არნოლდ სტეფანიანი - „მრავალეროვანი საქართველოს“ წინააღმდეგ მოქმედების მიზანი ყველაზე მსხვილი პროდასავლური და ეთნიკურ უმცირესობათა საკითხებზე მომუშავე გაერთიანების დისკრედიტაციის მცდელობაა - ეს კითხვებს ბადებს

ევროპული რეკომენდაციების შესრულების მიზნით პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფების ნაწილმა მუშაობა დაასრულა. მეორე ნაწილი - მათ შორის დეოლიგარქიზაციისა და სასამართლო რეფორმის ჯგუფები მუშაობას მომავალ კვირას შეაჯამებს, რის შემდეგაც კანონის პროექტების ინიცირება მოხდება.

სამუშაო პროცესის შედეგებთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსი“ აღნიშნულ ჯგუფებში ჩართულ ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციის “მრავალეროვანი საქართველოს“ ხელმძღვანელს არნოლდ სტეფანიანს ესაუბრა.

- ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად მმართველი გუნდის ინიციატივითა და გადაწყვეტილებით პარლამენტში სამუშაო ჯგუფები შეიქმნა. ბოლო თვენახევრის განმავლობაში თითქმის ყოველ დღე ვადევნებთ თვალს პროცესს, როცა პარლამენტში სხვადასხვა სამუშაო ჯგუფი სხვადასხვა თემაზე იკრიბება და მედიისთვის დახურულ ფორმატში შეხვედრებს მართავს. “მრავალეროვანი საქართველო” იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორისაა, ვინც პროცესში მონაწილეობის მისაღებად დასახელებულია “აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების საქართველოს ეროვნული პლატფორმის” მიერ. როგორ უყურებთ თქვენ ამ თანამშრომლობას და როგორია პროცესისგან თქვენი მოლოდინი?

- ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ თავად რეკომენდაციების შესრულების პროცესი, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც ეხება სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე, ძალზედ მნიშვნელოვანია. მოხარული ვართ, რომ “აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების საქართველოს ეროვნულმა პლატფორმამ”, რომელიც 200-მდე არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს და რომლის თანადამფუძნებლები და წევრებიც ვართ, მოახერხა პარლამენტთან საერთო ენის გამონახვა თანამშრომლობის ფორმატში. მოგეხსენებათ, რომ სწორედ პლატფორმის ნომინირებით მონაწილეობენ არასამთავრობო ორგანიზაციები 12-პუნქტიან რეკომენდაციებთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფებში. პრობლემურად რჩება მხოლოდ ერთი - საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფი, სადაც ნომინირებული იყო ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია, თუმცა პარლამენტის მიერ ერთ-ერთის - „სამართლიანი არჩევნების“ - სამუშაო ჯგუფში არდაშვების გამო, არცერთი ჩვენგანი არ დასწრებია ჯგუფის შეხვედრებს. მიუხედავად ამისა, სამმა ორგანიზაციამ და მათ შორის ჩვენ წერილობითი ფორმით მივაწოდეთ პარლამენტს „საარჩევნო კოდექსის“ რეფორმირების ჩვენი ხედვები. ზოგადად კი ვფიქრობ, რომ სამუშაო ჯგუფების ირგვლივ შექმნილი აჟიოტაჟი გადამეტებულია, ვინაიდან მათ მხოლოდ საკონსულტაციო ფუნქცია აქვთ, საკითხების რეალური განხილვა კი საკომიტეტო მოსმენებზე გაიმართება, სადაც დასწრება ნებისმიერს მსურველს შეუძლია.

- თქვენი შეფასებით, რამდენად სწორი მიმართულებით წარიმართება პროცესი და შედეგად რამდენად ხედავთ მთავარი მიზნის მიღწევის შანსს - რამდენად რეალურად მიდის საქმე იქითკენ, რომ ქვეყანამ უახლოეს თვეებში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს?

- უახლოეს თვეებში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას საკმაოდ სკეპტიკურად ვუყურებ. არ მგონია, რომ შედეგის მიღწევა რამდენიმე თვეშია შესაძლებელი. სტატუსის მიღება მხოლოდ 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულება თავისთავად რთული ამოცანაა, იმის გათვალისწინებით, რომ პოლიტიკურ აქტორებს შორის არ არის კონსენსუსი მიღწეული სხვადასხვა საკითხებზე. ამავე დროს, ვფიქრობთ, რომ კანდიდატის სტატუსის მოპოვება გლობალურ ფაქტორებზეცაა დამოკიდებული. თუმცა, თუ საშინაო დავალებას ზედმიწევნით კარგად შევასრულებთ, მომავალ წელს კანდიდატობის მიღების შანსი საკმაოდ რეალურია, რასაკვირველია, იმ დათქმით, რომ გეოპოლიტიკური პროცესები შეუწყობს ხელს.

- რომელია ის ყველაზე უფრო პრობლემატური საკითხი, რაც ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების პროცესში იკვეთება?

- მე ვიტყოდი, რომ 12-ვე პუნქტს აქილევსის ქუსლი გააჩნია, რაც ლოგიკურია. რომ არ ყოფილიყო გამოწვევები, რეკომენდაციებიც არ გაიცემოდა. თუმცა, ყველაზე პრობლემურად მაინც სასამართლო რეფორმა და დეპოლარიზაცია მიმაჩნია. აღარაფერს ვიტყვი დეოლიგარქიზაციაზე, რადგან ეს, ჩემი აზრით, პოლიტიკური მორიგების საგანია.

- პარლამენტში წარმოებულ პროცესს ოპოზიციის დიდი ნაწილი უნდობლობასა და ბოიკოტს უცხადებს. როგორც ცნობილია, „ლელო“, „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ალტერნატიულ სამუშაო პროცესს წარმართავს. პრაქტიკულად მივიღეთ ვითარება, როცა ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება კიდევ უფრო ღრმა დაპირისპირების საბაბი გახდა. თქვენი დაკვირვებით, ვისზე გადის აქ მთავარი პასუხისმგებლობა - ხელისუფლებაზე, რომლის ხელშია ძალაუფლება თუ ყველა პოლიტიკურ სუბიექტზე ერთად და თანაბრად?

- ვერ დაგეთანხმებით, რომ უფრო მეტად დაიძაბა ვითარება, პოლარიზაცია ისედაც პიკში იყო. ოპოზიციის ნაწილი ღიად აანონსებს ხელისუფლების ცვლას დემოკრატიული პროცესების გვერდის ავლით, ხელისუფლებას კი ძალაუფლების განაწილება არ სურს. სამწუხაროდ, ამან გამოძახილი მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაშიც პოვა. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ცხადია, ქვეყნისთვის ამ ისტორიულ მომენტში ყველას ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვეკისრება, მაგრამ მთავარი აქტორი და პასუხისმგებელი ამ პროცესის როგორც შედეგიანობაზე, ისე უშედეგობაზე, მაინც ხელისუფლებაა.

- „ქართულმა ოცნებამ“ ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებს“ უარი უთხრა იმ სამუშაო ჯგუფში მუშაობაზე, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესების მიზნით შეიკრიბა. „ქართული ოცნება“ „სამართლიან არჩევნებს“ არც ახალი სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში რთავს. მმართველი გუნდი ძირითად აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ივნისის საპროტესტო აქციების დროს ISFED-ი პრემიერის გადადგომისა და ტექნიკური მთავრობის შექმნის ინიციატივას უერთდებოდა, რაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა მტკიცებითვე ადასტურებს, რომ ISFEDI-ი პოლიტიკური მხარეა. პირადად თქვენთვის რამდენად დამაჯერებელია ეს არგუმენტი და როგორ ფიქრობთ, რატომ გამოარჩიეს ISFEDI-ი.

- პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელია ხელისუფლების პოზიცია და არგუმენტები. ISFED-ი საარჩევნო საკითხებში ნამდვილად არის ერთ-ერთი ყველაზე კვალიფიციური არასამთავრობო ორგანიზაცია. მინიმუმ ბოლო 20 წელი არაერთხელ მოგვისმენია მსგავსი არგუმენტები არასამთავრობოთა მისამართით არამხოლოდ ამ და წინა ხელისუფლების, არამედ ოპოზიციის მხრიდანაც, ამა თუ იმ ორგანიზაციის კრიტიკული პოზიციის გამო, თუმცა, რომც ყოფილიყო ISFED-ი პოლიტიკური მხარე, 12-პუნქტიანი რეკომენდაციების ერთი-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი სწორედ დეპოლარიზაციაა, რაც განსხვავებული აზრის მიმღებლობასა და საურთიერთობო შესაძლებლობების მოძიებას გულისხმობს. ასე რომ, თუ ხელისუფლებას ISFED-ი პოლიტიკურ მხარედ მიაჩნია და ამიტომ უქმნის ბარიერებს, ეს თავის თავში უკვე ეწინააღმდეგება რეკომენდაციების სულისკვეთებას. ჭიქაში გაჩენილ ქარიშხალს ჰგავს ეს ყველაფერი და ამის თავიდან აცილებაც იყო შესაძლებელი იმგვარად, რომ ზიანი არ მიეყენებინათ პროცესისთვის.

- რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, „საქართველოს ეროვნულმა პლატფორმამ“ „საარჩევნო კოდექსის“ გადასინჯვის სამუშაო ჯგუფში ჯერ საია-ს და ISFED-ის კანდიდატურები დააყენა, შემდეგ კი ოთხი ორგანიზაცია დაასახელა, მათ შორის „მრავალეროვანი საქართველო“ და „საზოგადოებრივი დამცველი“. ამას რით ხსნით?

- თქვენ არასრული სურათი წარმოადგინეთ. თავდაპირველად ორი ორგანიზაციის დასახელება იგეგმებოდა, ISFED-ი და „მრავალეროვანი საქართველო“, თუმცა ბოლო მომენტში „აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმამ“ ჩაგვანაცვლა სხვა, ასევე კვალიფიციური ორგანიზაციით. რა თქმა უნდა, საწყენი იყო, მითუმეტეს, რომ ჩვენ ერთადერთი ორგანიზაცია ვართ, ვინც არჩევნებს იმ ოლქებში აკვირდება, სადაც ამომრჩეველთა 25%-ია კონცენტრირებული და მჭიდროდაა დასახლებული ეთნიკური უმცირესობებით. მიუხედავად ამისა, დღეს, როცა ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება, ჩვენ წინ შედეგს ვაყენებთ და არა პროცესში მონაწილეობის ფორმას. სწორედ ამიტომ, ეს გადაწყვეტილება არ გაგვიპროტესტებია, თანაც ორივე, თავდაპირველად ნომინირებული ორგანიზაციების - ISFED-ისა და საია-ს გამოცდილებას ვენდობით.

- რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები „სამართლიანი არჩევნებისთვის“ სოლიდარობის გამოცხადების მიზნით შესაძლოა, პროცესს გაემიჯნონ. რას იზამთ თქვენ, თუკი იგივე სახალხო დამცველის არჩევის პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციას არ მიეცემა?

- ამ თემებზე საუბრები დროის ფუჭად კარგვაა. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ამ ჯგუფებში მუშაობა უკვე დასასრულს უახლოვდება. რაც მოხდა, მოხდა და ეს ფაქტად დარჩება, თავისი ნეგატიური შედეგებიანად. ერთ რამეს დავამატებდი: მიუხედავად იმისა, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმამ“ საარჩევნო ჯგუფში წარგვადგინა, მის არცერთ შეხვედრას არ დავსწრებივართ, თუმცა პროცესისთვის შინაარსობრივი ზიანის თავიდან ასაცილებლად, სხვა ორგანიზაციების მსგავსად, რომელთაც დატოვეს სამუშაო ჯგუფები, წერილობითი ფორმით გავაგზავნეთ ჩვენი რეკომენდაციები.

დარწმუნებული ვარ, რომ ვითარების ზედმეტი ესკალაცია დააზარალებს მთლიან პროცესს. სამოქალაქო საზოგადოებრივი სექტორი ისედაც მრავალ სირთულეს აწყდება, როდესაც ცდილობს დაარწმუნოს ხელისუფლება, რომ რეფორმების განსახორციელებლად აუცილებელია ნაბიჯების გადადგმა.

- საკმაოდ მძიმეა ბრალდება, რომელიც სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა ორი არასამთავრობო ორგანიზაციის, მათ შორის „მრავალეროვანი საქართველოს“ მიმართ გააჟღერა. კერძოდ, როგორც გოგაშვილი აცხადებს, „ქართული ოცნება“ და სუს-ი ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟის მიზნით, დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციებს რეფორმების პროცესში ჩართვის საშუალებას არ აძლევენ და „იმიტირებულ სამუშაო ჯგუფებშიც“ მათ სუს-ის მიერ კონტროლირებადი ორგანიზაციებით ანაცვლებენ. სწორედ ამ კონტექსტში გოგაშვილმა „მრავალეროვანი საქართველო“ დაასახელა და თქვა, რომ თქვენს ორგანიზაციას სუს-თან თანამშრომლობის ძალიან კარგი გამოცდილება აქვს, დაფინანსებას კი პარტიის შავი სალაროდან იღებს. რა პასუხი გაქვთ იმაზე, რაზეც სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე გოგაშვილი საუბრობს? - რა კავშირი აქვს „მრავალეროვან საქართველოს“ „რუსულ სუს-თან“ და პარტია „ქართულ ოცნებასთან“?

- გოგაშვილის ბრალდებაზე მეტად გვაფიქრებს შავი პიარის მცდელობა, ასევე ამ პროცესის უკან მდგომი სუბიექტების ვინაობა და მათი მიზნები. დამკვეთების გეგმებს არ ავყვებით და თავის მართლებას არ დავიწყებთ. რაც შეეხება თავად გოგაშვილს, ვფიქრობთ, რომ სისტემის ყოფილი თანამშრომლები არ არსებობენ, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ლაპარაკია მაღალი თანამდებობის მქონე პირებზე. დარწმუნებული ვარ, რომ ის დღემდე კავშირშია როგორც სუს-ში მოქმედ გარკვეულ ჯგუფებთან, ისე თავად პროცესთან დაკავშირებულ გარკვეულ სუბიექტებთან. ე.წ. ბრალდებაში ჩვენ ნახსენები ვართ ევროინტეგრაციის პროცესის წინააღმდეგ საბოტაჟთან დაკავშირებითაც. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ქართულ სპეცსამსახურებში მოქმედი ჯგუფები გვიტევენ და ჩვენი იმიჯის შელახვას ცდილობენ. ბრალდებების ტალღა ჩვენი მისამართით, რუსეთთან ირიბ თუ პირდაპირ კავშირებზე, ჯერ კიდევ 2009 წელს დაიწყო, შემდგომ განახლდა 2012-ში და გრძელდება დღესაც, რისი მაგალითიცაა ხსენებული განცხადება. ჩვენს ორგანიზაციაზე მიზანმიმართული შეტევების შესახებ არაერთხელ აღინიშნა დიპლომატიური მისიების განცხადებებში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაში და გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის განხილვის საგნადაც კი იქცა. ასე რომ, ერთგვარი იმუნიტეტიც კი გამოგვიმუშავდა. ვფიქრობ, მთავარი სამიზნე - საარჩევნო სამუშაო ჯგუფში ნომინირებული ყველა ორგანიზაციის გაშავებაა. სხვა საკითხია, რომ ვინც გოგაშვილის მეშვეობით მოქმედებს ჩვენს წინააღმდეგ, ამით ცდილობს, მოახდინოს ყველაზე მსხვილი პროდასავლური ეთნიკურ უმცირესობათა საკითხებზე მომუშავე გაერთიანების დისკრედიტაცია და ესეც გარკვეულ კითხვებს ბადებს, განსაკუთრებით პუტინის გუშინდელი განცხადების გათვალისწინებით, რუსულენოვანი მოსახლეობის ინტერესების დაცვასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება „ქართულ ოცნებასა“ და სუს-თან თანამშრომლობას, ასე გეტყვით: რომ გეკითხათ ვთანამშრომლობთ თუ არა რომელიმე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიასა და, ვთქვათ, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, იგივეს გიპასუხებდით. ჩვენ ვთანამშრომლობთ პრაქტიკულად ყველა პოლიტიკურ პარტიასთან სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ეთნიკურ უმცირესობათა პოლიტიკური მონაწილეობის კუთხით და ჩვენი ფუნქციონალური მანდატის ფარგლებში. ასევე, ყველა რელევანტურ სახელმწიფო აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო ინსტიტუციასთან და უწყებასთან, მათ შორის: პარლამენტთან, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებთან, პრეზიდენტის აპარატთან, შერიგებისა და ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრთან, ცესკოსთან, სახალხო დამცველთან, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, თავდაცვის სამინისტროსთან თუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან. კონკრეტულად სუს-ს რაც შეეხება, ერთ-ერთი ბოლო შეხების წერტილი, რომელიც ორივე მხარის ინტერესს წარმოადგენდა, ყარაბაღის მეორე ომის დროს ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებას უკავშირდებოდა.

გვაქვს რამდენიმე მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ შეიძლება იყოს „მრავალეროვანი საქართველოს“ წინააღმდეგ შავი პიარის „დამკვეთი“. ეს მოსაზრებები ეფუძნება როგორც გოგაშვილის განცხადების წინაისტორიას, შინაარსსა და პერიოდს, ისე გამოყენებული ლექსიკის ანალიზს და შედეგით დაინტერესებული სუბიექტების იდენტიფიკაციას.

ჩვენს მოსაზრებებს მივაწვდით ორგანიზაციის ყველა საერთაშორისო პარტნიორს. ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა: მსგავსი „სინდისის პატიმრების“ გამოყენება ბუმერანგივითაა, რომლის უკან - მსროლელთან დაბრუნება მხოლოდ დროის საკითხია.

ნათია ინაური

„ინტერპრესნიუსი“

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა