფა, 3 უარყოფის უარყოფა.

განვმარტოთ. მაგალითისათვის ავიღოთ ბორჯომის ხანძრები, რომელიც არის ხდომილება ანუ ფაქტი, როგორც სქემის პირველი საფეხური. მეორე საფეხურია - ოპოზიციის მწვავე რეაქცია, რომ ხელისუფლება ვერაფრით ვერ აღუდგა სტიქიას თუ დივერსიას და ხანძარი კვირებით გაგრძელდა.

ესაა მეორე საფეხური ანუ ხელისუფლების უარყოფა, ამ კონკრეტულ კომპონენტში. მესამე საფეხურია - მაღალჩინოსანთა განცხადებები, რომ ხელისუფლებამ და შესაბამისმა სამსახურებმა უნარიანად იმუშავეს და წარმატებით გაუმკლავდნენ ხანძარს ანუ ამით ხელისუფლების მიერ მოხდა ოპოზიციის მიერ უარყოფის უარყოფა. ამით ამოიწურა მორიგი შეტაკება პოლიტიკური კლასის შიგნით, ოპოზიციასა და პოზიციას შორის. ცხოვრება კი გაგრძელდა ჩვეული სქემის სტილში.

მეორე მაგალითი, ახლა უკვე ოპოზიციის მხრიდან. შედგა რომელიღაც საპროტესტო აქცია, რომელზეც ხელისუფლება დაადანაშაულეს - ეს ხდომილებაა, ფაქტია. ახლა უკვე ხელისუფლებამ მოახდინა ბრალდების უარყოფა და ამას მოჰყვა - ოპოზიციის მხრიდან - უარყოფის უარყოფა. აი ამ სქემაში ვტრიალებთ და ამ მხრივ ახალი არაფერი მომხდარა პოლიტიკურ კლასში.

თუ ერთიანობაში განვიხილავთ, როგორც თქვენ იკითხეთ - „პოლიტიკურ კლასს“, მაშინ ერთი სიტყვით შეიძლება ვუპასუხოთ - ის დაბნეულია. მას არცერთ პრობლემაზე არა აქვს გარკვეული და პრობლემის გადასაწყვეტი პასუხი. არ არსებობს მოვლენა ან მიმდინარე პროცესი, რომ პოლიტიკურ სპექტრს თანხმობა გააჩნდეს ან საერთო პოზიცია ჰქონდეს.

პოლიტიკური კლასი დაბნეულია. მას არცერთ პრობლემაზე არა აქვს გარკვეული და პრობლემის გადასაწყვეტი პასუხი. არ არსებობს მოვლენა ან მიმდინარე პროცესი, რომ პოლიტიკურ სპექტრს თანხმობა გააჩნდეს ან საერთო პოზიცია ჰქონდეს

ყველა პარტიას, პოზიციასაც და ოპოზიციასაც, ყველაფერზე რაც კი ხდება ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ, აქვთ საკუთარი პასუხები, რომლებიც არცერთ კომპონენტში არ ემთხვევა ერთმანეთს.

ბუნებრივია, რომ პოლიტიკური სპექტრის დაბნეულობა, დაჩიხულობა და კონფრონტაციული ფონი - საზოგადოებაზეც ვრცელდება. ისიც დეზორიენტირებულია, ისიც დაეჭვებულია. ის რაც მისთვის გუშინ ასე თუ ისე ცხადი და ნათელი იყო, ახლა ბუნდოვანებით შეიცვალა.

ავიღოთ თუნდაც ისეთი პოზიცია, რაც ცოტა ხნის წინ საზოგადოებაში არავითარ ეჭვს არ იწვევდა დასავლეთის იდეა, პროდასავლური ორიენტაცია. ხშირად იმეორებენ, რომ საქართველოს მოსახლეობის 70-80 პროცენტი მხარს უყოყმანოდ უჭერს დასავლურ ორიენტაციას. უკანასკნელ პერიოდში ვფიქრობ, რომ ეს მოცემულობაც შეიცვალა უარესობისკენ. დასავლეთის იდეა საგრძნობლად დასუსტდა, რაც ძალიან სამწუხაროსთან ერთად საგანგაშოა.

ცოტა ხნის წინ საზოგადოებაში არავითარ ეჭვს არ იწვევდა დასავლეთის იდეა, პროდასავლური ორიენტაცია. ხშირად იმეორებენ, რომ საქართველოს მოსახლეობის 70-80 პროცენტი მხარს უყოყმანოდ უჭერს დასავლურ ორიენტაციას. უკანასკნელ პერიოდში ვფიქრობ, რომ ეს მოცემულობაც შეიცვალა უარესობისკენ. დასავლეთის იდეა საგრძნობლად დასუსტდა, რაც ძალიან სამწუხაროსთან ერთად საგანგაშოა

კიდეც კარგი რომ ის რასაც მე მოგახსენებთ - მხოლოდ ჩემი პირადი დაკვირვება და აზრია და არ ეყრდნობა რაიმე სტატისტიკას, რეიტინგებს ან გამოკითხვებს. კარგი იქნება რომ ვცდებოდე.

- დამკვირვებელთა ნაწილი იმედს არ კარგავს, რომ მმართველი გუნდი 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების გრაფიკს მალე წარმოადგენს, მაგრამ ექნება მას ფორმალური თუ არსებითი სახე, თავად ეს გეგმა აჩვენებს.

უკვე ვიცით, რომ საარჩევნო კანონმდებლობასთან და ცესკოს დაკომპლექტების, პროკურატურაში გასატარებელ რეფორმასთან, ომბუდსმენის შერჩევასთან, ინსტიტუციურ და ხელისუფლების შტოებს შორის ურთიერთობებისა და ურთიერთკონტროლის, დეოლიგარქიზაციასთან და დეპოლარიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე მოსმენებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის შენიშვნებზე მმართველი გუნდის პოზიციები იმგვარია, რომ ბევრს არა აქვს მოლოდინი იმისა, რომ საქართველო წლის ბოლომდე შეძლებს ევროკავშირის

არადა, მათი შესრულების გარეშე რომ საქართველოს ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, ევროკავშირმა უკვე გვითხრა.

რადგან უკვე ვიცით, რომ პარლამენტი მუშაობას 6 სექტემბერს დაიწყებს, აქტუალურია კითხვა, რა კორექტივებს შეიტანს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები აშშ-სთან, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან დაკავშირებით იმავე 12-პუნქტიანი ევროპული რეკომენდაციების შესრულებაში.

გაქვთ განცდა, რომ პარლამენტი ევროპულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით კონკრეტული შედეგის დადებაში მმართველი გუნდი მნიშვნელოვან და პოზიტიურ როლს ითამაშებს?

- ევროპული რეკომენდაციების 12 პუნქტიდან, რამდენიმე ისეთია, რომ „ოცნების“ ხელისუფლებისათვის ეგზისტენციალურ საკითხებად შეიძლება ჩაითვალოს, ხოლო ზოგიერთი კი - პრაქტიკულად შეუძლებელი ჩანს, დღევანდელი გადასახედიდან.

მაგალითად, პირველი პუნქტი - პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის მოგვარება პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით, 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების შესაბამისად. ამაზე არც ოპოზიცია მიდის და არც ხელისუფლება და არსებობს სივრცე, რომ დაუსრულებლად დასდონ ბრალი ერთმანეთს. ეს პუნქტი არ შესრულდება.

პრობლემატურია მეხუთე პუნქტი - დეოლიგარქიზაციის შესახებ, თუ მასში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი იგულისხმება. ეს მიუღებელი იქნება ამ ხელისუფლებისათვის.

ჩვენ არ ვიცით აგრეთვე, რა იგულისხმება კონკრეტულად მეცხრე მუხლში, რომელიც ე. წ. „გენდერული თანასწორობის გაძლიერებას“ ეხება. გასათვალისწინებელია რომ ამ მუხლთან დაკავშირებით თვით ჩვენი საზოგადოების დიდი უმრავლესობაა კრიტიკულად განწყობილი.

ჩვენებური არასამთავრობოები მეტისმეტ თავისუფლებებს ითხოვენ, თითქოს საქართველო, ჰოლანდია-ბელგიის საზღვარზე მდებარეობდეს. ჩვენი საზოგადოება ტრადიციულ-კონსერვატიულია და მისთვის მიუღებელია ბევრი ისეთი რამ რაც შესაძლოა ამერიკელებისთვის ან ჰოლანდიელებისთვის მისაღები იყოს.

ნუ დავკარგავთ ზომიერების ზღვარს და ეს ჩვენც უნდა ვიცოდეთ და ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმაც. სასამართლო რეფორმაც პრობლემატურია და დაე მასზე იურისტებმა ისაუბრონ. ერთი სიტყვით, ხელისუფლება 12 პუნქტიდან რამდენიმე პუნქტის შემსრულებელი არაა და გარკვეული დათქმებით კოსმეტიკურ ცვლილებებს განახორციელებს.

ხელისუფლება 12 პუნქტიდან რამდენიმე პუნქტის შემსრულებელი არაა და გარკვეული დათქმებით კოსმეტიკურ ცვლილებებს განახორციელებს

მიუხედავად ყველაფრისა, პირადად მე ვფიქრობ, რომ დასავლეთი ამ „დათქმებს“ შეურიგდება. პროცესის დასასრულს, როცა გადაწყვეტილების ჟამი მოახლოვდება, თვით დასავლეთი დადგება არჩევანის წინაშე - მიიღოს თუ არა „ოცნების“ ხელისუფლების მიერ „შესრულებული“ 12 პუნქტი, საკმარისად იმისათვის, რომ გასცეს კანდიდატის საკარისკაცო სტატუსი. პირადად მგონია, რომ ევროკავშირი ამას ბოლოს და ბოლოს გააკეთებს იმისათვის რომ საქართველო, როგორც ქვეყანა შეინარჩუნოს.

ამ შემთხვევაში, ჩვენი პროგნოზი უფრო სურვილსა და იმედს გამოხატავს, რაც ილუზია შეიძლება აღმოჩნდეს. სრული ობიექტურობის შემთხვევაში, ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის გარეშე აღმოვჩნდებით და ამას არავითარი დათქმები და პატრიოტული ქადილი ვერ უშველის, რომ თითქოს ჩვენი სუვერენიტეტი საფრთხეშია დასავლეთის მხრიდან და რომ ჩვენს ქვეყანას რომელიღაც ქვეყნის საელჩო განაგებს და ა. შ.

ასეთ ზღაპრებს ხშირად შეხვდებით ფბ-ში. ერთადერთი საფრთხე, რომელიც შეიძლება რომ ემუქრებოდეს ქართულ სახელმწიფოს ჩრდილოეთიდან მომდინარეობს.

სრული ობიექტურობის შემთხვევაში, ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის გარეშე აღმოვჩნდებით... ერთადერთი საფრთხე, რომელიც შეიძლება რომ ემუქრებოდეს ქართულ სახელმწიფოს ჩრდილოეთიდან მომდინარეობს

- უკვე ვახსენე, რომ პრეზიდენტმა და პრემიერმა 1 სექტემბერს მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთეს.

პრეზიდენტმა პრემიერს, მთავრობას, უმრავლესობას მოსთხოვა გაემიჯნოს მმართველი გუნდიდან გამოყოფილ კვარტეტს, რომელთა განცხადებები აშკარად ანტიამერიკული და ანტიდასავლური იყო.

პრემიერმა პრეზიდენტის განცხადებიდან სულ ცოტა ხანში თქვა, პრეზიდენტის გამოსვლისთვის არ მისმენიაო, მაგრამ - „ჩვენ პატივს ვცემთ აშშ-ს ელჩს, ჩვენი ყოფილი თანაგუნდელების კრიტიკაც მოვისმინე და პოლემიკაც, მიმაჩნია, რომ პოლემიკის შემდგომი განვრცობა, მისი გაღრმავება და გადაჭარბება არ შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში“.

ხუნდაძე-სუბარ-ყაველაშვილ-მაჭავარიანის გააქტიურების, საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობის ზრდისა და საქართველოში დასაფუძნებლად ჩამოსულ რუსეთის მოქალაქეებისა და რუსეთიდან ფულადი გზავნილების ზრდის ფონზე ქვეყანაში რომ პრორუსული განწყობები გაიზარდა, საკამათო არავისთვისაა.

ეს იმიტომ გავიხსენე, რომ პრემიერს 2 სექტემბრის მსგავსი განცხადების გაკეთება 10 დღის წინაც შეეძლო და 20 წლის წინაც. მაგრამ, ფაქტია, რომ 20 დღის წინ მმართველი გუნდი შვეიცარიული ბანკისგან „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ივანიშვილს იცავდა და შიგადაშიგ ხუნდაძე-სუბარ-ყაველაშვილ-მაჭავარიანის რიტორიკასაც ეთანხმებოდა.

ფაქტია, რომ რაღაც მოხდა. დამკვირვებელთა ნაწილმა ჩათვალა, რომ თუ გარკვეულ თემებზე ივანიშვილს აშშ-სთან პრობლემები ჰქონდა, ახლა პრობლემები, როგორც ჩანს, ნაწილობრივ მაინც ამოწურულია.

რას შეიძლება ნიშნავდეს პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადება, რომელიც ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ საუბრისას ხშირად ივანიშვილსაც იცავდა? და რას შეიძლება ნიშნავდეს პრემიერ ღარიბაშვილის აშკარად დაგვიანებული „ფერისცვალება“?

- უკანასკნელ ხანებში განდგომილ „ოთხეულს“ სერიოზული „მისია“ ჰქონდა დაკისრებული. ალბათ ყველასათვის ცხადია რომ აშშ-ისა და დასავლეთის სიმპათია ქართული პოლიტიკური ძალებიდან, ძირითადად „ნაცმოძრაობის“ მხარეზე იყო და არის გადახრილი.

ხელისუფლებამ გადაწყვიტა რომ დასავლეთთან ვითარება გაემწვავებინა ისე, რომ თვითონ „არ ჩარეულიყო“ პროცესში. ხელისუფლებამ თავისი სათქმელ-სადარდებელი ოთხეულს გამოათქმევინა. მიზანი ის იყო რომ ხელისუფლება ცდილობს, „ნაცმოძრაობა“ ჩაანაცვლოს და თავისი თავი შესთავაზოს დასავლეთს. მისი მიზანია, დასავლეთმა უარი თქვას „ნაცმოძრაობაზე“ და „ოცნების“ ხელისუფლებისადმი ლოიალურად განეწყოს.

ხელისუფლებამ თავისი სათქმელ-სადარდებელი ოთხეულს გამოათქმევინა. მიზანი ის იყო რომ ხელისუფლება ცდილობს, „ნაცმოძრაობა“ ჩაანაცვლოს და თავისი თავი შესთავაზოს დასავლეთს. მისი მიზანია, დასავლეთმა უარი თქვას „ნაცმოძრაობაზე“ და „ოცნების“ ხელისუფლებისადმი ლოიალურად განეწყოს

ამგვარმა „თამაშმა“ აშშ-დასავლეთთან ურთიერთობა მაინც გააუარესა და სანამ ის საშიშ ზღვარს მიაღწევდა, ახლა უკვე პრემიერ-მინისტრმა გააკეთა 1 სექტემბერს განცხადება, რომ აშშ საქართველოს უპირველესი მოკავშირეა, ოთხეულის მიერ კრიტიკა გადაჭარბებულია და ა. შ.

სრულიად შესაძლებელია, რომ მხარეებმა რაღაც გარკვეულ კომპრომისებს მიაღწიეს კიდეც, მაგრამ რაც არ ვიცით, იმის მტკიცებას ვერ დავიწყებთ. უფრო მგონია, ამგვარი სცენარით თამაშები გრძელდება.

სრულიად შესაძლებელია მხარეებმა რაღაც გარკვეულ კომპრომისებს მიაღწიეს კიდეც, მაგრამ რაც არ ვიცით, იმის მტკიცებას ვერ დავიწყებთ. უფრო მგონია, ამგვარი სცენარით თამაშები გრძელდება

საგარეო პოლიტიკა სრული დისტანცირების რეჟიმშია გადასული და იქნებ ეს გამართლებულიც იყოს... მაგრამ აქაც საფრთხეები და გამოწვევებია. „ურდო“ რომელიც მშვიდობიანად შემოვიდა ქვეყანაში რუსეთისადმი დათმობის შედეგია

- სულაც არაა გამორიცხული, რომ საგარეო პოლიტიკის საკითხებში ივანიშვილის შეხედულებებზე იმანაც იქონია გავლენა, რაც ახლა უკრაინაში, ანაც, სულ ცოტა ხნის წინ ჩვენს სამეზობლოში მოხდა.

გასაგებია, რომ უკრაინაში ომი, სამწუხაროდ, კარგა ხანს გაგრძელდება, მაგრამ მხედველობაში მაქვს აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის კორიდორის დაკავება და მასზე კონტროლის დაწესება. საუბარია იმ კორიდორზე, რომლითაც სომხეთი მთიან ყარაბაღს უკავშირდებოდა, და რომელსაც რუსი სამშვიდობოები იცავდნენ.

როგორც ჩანს, სოჭში პუტინ-ერდოღანის შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ იმაზე, რომ ანკარა მოსკოვს საშუალებას მისცემდა ბოსფორის სრუტეში გაეტარებინა სირიიდან წამოსული რუსული სამხედრო ტექნიკა, მათ შორის ს-300-ი, სანაცვლოდ კი ბაქოს ლაჩინზე სრული კონტროლის საშუალება მიეცემოდა.

სხვათა შორის, მას შემდეგ რაც პრემიერის რანგში ივანიშვილს ჰქონდა პირველი ვიზიტი ერევანში, ხოლო შემდეგ ბაქოში, ბევრი დრო კი გავიდა, მაგრამ როგორც ჩანს, ახლა ბატონ ივანიშვილსაც არ სჯერა მის მიერ ერევანში ვიზიტისას ნათქვამი, რომ ერევანს საუკეთესო საგარეო პოლიტიკა ჰქონდა. იგულისხმებოდა რუსეთთან პარტნიორული ურთიერთობა.

ფაქტია, რომ ჯერ ყარაბაღის ბოლო ომის დროს, ხოლო შემდეგ სულ ახლახან კრემლმა სტრატეგიული პარტნიორი სომხეთი ისე გაწირა, რომ ბაქო სრულად ამოწურულად აცხადებს ყარაბაღის პრობლემას.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ პრემიერის ბოლო განცხადებები საგარეო პოლიტიკის საკითხებში ივანიშვილის ხედვებში სერიოზულ კორექტივების შედეგი იყო?

- რაზეც აქამდე ვსაუბრობდით წმინდა წყლის შიდა პარტიულ-პოლიტიკური ბრძოლებისა და კინკლაობის საკითხებია. საქართველო სწორედ ამ შიდაფრაქციულ-პარტიულ ბრძოლებშია ჩაძირული. ხელისუფლებას თითქოს „არ სცალია“ გარე პოლიტიკისათვის.

რაიმე გაგიგიათ რომ ვინმე ისეთი, ვისაც ქვეყნის ბედი აბარია, გამოეხმაურა ან პუტინ-ერდოღანის შეხვედრას ან ლაჩინის ეპიზოდს ან რაიმე სხვა გეოპოლიტიკურ პროცესებს? არა მგონია, ჩვენს სამეზობლოში რამე მომხდარის გამო, ვინმე პოლიტიკურ ცვლილებებს აანონსებდეს ან რამე ნაბიჯის გადადგმას აპირებდეს საგარეო ან საერთაშორისო მოვლენების დონეზე ან მის შესახებ. ამ მხრივ, ყველაფერი თვითდინებაზეა. პირიქით, საგარეო პოლიტიკა სრული დისტანცირების რეჟიმშია გადასული და იქნებ ეს გამართლებულიც იყოს.

უკრაინის ომმა ბევრი რამ შეცვალა, მაგრამ ჩვენმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა რომ ამ ომისაგან დისტანცირდეს ძნელია მისი დადანაშაულება ამ კომპონენტში. 30 წელია, სადაც რამე მოხდა და დაინგრა, ყველგან ჩვენ შევუშვირეთ პირველებმა თავი. ახლა სხვანაირად ვცადოთ - სანამ ვინმე რეალური გარანტი არ აღმოგვაჩნდება, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას საიმედოდ დაიცავს, მანამდე მკვეთრ ნაბიჯებს ვერიდოთ.

ამგვარი პოლიტიკა დღესდღეობით ის ერთადერთია, რაშიც ხელისუფლებას ვამართლებ. მადლობა ღმერთს რომ ამ შემთხვევაში ქვეყნისა, ხალხისა და ხელისუფლების ინტერესი ერთმანეთს ემთხვევა. მაგრამ აქაც საფრთხეები და გამოწვევებია. „ურდო“ რომელიც მშვიდობიანად შემოვიდა ქვეყანაში რუსეთისადმი დათმობის შედეგია.

ერთი ეპიზოდი გავიხსენოთ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიიდან. 1918 წლის 22 ივნისის გაზეთი „საქართველო“ იუწყებოდა, რომ „სასურსათო მაღაზიის დაწვის გამო დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს შტაბის კაპიტანი გიორგი ოზოლი, პუგალევიჩი, კირევიჩი და სხვა. ამ პირებმა ცეცხლის გაჩენის და მთავრობის წარმომადგენელთა მისვლის დროს რაიონის სხვადასხვა ადგილას უწესრიგო სროლა ატეხეს, რათა ადმინისტრაციისათვის გზა აებნიათ და ცეცხლის გაჩენის ნამდვილი მიზეზი დაემალათ“.

მაშინდელი გაზეთები სავსე იყო რუსეთიდან წამოსულ-ჩამოსული ათასგვარი ჯურის ადამიანთა მასების მოზღვავებით. ეს ყველაფერი რით დამთავრდა ყველას კარგად მოეხსენება.

ვინ უნდა იცოდეს ჩვენზე კარგად, რომ რუსეთისადმი დათმობასა და მის ხელში ჩავარდნას შორის თითქმის არაა განსხვავება. ამ პროცესის მონიტორინგი საზოგადოებაზეა დამოკიდებული სწორედ მან უნდა ადევნოს ფხიზლად თვალი, რომ ნებისმიერ ხელისუფლებას არ შეეშალოს და საბედისწერო ნაბიჯი არ გადადგას.

ერთადერთი საიმედო, რაც ამ 30 წელიწადში გაკეთდა საქართველოს პროდასავლური არჩევანია. ეს არჩევანი ჩვენი ქვეყნისა და მომავალი თაობებისათვისაა გამიზნული და მისი დაცვისა და განხორციელებისათვის თუ საზოგადოებამ არ იზრუნა და იბრძოლა, ასეთ საზოგადოებას არ ექნება მომავალი.

- თუ დავუშვებთ, რომ ასეა, ამან რა გავლენა შეიძლება იქონიოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე?

შეიძლება გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ 3 კვირის შემდეგ დაგეგმილ გაერო- გენერალური ასამბლეაზე, რომელშიც პრემიერი მიიღებს მონაწილეობას, იგი უკრაინის ომთან დაკავშირებით და ასევე იმაზე, რომელ მხარესაა საქართველო, ოფიციალური თბილისის მიმართ არსებულ ეჭვებს გაფანტავს?

- საფიქრებელია, რომ საქართველოს ხელისუფლების ფრთხილი, მომლოდინე პოლიტიკა არ შეიცვლება არც გაერო-ს გენერალურ ასამბლეამდე და არც შემდგომში, სანამ უკრაინის ომი არ დამთავრდება.

ამ ომის დასრულებაზეა დამოკიდებული არა მარტო ჩვენი ქვეყნის არამედ სხვა უფრო ფართო მასშტაბის მქონე ქვეყნების მომავალი. ასამბლეაზე ჩვეულებრივი განცხადებები გაკეთდება საქართველოს პროდასავლური არჩევანის შეუქცევადობის შესახებ და ამით დამთავრდება საქმე. სხვათა შორის, იქაც ომის სათავისოდ დამთავრებას ელოდებიან.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს