ნათია მეზვრიშვილი - ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც გვადანაშაულებს, რომ „ოცნების“ მაშველი რგოლი ვართ, ხელისუფლების მაშველ რგოლად თავად იქცა

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კომიტეტებში სამუშაო დონეზე ერთიანობას მივაღწიოთ, ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც ავუხსნათ და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის კომპრომისი ვაიძულოთ, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პარტიამ "საქართველოსთვის" 12 პუნქტის შესრულების ხედვა ჯერ კიდევ 17 ივნისს წარმოადგინეს და ერთობლივი მუშაობა შესთავაზეს, თუმცა როგორც ხელისუფლებამ, ასევე ოპოზიციამ ერთობლივ მუშაობაზე სურვილი არ გამოხატა.

„სამწუხაროა, რომ არცერთმა გამოხატა სურვილი, საქართველოს ევროპული მომავლისთვის ერთად გვემუშავა, რაც ადასტურებს, რომ პოლარიზაცია ორივეს ინტერესშია და მისი გადალახვით არცერთია დაინტერესებული.

მიუხედავად ამისა, ქვეყნისთვის ევროპული პერსპექტივის შესანარჩუნებლად ორივე ფორმატში ვიმუშავეთ და კომიტეტებში მუშაობას გავაგრძელებთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კომიტეტებში სამუშაო დონეზე ერთიანობას მივაღწიოთ, ერთსაც და მეორესაც ავუხსნათ და ვაიძულოთ კომპრომისი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.

სამწუხაროდ, ხელისუფლება ამ დრომდე არ დგამს არსებით ნაბიჯებს 12 პუნქტის რეალურად შესასრულებლად. მისი სტრატეგია მიზნად არ ისახავს ერთი ადამიანის ხელში უკანონოდ კონსოლიდირებული ძალაუფლების დემონტაჟს და ქვეყნისთვის ევროპული პერსპექტივის შენარჩუნებას“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ სტრატეგიის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით შემოთავაზებული ცვლილებები, რომელიც 12 პუნქტის შესრულებისთვის თავის ასარიდებლად, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის და მოტყუების მცდელობაა.

მეზვრიშვილი აღნიშნავს, რომ ეს ცვლილება ოპოზიციის ცალკეული ნაწილის მხრიდან, პირადი ინტერესით ვაჭრობის საგანი გახდა.

„ოცნებამ“ შესანიშნავად იცის, რომ ცალკე აღებული ეს ნაკლოვანი წესი შედეგს ვერ მოიტანს, დეოლიგარქიზაციისკენ მიმართული სხვა ცვლილებების - სუს-ის და სასამართლოს დეპოლიტიზირების, კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის და სხვა ცვლილებების გარეშე. სამწუხაროდ, „ოცნების“ ეს ცვლილება, ოპოზიციის ცალკეული ნაწილის მხრიდან, პირადი ინტერესით ვაჭრობის საგანი გახდა. ოპოზიციის ნაწილი, რომელიც გვადანაშაულებს იმაში, რომ „ოცნების“ მაშველი რგოლი ვართ, 12 პუნქტის რეალური შესრულებისთვის ბრძოლის გამო, ხელისუფლების მაშველ რგოლად თავად იქცა, დაიწყო რა პარლამენტში ადგილებისთვის ვაჭრობა", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მეზვრიშვილი აღნიშნავს, რომ პარტია „საქართველოსთვის“ვაჭრობა მსგავს საკითხებზე მიუღებელია, რომლებსაც კრიტიკული მნიშვნელობა აქვს დეოლიგარქიზაციისა და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.

მისი თქმით, ერთიან ფორმატში კომიტეტებში მუშაობა უნდა გაგრძელდეს. ამასთან, ორივე მხარემ სტრატეგია უნდა შეცვალოს და პირად ინტერესზე მაღლა ქვეყნის ევროპული მომავლის ინტერესი დააყენოს.

„პარტია „საქართველოსთვის“ მიუღებელია ვაჭრობა მსგავს და სხვა საკითხებზე, რომლებსაც კრიტიკული მნიშვნელობა აქვს დეოლიგარქიზაციისა და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.

შესაბამისად, მიზნის მისაღწევად კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია:

  • კომიტეტებში მუშაობა გაგრძელდეს ერთიან ფორმატში;
  • ორივე მხარემ შეცვალოს სტრატეგია და პირად ინტერესზე მაღლა დააყენოს ქვეყნის ევროპული მომავლის ინტერესი - ხელისუფლებამ შეწყვიტოს მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა და მოტყუება და ოპოზიციამ - პირადი ინტერესებით საკუთარი ამომრჩევლის მოტყუება.

პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო კომიტეტებში 12 პუნქტის რეალურად შესასრულებლად მუშაობას აქტიურად გააგრძელებს. ამავდროულად, მხარს დავუჭერთ ოპოზიციის მიერ ინიცირებულ იმ ინიციატივებს, რაც რეალურ ცვლილებამდე და ევროპულ მომავლამდე მიგვიყვანს", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო