ნიკოლოზ მეტრეველი - საქართველო, როგორც სტრატეგიული ენერგეტიკული კვანძი აზიასა და ევროპას შორის სულ უფრო დიდ ფუნქციას იძენს

ევროკავშირი სერიოზული ენერგეტიკული კრიზისის საფრთხის წინაშეა. ევროპაში ელექტროენერგიის ფასმა მიმდინარე კვირაში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. 2022 წლის ბოლო 8 თვის განმავლობაში რუსული გაზის მოხმარება 36.2%-ით შემცირდა. ათასი კუბომეტრი ბუნებრივი აირის ფასმა დღეის მდგომარეობით ევროპაში უკვე 3 000 აშშ დოლარს გადააჭარბა და სპეციალისტების პროგნოზით, თუ სწრაფი ღონისძიებები არ გატარდა, ფასების ზრდა კიდევ გაგრძელდება. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები უახლოეს მომავალში სასწრაფო შეხვედრისთვის შეიკრიბებიან, რათა ენერგეტიკული სიტუაციის მოსაგვარებლად საგანგებო ზომები განიხილონ - ამის შესახებ ევროპული საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე განაცხადა.

„ჩვენ ენერგეტიკულ ომში ვართ რუსეთთან და ეს აზიანებს მთელს ევროკავშირს“, - დაწერა „ტვიტერზე“ ჩეხეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა იოზეფ სიკელამ.

ბელგიის ენერგეტიკის მინისტრის, ტინ ვან დერ სტრეტენის განცხადებით კი, ევროკავშირის ქვეყნებს 5-10 წელი საშინელი ზამთარი ელოდებათ, თუ ბუნებრივი აირის ფასების შესამცირებლად არაფერი გაკეთდება. მისივე თქმით, კავშირი გაზისა და ელექტროენერგიის ფასებს შორის ხელოვნურია და რეფორმას საჭიროებს. „მომდევნო ხუთიდან ათამდე ზამთარი საშინელი იქნება, თუ ჩვენ არაფერს გავაკეთებთ. უნდა ვიმოქმედოთ წყაროზე, ევროპულ დონეზე და ვიმუშაოთ გაზის ფასების გაყინვაზე“, - აღნიშნა ტინ ვან დერმა.

ამ საკითხზე კომენტარი ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმაც გააკეთა და განაცხადა, რომ ელექტროენერგიაზე ფასების ზრდა უნდა შეჩერდეს. „ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს სიგიჟე, რომელიც ახლა ხდება ენერგეტიკულ ბაზრებზე“, - აღნიშნა კანცლერმა. მან ევროკავშირს ელექტროენერგიისა და გაზის ფასების ერთმანეთისგან გამოყოფისკენ მოუწოდა. „არ შეიძლება მივცეთ პუტინის უფლება, განსაზღვროს ევროპის ელექტროენერგიის ფასი ყოველდღიურად“, - აღნიშნა კარლ ნეჰამერმა.

ევროკავშირი სერიოზულად მუშაობს ბუნებრივ აირზე და ნავთობზე ფასების შემცირებაზე, რომელიც ძირითადად ევროპის ქვეყნების რუსულ გაზზე დამოკიდებულებით არის გამოწვეული. ამისათვის აუცილებელია, მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ევროკავშირის გაზმომარაგების სტრატეგიული სტრუქტურული ცვლილებები. დღეისათვის, ევროკავშირი გატარებული ზომების მიუხედავად მაინც 40%-ით რუსულ გაზზეა დამოკიდებული. ფაქტია, ამერიკიდან და კანადიდან მიღებული თხევადი გაზის რაოდენობა ევროპის გაზით მომარაგების პრობლემას ვერ მოხსნის, ამისათვის სპეციალისტების ანალიზით, დამატებითი რესურსები ამერიკას და კანადას უბრალოდ აღარ გააჩნია. ამ პირობებში ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა მხოლოდ ახალი გაზსადენებით და სახელმწიფო მიმწოდებლებით არის შესაძლებელი. გადაჭარბების გარეშე, ამ მიმართებით საქართველოს წვლილი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, რეგიონის სახელმწიფოებთან თანამშრომლობით ენერგეტიკის სფეროში უაღრესად სერიოზული იქნება. პოლიტიკოსებიც და ეკონომისტებიც ნათლად ხედავენ საქართველოს მნიშვნელობას, მისი გეოგრაფიული და ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, როგორც ხიდს მიმწოდებელ და მიმღებ ქვეყნებს შორის და რაც მთავარია, საკვანძო ცენტრად ჩამოყალიბებაში ევროპისთვის გაზის და ნავთობის მიწოდებაში. ამ მიმართულებით, საქართველოს სერიოზული ძალისხმევა აქვს უკვე გატარებული, მაგრამ პრობლემის გადასაჭრელად კიდევ გაცილებით უფრო მეტია გასაკეთებელი როგორც საქართველოს, ასევე კოლექტიური დასავლეთის და რეგიონის ქვეყნების მხრიდან. აუცილებელია, ვიცოდეთ თუ რა არის გაკეთებული და რა არის გასაკეთებელი, რომ ჩვენმა მოკავშირე ევროკავშირმა არსებული ენერგეტიკული კრიზისი წარმატებით დაძლიოს და საბოლოოდ გათავისუფლდეს რუსული ენერგეტიკული შანტაჟისგან.

ღიად უნდა ითქვას, ევროკავშირის ლიდერები არასათანადო ინტერესს იჩენდნენ იმ ენერგეტიკული პროექტებისადმი, რომელშიც ბოლო წლებში საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი, თურქმენეთი და ყაზახეთი ერთობლივად გეგმავდნენ და ახორციელებდნენ. ევროკავშირი ენერგომომარაგების საკითხებში მოკლე და საშუალოვადიან პროექტებს და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, რუსეთიდან იმპორტს ანიჭებდა უპირატესობას, მოვიგონოთ თუნდაც „ჩრდილოეთ ნაკადი 2“. დღევანდელი გადმოსახედიდან, უკრაინაში ომის ფონზე, ევროპის მხრიდან, იმ უზარმაზარი პოტენციალის უგულებელყოფა, რომელიც საქართველოს და ჩვენს პარტნიორ, რეგიონის ქვეყნებს გააჩნია, სტრატეგიული შეცდომა აღმოჩნდა, მაგრამ რთული დრო სწრაფ და ეფექტიან გადაწყვეტილებებს მოითხოვს, ევროკავშირის ენერგეტიკული კრიზისის დასაძლევად ყველა წინაპირობა არსებობს. ის დიდი სამუშაო, რომელიც ზედმეტი ხმაურის გარეშე საქართველომ, აზერბაიჯანმა და თურქეთმა, თურქმენეთის და ყაზახეთის აქტიური მონაწილეობით ჩაატარეს ახალი ენერგეტიკული პროექტების მიმართულებით, მყარი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. როგორც ცნობილია, დიდი სირთულეების მიუხედავად „სამხრეთის გაზის დერეფნის“ პროექტი წარმატებით რეალიზებულია. 2020 წელს „ტრანს-ადრიატიკული მილსადენი (TAP)“ და „ტრანს ანატოლიური მილსადენი“ (TANAP) მიერთების შემდეგ, ევროპას აზერბაიჯანული გაზი საქართველოს და შემდგომ თურქეთის გავლით სტაბილურად უკვე მიეწოდება. საქართველოზე გავლით ევროკავშირი TANAP და TAP-ით აზერბაიჯანიდან უკვე 2022 წლის ბოლოს 9,1 მილიარდ კუბომეტრ გაზს მიიღებს. 2023 წელს კი მიწოდებული აზერბაიჯანული გაზის რაოდენობა 11 მილიარდ კუბომეტრამდე გაიზრდება.

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ინტერესი „სამხრეთ გაზის დერეფნის“ პროექტისადმი მკვეთრად გაზრდილია. ამჟამად ევროპისთვის „სამხრეთ გაზის დერეფანი“ რუსული გაზის ალტერნატივისთვის ერთ-ერთი ყველაზე რეალური წყაროა, მაგრამ აქ ორი ძირითადი წინააღმდეგობაც არსებობს: პირველი - აზერბაიჯანს არ გააჩნია ევროპის ბუნებრივი აირის საჭირო, სრული რაოდენობის მიწოდების რესურსი და მეორე „სამხრეთ გაზის დერეფნის“ გამტარიანობის გაზრდისთვის, დამატებითი სერიოზული ინვესტიციებია საჭირო. დამატებითი ინვესტიციების პრობლემის გადაჭრა, ბუნებრივია, შედარებით სწრაფად არის შესაძლებელი. ბევრად უფრო რთულია დამატებითი გაზის რესურსების მობილიზება, მაგრამ ეს საკითხიც მოგვარებადია. გაზის მარაგის უდიდესი რესურსები კასპიის ზღვის მეორე ნაპირზე არსებობს. თურქმენული და ირანული გაზის ევროპისთვის მიწოდების სირთულე, ამ რესურსების პოლიტიკური და ტექნიკური მიზეზებით არის განპირობებული. თურქმენული გაზის ტრანსპორტირების პრობლემის კარდინალური გადაჭრის გზა „ტრანს-კასპიური მილსადენის“ მშენებლობაა, გასათვალისწინებელია, რომ საპროექტო სამუშაოები უკვე დიდი ხანია შესრულებულია. მანამდე თურქმენული გაზის მიწოდება ორი მარშრუტით იგეგმება: პირველი - ირანის და აზერბაიჯანის არსებული მილსადენებით საქართველომდე და შემდგომ უკვე ევროპაში. მეორე - კასპიის ზღვით აზერბაიჯანული ტანკერებით აზერბაიჯანამდე და შემდეგ უკვე, საქართველომდე და ევროპაში. საქართველოს გავლით ევროპისთვის ირანული გაზის მიწოდება პოლიტიკური სირთულეებით არის განპირობებული. ირანი დღეისათვის სანქციების ქვეშ იმყოფება, თუმცა ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო მოლაპარაკებები, ექსპერტების პროგნოზით, შესაძლოა, უახლოეს პერიოდში წარმატებით დასრულდეს, ეს კი გაზის მიწოდების დაახლოებით, მინიმუმ 2,5 მილიარდი კუბომეტრის გაზრდას ნიშნავს.

მოკლე ანალიზიც კი ნათლად გვიჩვენებს, რომ ყველა მოქმედ და პროგნოზირებად ენერგეტიკულ პროექტში საქართველოს როლი და მნიშვნელობა ძალიან დიდია. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, ქართული სახელმწიფო კომპეტენტურად და დიდი ძალისხმევით ხვდება ენერგეტიკის სფეროში არსებულ ყველა გამოწვევას და შესაძლებლობას, აქედან გამომდინარე ეკონომიკურად და პოლიტიკურად სტაბილური საქართველო, როგორც სტრატეგიული ენერგეტიკული კვანძი აზიასა და ევროპას შორის, სულ უფრო დიდ ფუნქციას იძენს.

ნიკოლოზ მეტრეველი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კავკასიის ისტორიის გეოპოლიტიკისა და ეკონომიკური კვლევების ცენტრის დირექტორი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო