ანა ნაცვლიშვილი - ვერ მოვისმინეთ ვერცერთი კონკრეტული არგუმენტი, რაც გაამართლებდა „ქართული ოცნების” პოზიციას, რატომ გაუზარდეს ტოტალურად ძალოვან უწყებებს მოქალაქეების კონტროლის შესაძლებლობა

„ლელოს“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ მოსმენებისა და თვალთვალის შესაძლებლობა იმიტომ გააფართოვა, რომ „როგორც კი მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ფორმალური არგუმენტი ჰქონდეთ, რომ თითქოს ამ მოქმედებებს კანონიერად ახორციელებდნენ”.

როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, მმართველ პარტიას არ აქვს არცერთი არგუმენტი, თუ რატომ შეცვალა „მოსმენების შესახებ” კანონი.

„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვერ მოვისმინეთ ვერცერთი კონკრეტული არგუმენტი, კვლევა, სტატისტიკა ან შესწავლილი მასალა, რაც გაამართლებდა „ქართული ოცნების” პოზიციას, რატომ შეცვალეს ეს კანონი და რატომ გაუზარდეს ტოტალურად ძალოვან უწყებებს მოქალაქეების კონტროლის შესაძლებლობა. მათ გააფართოვეს კანონით მოსმენებისა და თვალთვალის შესაძლებლობა. ჩემი ღრმა რწმენით, ამას აკეთებენ იმიტომ, რომ რასაც აქამდე უკანონოდ სჩადიოდნენ, ახლა უნდათ ფორმალურად გახადონ კანონიერი. იმიტომ, რომ როგორც ძალოვან უწყებებში მომუშავე ადამიანები, ასევე “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ხვდებიან, რომ უკანონო საქმიანობისთვის, რასაც აწარმოებენ, ადრე თუ გვიან სამართალი მიაკითხავს. დაზღვევას იკეთებენ, რომ როგორც კი მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ფორმალური არგუმენტი ჰქონდეთ, რომ თითქოს ისინი კანონიერად ახორციელებდნენ ამ მოქმედებებს. მაგრამ ეს ფორმალური არგუმენტი მართლმსაჯულების განხორციელებას ვერ შეაფერხებს”,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტმა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" ცვლილებების პროექტი პარლამენტმა 7 ივნისს დაამტკიცა.

მიღებული კანონპროექტით, სისხლის სამართლის იმ დანაშაულთა ჩამონათვალი იზრდება, რომელთა მიმართებაშიც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იქნება შესაძლებელი. ასევე იზრდება ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ვადები. გარდა ამისა, მიღებული ცვლილებებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ იმ პირისთვის შეტყობინება, ვის მიმართაც ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, განუსაზღვრელი დროით შეიძლება გადავადდეს.

ირაკლი მელაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში იმდენად გაიტეხა სახელი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვეღარ დავიბრუნებთ ევროკავშირის და აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
ვიზიტორის დაზღვევა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის