გუშინდელი დღე იყო ანტიმაგალითი, როგორი არ უნდა იყოს მოტივირებული შენიშვნების განხილვა საქართველოს პარლამენტში. სამწუხაროდ, თქვენ მოხვედვით მოუმზადებელი, ვინაიდან არცერთ კითხვას ფაქტობრივად არ გაეცით პასუხი, ან ყველა კითხვაზე მხოლოდ და მხოლოდ ერთ ამონარიდს კითხულობდით ვენეციის კომისიის დასკვნიდან, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს გიორგი მსხილაძეს.
ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვისას იონათამიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო მიკერძოებული და დაუბალანსებელი გადაწყვეტილება, ვინაიდან დაეყრდნო მხოლოდ ერთი ოპოზიციური პარტიის პოზიციას.
„ძალიან ვწუხვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ასე უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაყენათ და ფაქტობრივად, თქვენ გუშინ აღიარეთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო მიკერძოებული და დაუბალანსებელი გადაწყვეტილება, ვინაიდან დაეყრდნო მხოლოდ ერთი ოპოზიციური პარტიის პოზიციას ამასთან დაკავშირებით და მას არანაირი კონსულტაცია არ ჰქონია არც უმრავლესობასთან, არც სხვა ოპოზიციურ პარტიებთან პარლამენტში და არც სხვა უწყებებთან, ვისგანაც მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება და გაანალიზება შეეძლო. ამის შემდეგ საუბრობთ ინკლუზიურობაზე. ასე გესმით თქვენ ინკლუზიურობა? ასეთი პროცესი არის ინკლუზიური და სწორი? ასევე, გუშინ თქვენ ნახეთ, რომ სინამდვილეში ეს პროცესი საკმაოდ ინკლუზიური იყო. პროცესი მიმდინარეობდა ორი თვის განმავლობაში საქართველოს პარლამენტში და ამ ორი თვის მანძილზე ათეულობით შეხვედრა შედგა სხვადასხვა აქტორებთან, მათ შორის საერთაშორისო ექსპერტებთან, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, საელჩოების წარმომადგენლებთან, სამოქალაქო სექტორთან და შესაბამის სახელისუფლებო უწყებებთან და ამის მერე კიდევ შეგიძლიათ იკადროთ და თქვათ, რომ ეს პროცესი იყო ან დაჩქარებული წესით, ან არაინკლუზიური?“ - მიმართა იონათამიშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს.