„სამართლიანი არჩევნების" (ISFED) ხელმძღვანელის, ნინო დოლიძის განცხადებით, საქართველოში არცერთი ხელისუფლების დროს არ ყოფილა, როდესაც სამუშაო ჯგუფში საზოგადოებრივი ორგანიზაცია დაიბლოკა.
როგორც დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, ის მიზეზი, რომელიც დასახელებული იქნა, დისკრიმინაციული და შერჩევითი იყო.
„ISFED 1995 წელს დაარსდა და სამივე ხელისუფლების პირობებში ასეთი ნაბიჯი, არცერთ ხელისუფლების დროს არ გვახსოვს, როდესაც სამუშაო ჯგუფში ორგანიზაცია იქნა დაბლოკილი. ცხადია, ეს მმართველ პარტიას უფრო აზიანებს, ვიდრე ჩვენ, მაგრამ რეალურად, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს აზიანებს.
ძალიან რთულია ივარაუდო თუ რა შეიძლება იყოს ამის უკან. წესით, თუ ხელისუფლებას სურს ევროკავშირის მიმართულებით იაროს, სასურველი უნდა ყოფილიყო ჩვენი მონაწილეობა. ის მიზეზი, რომელიც დასახელებული იქნა პირველ რიგში, დისკრიმინაციული და შერჩევითი იყო, იმიტომ, რომ სამუშაო ჯგუფში ძალიან ბევრი ორგანიზაცია იყო, ნაწილთან დაკავშირებით პრეტენზია არ ჰქონიათ“,- განაცხადა დოლიძემ.
მისი განცხადებით, 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, აქციაზე „წინ ევროპისკენ", იყო, მაგრამ სიტყვით არ გამოსულა.
"მე იქ (აქციაზე) ვიდექი. სიტყვითაც კი არ გამოვსულვარ, მაგრამ ვიდექი, იმიტომ, რომ ეს აქციები იყო ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის და ასევე ჩვენ ვიყავით ნაწყენი და გაბრაზებული ხელისუფლებაზე, იმიტომ, რომ მაშინ, როდესაც ხელისუფლებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად ყველაფერი უნდა გაეკეთებინა, მივიღეთ უარყოფითი პასუხი, იმიტომ, რომ არაფერი გააკეთეს. დიახ, ჩემი პოზიცია ამ დროს არის ის, რომ ამ დროს პასუხისმგებლობა ვიღაცამ უნდა აიღოს, როდესაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ჩავარდნაზე ვსაუბრობთ.
ის მესიჯები, რომ „სამართლიან არჩევნებს“ მთავრობის ფორმირებაში მონაწილეობა სურდა, ეს ISFED-ს არასდროს გაუჟღერებია. ასე არ შეიძლება ორგანიზაციაზე საუბარი, რომელიც ყველაფერს ცდილობს იმისთვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
ჩავთვალეთ, რომ ეს იყო ჩვენზე ზეწოლა და შევიწროება პოლიტიკური ნიშნით. ასევე, მგონია, რომ ეს მიზეზი რომ, არა შეიძლება სხვა მიზეზი ყოფილიყო. იყო სურვილი, რომ „სამართლიანი არჩევნები“ არ ყოფილიყო მონაწილე.
სამოქალაქო ორგანიზაციების მიმართ ეს კამპანია დიდი ხანია წარმოებს. ISFED-თან დაკავშირებით ნამდვილად აქვთ ხელში ჩასაჭიდებელი 2020 წლის არჩევნების შეცდომა. გვეგონა, რომ ეს საკითხი გავიარეთ“, - განაცხადა დოლიძემ.
დოლიძემ ასევე ისაუბრა „ნაციონალური მოძარობის“ მოწოდებაზე ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ოპოზიციას და ხელისუფლებას ერთად უნდა ემუშავა.
„შესაძლოა, კონსენსუსამდე ვერ მისულიყვნენ, მაგრამ მცდელობა უნდა ყოფილიყო. სულ მცირე, ევროკავშირი გვეუბნება ამას. რაც არ უნდა კარგი ინიციატივები დადონ ცალ-ცალკე, თუ ეს არ იქნება ერთობლივად მიღებული კონსენსუსის საფუძველზე, ფაქტობრივად, ჩვენ ევროკავშირი არ ჩაგვითვლის ამას, როგორც წინსვლად. არიან ადამიანები, რომლებსაც გონიათ, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება ამ ხელისუფლებისთვის რთულად მისაღწევია, ჩვენი პოზიციაა როგორმე მივიღოთ კანდიდატის სტატუსი.
ინდივიდუალურად, როგორც ნინო დოლიძემ შემიძლია ვთქვა, რომ შესაძლოა, ვადამდელი არჩევნების ხსენება არ უწყობდეს ხელს იმ პროცესს, რომელიც მოლოდინის რეჟიმშია. ზოგადად ISFED-ი არ აკეთებს განცხადებას ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით“,- განაცხადა ნინო დოლიძემ.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ პოზიციაა, რომ „სამართლიანი არჩევნები“ პოლიტიკურ პროცესს არ გაემიჯნა და ეს ორგანიზაცია ვერცერთ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას ვერ მიიღებს.