ნიკა მელია - უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები - „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ნაბიჯი ამ მიზნის მისაღწევად იქნება მიმართული

შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ნაბიჯი, მოქმედება, აქტივობა ამ მიზნის მისაღწევად იქნება მიმართული, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მისაღწევად მრავალფეროვანი პოლიტიკური აქტივობები და სხვადასხვა სახისა და ფორმის საპროტესტო ღონისძიებები განხორციელდება. ამასთან, გაიმართება მოსახლეობასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიურ რეჟიმში კომუნიკაცია.

„30 წლის წინ საქართველომ დიდი ბრძოლის შედეგად იმპერიულ წიაღს თავი დააღწია და ევროპისკენ სვლა განაგრძო. ეს სვლა ხან იყო უფრო სწრაფი, ხან იყო უფრო ნელი, მაგრამ სვლა არასოდეს შეჩერებულა, არასოდეს შეჩერებულა დღევანდელ დღემდე და ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც ევროპულ პერსპექტივებთან ყველაზე ახლოს ვართ, ჩვენ როგორც საქართველოს მოქალაქეები და სახელმწიფო - საქართველო. ჩვენი ბედის უკუღმართობით, ამ ისტორიულ მომენტში ქვეყნის მართვის სადავეებთან არის „რუსული ოცნება“, რომელიც ევროპულ ფასეულობებს ეწინააღმდეგება და საქართველოს უკან, იმპერიულ წიაღში მიათრევს. არადა ხალხის ნება არის ევროპა. ამ გზაზე პირველი და გადამწყვეტი ნაბიჯია, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი მიიღოს. ოლიგარქის „ოცნება“ კი სრულიად საპირისპიროს აკეთებს. ის ხალხს დაუპირისპირდა და ასეთი ხელისუფლება ძალიან მალე უნდა შეიცვალოს. დასაკარგი დრო ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს. ეს უნიკალური შესაძლებლობების ფანჯარა შეიძლება ძალიან მალე დაიხუროს და ამაში დამნაშავე ვიქნებით ჩვენ ყველანი, თითოეული ჩვენგანი. სწორედ ამიტომ, შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. ჩვენი, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ნაბიჯი, მოქმედება, აქტივობა იქნება მიმართული ამ მიზნის მისაღწევად, ამ ისტორიული ამოცანის შესასრულებლად. ჩვენი სტრატეგიული გეგმა არის შემდეგი:

1. მრავალფეროვანი პოლიტიკური აქტივობები და სხვადასხვა სახის და ფორმის საპროტესტო ღონისძიებები ვადამდელი არჩევნების მისაღწევად.

2. უწყვეტი ურთიერთობა ჩვენს მოქალაქეებთან. ვესაუბრებით ყველგან ქალაქებსა და სოფლებში, ქუჩებსა და სკვერებში ევროპული არჩევანის დაცვისა და ვადამდელი არჩევნების აუცილებლობაზე. მოქალაქეებს წარვუდგენთ ხედვებს, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას უახლოეს თვეებში ევროკავშირის კანდიდატობის მისაღებად. როგორ ქვეყანას ავაშენებთ ცვლილებების შემდეგ. მდიდარი სახელმწიფო, წარმატებული ადამიანები, სადაც გამორიცხული იქნება, ძალაუფლება ერთი ჯგუფის ხელში აღმოჩნდეს. თავდადებით და შემართებით უნდა გავაჩინოთ გამარჯვების რწმენა, გავაძლიეროთ ნდობა და გავააქტიუროთ სულ უფრო და უფრო მეტი მოქალაქე.

3. უცხოელ პარტნიორებთან ინტენსიური კომუნიკაცია და აშკარაა, რომ ჩვენი მეგობრები საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ, რომ „რუსული ოცნების“ პირობებში საქართველომ დასავლელ გზას გადაუხვია და საბოლოოდ რუსული ორიენტირი აირჩია. ვაღიაროთ, მათი მხრიდან ასეთი განწყობა არ იყო არც 2020 არც 2021 წლებში.

საზოგადოებრივი ჩართულობითა და საერთაშორისო ზეწოლის გენერირებით, პოლიტიკური აქტივობების და პროტესტის მზარდი ინტენსივობით, ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ, ვადამდელი არჩევნები ჩაინიშნოს. განსხვავებით წინა წლებისგან, დღეს არსებობს ყველა წინაპირობა, რომ ბრძოლა გამარჯვებით დასრულდეს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

მირიან მირიანაშვილი - თუ დასავლეთმა სალომე ზურაბიშვილის პროექტი არ დაქოქა, პრობლემები ხელისუფლებას შეიძლება დაეწყოს არა არჩევნებამდე, არამედ არჩევნების შემდეგ
ოჯახური ძალადობა, სამუშაო ადგილებზე სექსუალური ხასიათის არასასურველი ქცევა, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება და ბავშვთა უფლებების დარღვევა - რა შინაარსის ზარები ხორციელდება სახალხო დამცველის „ცხელ ხაზზე“
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი ამოქმედდა - რა სიახლეები შემოდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში?
ქართული პრესის მიმოხილვა 29.02.2024
„ფარმადეპოში“ გაზაფხულის ფასდაკლებები დაიწყო
კახა ოქრიაშვილი - აზარაშვილის გადაყენება არასაკმარისია - არამხოლოდ მე, არამედ მთელი ჯანდაცვა ვითხოვთ მისი დანაშაულებრივი ქმედებების სიღრმისეულ გამოძიებას!