დავით უსუფაშვილი - პოლიტიკური კორექტულობის დრო გავიდა, გავხსნათ ფრჩხილები: ვადამდელ არჩევნებზე ლაპარაკით პირიქით, ხელისუფლების გახანგრძლივებას ხომ არ ვუწყობთ ხელს? - ამაზე საუბარი ნიშნავს იმას, რომ გადიხარ პოლიტიკური პროცესიდან

ვადამდელ არჩევნებს ყოველ ცისმარე დღეს მე მხარს ვუჭერ, მაგრამ როგორ უნდა მოხდეს ეს ვადამდელი არჩევნები და ვადამდელ არჩევნებზე ლაპარაკით ჩვენ პირიქით ხელისუფლების გახანგრძლივებას ხომ არ ვუწყობთ ხელს? - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

დავით უსუფაშვილის შეფასებით, თუ ვადამდელი არჩევნები არსებული სისტემით ჩატარდება, უზრუნველვყოფთ იმას, რომ ისევ „ოცნება“ მოვიდეს წელიწადნახევრით ხელისუფლებაში და ამით ოპოზიციის 2024 წლის ოცნებებიც ჩაბარდეს წარსულს.

„მოდით, გავხსნათ ფრჩხილები იმიტომ, რომ პოლიტიკური კორექტულობის თუ კეკლუცობის დრო გავიდა და სიმართლე გითხრათ, მე აღარ ვარ იმ ხასიათზე, რომ რაღაცებზე ისევ ისე ვილაპარაკო. ამ ვადამდელი არჩევნების თემაზე იქამდე მივიდა საქმე, თითქოს „ვაჟკაცი ხარ თუ არ ხარ?“, - ასე შემოგვძახებს ხოლმე ვიღაც, - „არ გინდა ვადამდელი არჩევნები? როგორ არ გინდა? თუ არ გინდა რატომ არ უჭერ მას მხარს?“. ვადამდელი არჩევნები კი არა, ვადიანი არჩევნები როცა ჩატარდა, მაშინ არ ვუჭერდი „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლას მხარს, ამიტომ ვადამდელ არჩევნებს ყოველ ცისმარე დღეს მე მხარს ვუჭერ, მაგრამ როგორ უნდა მოხდეს ეს ვადამდელი არჩევნები და ვადამდელ არჩევნებზე ლაპარაკით ჩვენ პირიქით ხელისუფლების გახანგრძლივებას ხომ არ ვუწყობთ ხელს? მოსახლეობისთვის და ევროპისთვის დღეს ვადამდელი არჩევნები კი არაა თემა, დღეს არის თემა ის, რომ ამ ქვეყნის მომავალი იყოს უზრუნველყოფილი.

ვადამდელ არჩევნებს მხარს ვუჭერ ხვალ თუ მომწიფდება ეს სიტუაცია, ჩვენ ვთვლით, რომ კი, კარგი იქნება და უკეთესი იქნება ქვეყნისთვის, მაგრამ გვაქვს ძალიან მარტივი კითხვები, საკონსტიტუციო ცვლილებების გარეშე ვადამდელი არჩევნები გვიქადის რას? - არჩევნების ჩატარებას იმავე სისტემით, რაც წინაზე იყო და იმით ხელისუფლებამ ისარგებლა და მეორე, ვადამდელი არჩევნები ასეთ ვითარებაში გვიქადის პარლამენტის არჩევას იმ ვადით, რაც დარჩენილია 2024 წლამდე, 1-1.5 წლით. რა სისტემაც გვაქვს დღეს, ამ სისტემით არჩევნების ჩატარების შემთხვევაში სახელისუფლებო პოტენციალი არის გაცილებით მეტი, ვიდრე ოპოზიციის. აქედან რა გამოდის? ხვალვე რომ ჩაატარონ არჩევნები ამ სისტემით, ესე იგი უზრუნველვყოფთ იმას, რომ ისევ “ოცნება” მოვიდეს წელიწადნახევრით ხელისუფლებაში და ამით ოპოზიციის 2024 წლის ოცნებებიც ჩაბარდეს წარსულს. ამიტომ მინდა ამ ფრჩხილის გახსნა, აღარ შეიძლება ამაზე ამდენი ლაპარაკი. აქ არის ძირითადად ლაპარაკი იმაზე, საპარლამენტო საქმიანობას აქვს აზრი თუ რამე ვინმეს სხვა რაღაც გზა და მეთოდი აქვს უფრო სწრაფად სახელისუფლებო ცვლილების? არც არასდროს შემიშლია ხელი თუკი ვინმეს ამის გზა აქვს და იცის როგორ უნდა გააკეთოს და არც ხვალ ვაპირებ, ვინმეს ხელი შევუშალო, მაგრამ გაუთავებელი ლაპარაკი ამაზე, თითქოს ეს არის ვაჟკაცობა, თუკი იტყვი, რომ ვადამდელი არჩევნები და მეტი არაფერი მაინტერესებს, ეს ნიშნავს იმას, რომ გადიხარ პოლიტიკური პროცესიდან“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

გარდა ამისა, დავით უსუფაშვილმა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო უცხოელი პარტნიორების თვალში „საშინლად“ გამოიყურება.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ პარტნიორი ქვეყნების ელჩებთან დამოკიდებულებაში ცივილიზებულ ნორმებზე უარის თქმას ავლენს.

„როგორ გამოვიყურებით? საშინლად, იმიტომ, რომ ასეთს არავინ ელოდა. ასეთს არ ელოდნენ არა მხოლოდ საქართველოსგან, სხვა ქვეყნებისგანაც, რომელთაგან ზოგადად უფრო ელიან ხოლმე. აქ ლაპარაკია ზოგად ცივილიზებულ ნორმებზე უარზე, როდესაც ამბობენ, სტრატეგიული პარტნიორია ეს ქვეყანაო, მაგრამ მისი ელჩი საქართველოში ბოროტებას ემსახურება. ეს წარმოუდგენელი ამბავია. ჩვენ გვაქვს შანსი გადავრჩეთ და რეპუტაცია აღვიდგინოთ, მაგრამ ამას წლები დაჭირდება“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილი გადაცემაში „ოცნებიდან“ წასული დეპუტატების განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათზე მეტად „ორი ირაკლის“ ლაპარაკი აღელვებს.

„მე ოთხეული ნაკლებად მაღელვებს იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი, მათ ვიღაც რაღაცას უწერს და ლაპარაკობენ და ბოლო-ბოლო ოთხეულია და ოთხი პარლამენტის წევრი გინდ უმრავლესობიდან და გინდ ოპოზიციიდან შეიძლება ჭკუიდან შევირყეთ და რაღაცები ვილაპარაკოთ, მაგრამ მე უფრო ორი ირაკლის ლაპარაკი მაღელვებს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ემილ ავდალიანი - მოლოდინი იმისა, რომ ტრამპის პრეზიდენტობისას არაბული ქვეყნები აშშ-ის მხარეს იდგებიან, მცდარია, მათი მჭიდრო ურთიერთობები ჩინეთთან და რუსეთთან გაგრძელდება, როგორც ერთგვარი გეოპოლიტიკური საპირწონე
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყველას, ვისაც გვიყვარს ეს ქვეყანა და ვერასდროს შევეგუებით ძალადობას, ცხელი გულით და ცივი გონებით მოქმედება გვმართებს!
PSP ჯგუფი განცხადებას ავრცელებს