მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციის ნაწილის ქმედება არის უფრო მეტი, ვიდრე დანაშაული, უფრო მეტი ვიდრე საბოტაჟი, ეს მათი მხრიდან უპატიებელი შეცდომაა

ოპოზიციის ნაწილის ქმედება არის უფრო მეტი, ვიდრე დანაშაული, უფრო მეტი ვიდრე საბოტაჟი. ეს მათი მხრიდან არის უპატიებელი შეცდომა, რომელსაც ამომრჩეველი კარგად ხედავს, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომის გახსნისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროინტეგრაციისთვის 12 პუნქტის შესრულების საკითხში ოპოზიციის ჩართულობაზე უარის თქმას.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, მიუხედავად ასეთი დესტრუქციული განწყობებისა, რეალურად, ეს იოტისოდენადაც ვერ შეუშლის ხელს საქართველოს მიაღწიოს წარმატებას 12-ვე პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით.

„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო და ნეგატიურად არ შევაფასო ოპოზიციის ერთი დიდი ნაწილის აბსოლუტურად სრულიად გაუმართლებელი ნაბიჯი და გადაწყვეტილება, როდესაც მათ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების განხილვას ზურგი აქციეს და ამით შეეცადნენ დაეზიანებინათ პროცესი, რომელიც აბსოლუტურად კონსტრუქციულად გამიზნულია იმისკენ, რომ 12 პუნქტთაგან ყველა შესრულდეს და საქართველოს ჰქონდეს შემდგომი პროგრესი. ოპოზიციის ამ ნაწილს გადაწყვეტილი აქვს, რადაც არ უნდა დაუჯდეს საკუთარი რეპუტაციის გაფლანგვის ფასადაც კი, რამენაირად ხელი შეუშალოს საქართველოს პერსპექტივებს იმისთვის, რომ რეალურად არ აღიქვან ადამიანებმა ჩვენი ხელისუფლების წარმატებად. ამის სასტიკად ეშინიათ. ეს სამწუხარო მოცემულობაა. გავბედავ და დავარქმევ ამას, რომ ეს არის პოლიტიკური საბოტაჟი. ეს არაერთგან გამოვლენილა, არაერთგან ჩანს. მათი ეს გადაწყვეტილება, რომ ზურგი ექციათ ამ პროცესისთვის ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პროცესში, თუნდაც კრიტიკული მოსაზრებისგან თავის შეკავება, ეს რასაკვირველია არის უფრო მეტი, ვიდრე დანაშაული, უფრო მეტი ვიდრე საბოტაჟი. ეს მათი მხრიდან არის უპატიებელი შეცდომა, რომელსაც ამომრჩეველი კარგად ხედავს. არასდროს გაგიკვირდეთ, რომ ყოველ მომდევნო არჩევნებზე იქნება კლებადი და კლებადი მხარდაჭერა. ისინი კარგად ხედავენ და გრძნობენ ვინ არის ამ ქვეყნის წინსვლის მომხრე და ვინ არის ამ ქვეყნის შეფერხების მომხრე მარტო იმიტომ, რომ ვიწროპარტიული პოლიტიკური დივიდენდი დაიწერონ. ასეთია დღეს პოლიტიკური მოცემულობა და ამას საქართველოს მოსახლეობა შესანიშნავად ხედავს. მიუხედავად ასეთი დესტრუქციული განწყობებისა, რეალურად, ეს იოტისოდენადაც ვერ შეუშლის ხელს საქართველოს მიაღწიოს წარმატებას 12-ვე პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით, რომ მოიტანოს წინსვლა საზოგადოებისთვის 12-ვე მიმართულებით“, - განაცხადა სარჯველაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო