ბუნდესტაგში მიხეილ გორბაჩოვს პატივი მიაგეს

ბუნდესტაგში მიხეილ გორბაჩოვს პატივი მიაგეს

ბუნდესტაგში საბჭოთა კავშირის ბოლო პრეზიდენტს, მიხეილ გორბაჩოვს, რომელმაც 32 წლის წინ გერმანიის გაერთიანებას გზა გაუხსნა, პატივი მიაგეს.

გერმანიის პარლამენტში დროშები დაშვებული იყო.

„მან [გორბაჩოვმა] შესაძლებელი გახადა ის, რაც ათწლეულების განმავლობაში შეუძლებელი ჩანდა - ცივი ომის მშვიდობიანად დასრულება და ჩვენი ქვეყნის და ჩვენი კონტინენტის დაყოფის დაძლევა. ჩვენ, გერმანელებს, ბევრი გვაქვს მიხეილ გორბაჩოვის მიმართ სამადლობელი“, - განუცხადა გერმანიის პარლამენტის სპიკერმა ბაერბელ ბასმა დეპუტატებს.

მისივე თქმით, გორბაჩოვმა შეცვალა გერმანიის ისტორია და მილიონობით ადამიანის ცხოვრება.

”მისი გამბედაობა და პოზიცია იყო გადამწყვეტი ჩვენი ერთიანობის აღდგენაში", - დასძინა ბუნდესტაგის სპიკერმა.

ამასთან, როგორც გერმანიის პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, დღეს რუსეთსა და ევროპას შორის „ღრმა ნაპრალი ჩნდება, სადაც გორბაჩოვის ხედვის თანახმად, რუსეთთან საერთო ევროპული სახლი და უსაფრთხოების საერთო არქიტექტურა უნდა აღმოცენებულიყო“.