ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ თავმჯდომარის განცხადებით, ბოლო პერიოდში ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი ძალიან გაიზარდა და მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით დროული რეაგირება მოხდეს

ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში გაერო-ს ექსპერტის, ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ თავმჯდომარის, გელა კვაშილავას განცხადებით, ბოლო პერიოდში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რიცხვი ძალიან გაიზარდა და მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით დროული რეაგირება მოხდეს.

მისი თქმით, აუცილებელია სიჩქარის ეფექტური კონტროლი და ამ მიმართულებით ჯარიმების გაზრდასთან ერთად, თანამედროვე ტექნოლოგიების, კამერების გამოყენება აქტიურად უნდა მოხდეს. კერძოდ, გელა კვაშილავას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ კამერის მიერ სიჩქარის გადაჭარბებას დაფიქსირების შემთხვევაში მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების გამოკლება ავტომატურად მოხდეს.

„ჩვენ აქცენტი იმაზე უნდა გავაკეთოთ, რომ სიჩქარის გადაჭარბება ქულათა სისტემასთან უნდა იყოს მიბმული. როცა, მაგალითად, კამერა სიჩქარის გადაჭარბებას აფიქსირებს, მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების გამოკლება ავტომატურად უნდა მოხდეს. სხვა შემთხვევაში, ის ადამიანები, ვისაც თანხის გადახდის საშუალება აქვთ, გადაიხდიან და ისევ ჩქარა იმგზავრებენ.

რა თქმა უნდა, ჯარიმებთან ერთად, აქცენტი პრევენციაზე უნდა იყოს და ეფექტური აღსრულების მექანიზმი უნდა შემუშავდეს, იმიტომ რომ შესაძლოა, კანონმდებლობაში გაწერილი გქონდეს, მაგრამ აღსრულება ეფექტურად ვერ ხდებოდეს. ამ აღსრულების პროცესში უფრო მეტ პრიორიტეტს თანამედროვე ტექნოლოგიებს მივანიჭებდი, იმიტომ, რომ პატრული ფიზიკურად ყველა სიჩქარის დამრღვევს ვერ დააჯარიმებს“, - განაცხადა გელა კვაშილავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

რაც შეეხება მანქანების მიერ გამოწვეული ხმაურის საკითხს, გელა კვაშილავას თქმით, ამ მიმართულებით არსებული კანონმდებლობა იმ პრობლემებს არ პასუხობს, რაც ქუჩაში ხდება.

„ხმაური მოქალაქეებს ძალიან აწუხებთ. ამ მიმართულებით რეგულაციების აქტუალობა ყველა ქვეყანაში წინა პლანზე დგას და იქაც უკვე იღებენ ზომებს, რომ ეს მაქსიმალურად გაკონტროლდეს. უსაფრთხოებასთან ერთად, ქუჩებში ხმაური, განსაკუთრებით, ღამის საათებში ძალიან დიდი სტრესის გამომწვევია და ჯანმრთელობის პრობლემებსაც უკავშირდება. თვითნებურად გადაკეთება, დაყენება ავტომობილებზე იქნება ეს თუ მოტოსაშუალებებზე, უნდა გამოირიცხოს და პრევენცია მაქსიმალურად უნდა მოხდეს“, - აღნიშნა მან.

გელა კვაშილავამ დრიფტებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვითარება ამ კუთხითაც მოსაწესრიგებელია.

„დრიფტთან დაკავშირებითაც, რა თქმა უნდა, ვითარება მოსაწესრიგებელია. საქართველოში უკვე არის ადგილები, სადაც შეგიძლია, იდრიფტაო და ყველა ადამიანმა, ვისაც ამის სურვილი აქვს, ზუსტად ამ ადგილებით უნდა ისარგებლოს“, - განაცხადა კვაშილავამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო