თბილისის საერთაშორისო კონფერენციის „დიდება უკრაინას!" მონაწილეები, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისში ჩავიდნენ.
ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარედ, სოფელი ოძისში იმყოფებიან: ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი და ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გლობალური პოლიტიკის დირექტორი, დევიდ კრამერი; ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა; აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი და სხვები.
კონფერენციის მონაწილეები ოძისში საოკუპაციო ხაზთან არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ.
ცნობისთვის, ხვალიდან თბილისში 2 -დღიანი საერთაშორისო კონფერენცია „დიდება უკრაინას!” იწყება. მაკკეინის ინსტიტუტის საერთაშორისო ლიდერებისთვის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი თბილისის მე-6 საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებენ.
კონფერენცია მიზნად ისახავს საქართველოს მსოფლიო და ტრანსატლანტიკურ დღის წესრიგში პრიორიტეტული ადგილის შენარჩუნებას, დემოკრატიული პროგრესის და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელშეწყობას.
წელს, კონფერენციის თემაა - „დიდება უკრაინას!” კონფერენციაზე იმსჯელებენ ომის შედეგად შექმნილ ახალ პოლიტიკურ და უსაფრთხოების რეალობაზე, თანამედროვე დემოკრატიის წინაშე მდგარ საფრთხეებზე, ევროპული უსაფრთხოების მომავალზე და ა.შ.
კონფერენციაში ევროპისა და აშშ-ს უმაღლესი დონის ლიდერები მონაწილეობენ. სტუმრებს შორის არიან: ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი და ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გლობალური პოლიტიკის დირექტორი, დევიდ კრამერი; ამერიკელი დიპლომატი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში, კურტ ვოლკერი; ამერიკის არმიის ყოფილი მთავარსარდალი ევროპაში, თადარიგის გენერალ-ლეიტენანტი, ბენ ჰოჯესი; ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ; ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა; ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი; ლიეტუვის სეიმის წევრი ჟიგიმანტას პავილიონისი და სხვები, ასევე ექსპერტები და მკვლევარები.