არჩილ თალაკვაძე - რასაც ვამბობდით, მაღალი დონის ტრიბუნიდან იგივეს გამეორება მოხდა - ევროინტეგრაცია არის საერთო ეროვნული საკითხი და აქ არ შეიძლება რომელიმე პარტიას თავისი დღის წესრიგი ჰქონდეს, როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს

რასაც ვამბობდით, მაღალი დონის ტრიბუნიდან იგივეს გამეორება მოხდა - ევროინტეგრაცია არის საერთო ეროვნული საკითხი და აქ არ შეიძლება რომელიმე პარტიას თავისი დღის წესრიგი ჰქონდეს, როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, რომ როგორმე, საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ ვიცე სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებებს გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, ევროპელ ლიდერებს მკაფიო გზავნილები ჰქონდათ და ყველა მხარეს მოუწოდეს, სამუშაო პროცესში ჩაერთონ და ინკლუზიურად იმუშაონ. ამასთან, თალაკვაძე სასამართლო სისტემაზე, მედიაზე, დამოუკიდებელ ინსტიტუტებსა და ოპოზიციაზე ზეწოლის გაზრდის თაობაზე გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ საკითხებზე, რამდენადაც მისთვის ცნობილია, პრემიერმა ევროპელ კოლეგებს ამომწურავი არგუმენტები გაუზიარა.

„სიმართლეა ის, რომ როცა ჩვენ ხელისუფლება ჩავიბარეთ, ქვეყანაში მხოლოდ ოთხი ტელევიზია მაუწყებლობდა, დღეს 20 ტელევიზიაა და 120 რეგიონული მედია მაუწყებლობს, მათ შორის არავითარი პრობლემა არ გექმნებათ, როცა კრიტიკა გაქვთ ხელისუფლების მიმართ. რაც შეეხება სასამართლოს, სასამართლოში, დავებში მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის 50/50-ზე არის, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოში რეალური შეჯიბრებითობაა და სასამართლოს დამოუკიდებლობა დღეს დიამეტრულად მაღალია. ასევე, ამას ადასტურებს სტრასბურგში გაგზავნილი საქმეების სტატისტიკა, სადაც სახელმწიფოს წინააღმდეგ გაგზავნილი საქმეების სტატისტიკა 60 პროცენტით არის შემცირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეები სასამართლო სისტემაში ბევრად უფრო მეტად აღწევენ სიმართლის დადასტურებას. მესმის, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ და მათ მიერ კონტროლირებადმა მედიამ ყველაფერი გააკეთეს და იმეორებენ, თითქოს დღეს სასამართლო არის უარესი, მედია გარემო ასევე არის უარესი, რაც არის ტყუილი, რასაც განეიტრალება სჭირდება. აქტიურად ვიმუშავებთ, რომ ევროპელ კოლეგებს ვაჩვენოთ, თუ რა პროგრესი განიცადა ამ მიმართულებით საქართველომ“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისათვის, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ პოლიტიკურმა ძალებმა უნდა იპოვონ ერთობლივი მუშაობის გზა და ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ყველა პოლიტიკური პარტიის საქმე. მანვე ხაზი გავუსვა ევროინტეგრაციის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საზოგადოების ყველა აქტორის წინაშე მდგარი ამოცანაა, თუმცა, რა თქმა უნდა, „მმართველ პარტიას აქვს მთავარი პასუხისმგებლობა“. მისივე თქმით, რამდენიმე საკვანძო სფეროზე საქართველოს მუშაობამ ბოლო დროს გარკვეული შეშფოთება გამოიწვია.

"მე გავუზიარე ჩვენი შეფასება [პრემიერ ღარიბაშვილს] რამდენიმე საკვანძო სფეროზე, სადაც საქართველოს მუშაობამ ბოლო დროს გარკვეული შეშფოთება გამოიწვია, როგორიცაა სასამართლო სისტემა, კანონის უზენაესობა და მედიის თავისუფლება, მათ შორის პოლიტიკური ზეწოლის გაზრდა დამოუკიდებელ ზედამხედველობის ინსტიტუტებზე და ოპოზიციურ მედიაზე. ეს სფეროები არის საკვანძო, როდესაც საქმე ეხება ევროპულ ღირებულებებსა და პრინციპებს და ჩვენ იმედი გვაქვს საქართველო ძალისხმევას გაიღებს, რომ აღმოფხვრას ხარვეზები“, - განაცხადა ბორელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა