ანრი ოხანაშვილი - რადიკალურმა ოპოზიციამ წითელი ბარათი მიიღო უმაღლესი ტრიბუნიდან - ხელისუფლების მიმართ შეშფოთება არ გამოთქმულა, ითქვა, რომ არსებობს გარკვეული წუხილები

რადიკალურმა ოპოზიციამ წითელი ბარათი მიიღო უმაღლესი ტრიბუნიდან - ხელისუფლების მიმართ შეშფოთება არ გამოთქმულა, ითქვა, რომ არსებობს გარკვეული წუხილები, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა 12 პუნქტის შესრულების მიმართულებით პასუხისმგებლობა თანაბრად დააკისრა უმრავლესობას და ოპოზიციას.

„ჩვენ მოვისმინეთ შეფასებები - 12-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, თანაბარი პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, როგორც საპარლამენტო უმრავლესობას, ასევე სრულად ოპოზიციურ სპექტრს. მოვისმინეთ მოწოდებები, რომ ყველა უნდა იყოს ამ პროცესში ჩართული. ეს ნიშნავს იმას, რომ რადიკალურ ოპოზიციურ ჯგუფებს, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში უარს ამბობდნენ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობაზე, კიდევ ერთხელ უჩვენეს წითელი ბარათი, რომ ისინი მოწადინებულნი არ არიან ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის და საბოლოოდ ევროკავშირში წევრობის მინიჭებისთვის. რადიკალურმა ოპოზიციამ წითელი ბარათი მიიღო უმაღლესი ტრიბუნიდან“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

კითხვაზე, არის თუ ჯოზეფ ბორელის განცხადება ასევე წითელი ბარათი ხელისუფლებისთვის მაშინ, როცა მათ აშფოთებთ საქართველოს მუშაობა ზოგიერთ საკითხზე, როგორიცაა მაგალითად, სასამართლო სისტემა და მედიის თავისუფლება, ოხანაშვილი ამბობს, რომ ეს არის ტყუილი ( შეშფოთებასთან დაკავშირებით) და ეს ასე არ თქმულა. მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა ოხანაშვილს ბორელის განცხადებიდან ციტატა წაუკითხეს, ოხანაშვილმა განაცხადა, რომ „საუბარია შეფასებაზე და არა შეშფოთებაზე და ითქვა, რომ არსებობს გარკვეული წუხილები“.

„რა სიზუსტითაც შეკითხვა დასვით, ეს არ არის სწორი, ასე არ თქმულა. ითქვა, რომ არსებობს გარკვეული წუხილები კონკრეტულ საკითხებზე და გამოითქვა იმედი, რომ ეს საკითხები მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში იქნება გარკვეული და რეფორმები წინ წაიწევს. ჩვენ მზად ვართ, 12 პუნქტის ფარგლებში ვიმუშაოთ თითოეულ საკითხზე, მათ შორის სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხზე, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ და გავაგრძელოთ მუშაობა თითოეულ სფეროზე, რომელიც გაწერილია 12 პუნქტში“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისათვის, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ პოლიტიკურმა ძალებმა უნდა იპოვონ ერთობლივი მუშაობის გზა და ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ყველა პოლიტიკური პარტიის საქმეა. მანვე ხაზი გაუსვა ევროინტეგრაციის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საზოგადოების ყველა აქტორის წინაშე მდგარი ამოცანაა, თუმცა, რა თქმა უნდა, „მმართველ პარტიას აქვს მთავარი პასუხისმგებლობა“. მისივე თქმით, რამდენიმე საკვანძო სფეროზე საქართველოს მუშაობამ ბოლო დროს გარკვეული შეშფოთება გამოიწვია.

„მე გავუზიარე ჩვენი შეფასება [პრემიერ ღარიბაშვილს] რამდენიმე საკვანძო სფეროზე, სადაც საქართველოს მუშაობამ ბოლო დროს გარკვეული შეშფოთება გამოიწვია, როგორიცაა სასამართლო სისტემა, კანონის უზენაესობა და მედიის თავისუფლება, მათ შორის პოლიტიკური ზეწოლის გაზრდა დამოუკიდებელ ზედამხედველობის ინსტიტუტებზე და ოპოზიციურ მედიაზე. ეს სფეროები არის საკვანძო, როდესაც საქმე ეხება ევროპულ ღირებულებებსა და პრინციპებს და ჩვენ იმედი გვაქვს საქართველო ძალისხმევას გაიღებს, რომ აღმოფხვრას ხარვეზები“, - განაცხადა ბორელმა.

მარკეტა გრეგოროვა - კანონის ყველაზე დიდი პრობლემა მისი მიზანია - ის ევროპული გზიდან რუსეთის გზაზე გადასვლას ნიშნავს - მინდა ვუთხრა საქართველოს მოქალაქეებს, რომ საოცარი ხალხი ხართ და ასე გააგრძელეთ
ნიკოლოზ  ვაშაკიძე - ჩვენი პარტნიორები სანქციების პირველ ტალღას ვეტოს დაძლევის შემდეგ დაძრავენ, შემდეგ დააკვირდებიან არჩევნებს და შემდგომ ნაბიჯებს არჩევნების შედეგების მიხედვით გადადგამენ
ქართული პრესის მიმოხილვა 27.05.2024
კახა ოქრიაშვილი - სწორედ „ოცნების“ ამომრჩეველი გვაჩვენებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, რომ მას „ოცნების“ სატყუარების აღარ სჯერა!
„სოკარი“ თაღლითური სქემის შესახებ მომხმარებლებს აფრთხილებს
გორში „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა
USAID-ისა და „გორგიას“ პარტნიორობის ფარგლებში „გორგიას“ ხელოსანთა აკადემიის ტრენინგ ცენტრი გაიხსნა
„მახარებს, რომ ის შრომა, რომელსაც სწავლაში ვდებ, მართლაც ფასდება“ - გაიცანით „ნიკორა ჯგუფის“ სტიპენდიატი ანნა ჭიღლაძე