განათლების სამინისტრო ე.წ. რუსული სკოლის გახსნაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ის ავტორიზებული არ არის და საქმიანობის წარმოების უფლება არ აქვს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოში ე.წ. რუსული სკოლის School Club Georgia გახსნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ School Club Georgia ავტორიზებული არ არის და მას საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის წარმოების უფლება არ აქვს.

ამის შესახებ უწყებამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საკითხის შესწავლის მიზნით უკვე მიმართა შესაბამის უწყებას.

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმიანება ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოში ე.წ. რუსული სკოლის School Club Georgia გახსნის შესახებ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ School Club Georgia არ არის ავტორიზებული და, შესაბამისად, მას არ აქვს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის წარმოების უფლება.

როგორც მოგეხსენებათ, საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვებისთვის დაწესებულებამ უნდა გაიაროს ავტორიზაცია, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა. ავტორიზაციის გავლა სავალდებულოა როგორც საჯარო, ასევე კერძო სუბიექტისთვის.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობა, კერძოდ, ავტორიზაციას დაქვემდებარებული საგანმანათლებლო საქმიანობის შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე განხორციელება ან/და ამგვარი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება ან/და ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აღმნიშვნელი სახელის შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე გამოყენება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საკითხის შესწავლის მიზნით უკვე მიმართა შესაბამის უწყებას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად