ლიზ ტრასი ერთ-ერთი ყველაზე კარგი ვარიანტია უკრაინისთვის და ყველასთვის, ვინც მხარს უჭერს უკრაინას. მისი სახით უკრაინას დიდი ბრიტანეთის მხრიდან კიდევ უფრო მეტი თანადგომა და დახმარება ექნება, - ასე აფასებს ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად ლიზ ტრასის დანიშვნას.
მისივე თქმით, ლიზ ტრასს ხშირად ადარებენ „რკინის ლედის“ - მარგარეტ ტეტჩერს და სწორედ ახლა აქვს შანსი, რომ თავისი ლიდერობა გამოამჟღავნოს.
„ეს არის თავად ლიზ ტრასისთვის კარგი შანსი, რათა მან დაამტკიცოს, რომ თავადაც შეუძლია ულიდეროს, ქვეყანას წარუძღვეს და ის ძველი დიდება, რომელიც ბრიტანეთს ჰქონდა დაუბრუნოს. მას ხშირად ადარებენ „რკინის ლედის“ - მარგარეტ ტეტჩერს და სწორედ ახლა აქვს შანსი თავის ლიდერობა გამოამჟღავნოს, რომ მთელს მსოფლიოს აჩვენოს თუ რას წარმოადგენს რეალურად ბრიტანული მხარდაჭერა. ეს ძალიან კარგი შედეგი და შანსია დასავლური სამყაროსთვის, ასევე უკრაინისთვის და ყველასთვის, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება“, - აღნიშნა ზურაბ ბატიაშვილმა.
ცნობისთვის, ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი გახდა. მმართველი "კონსერვატიული პარტიის" კენჭისყრაში მან მისი მოწინააღმდეგე, ფინანსთა ყოფილი მინისტრი, რიში სუნაკი დაამარცხა. ლიზ ტრასმა 81 326, ხოლო ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა 60 399 ხმა მიიღო.