გაერო-ში ბრიტანეთის ელჩის შეფასებით, რუსეთი უკრაინის დემოგრაფიული მდგომარეობის შეცვლას ცდილობს

რუსი დამპყრობლების მიერ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლების მასობრივი დეპორტაცია შეიძლება მიუთითებდეს მოსკოვის განზრახვაზე, შეცვალოს ამ რეგიონების დემოგრაფიული შემადგენლობა, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაერო-ში, ბარბარა ვუდვოდმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ რუსეთმა დეპორტაცია და იძულებითი გადაადგილება, შესაძლოა, უკრაინის ნაწილის დემოგრაფიული შემადგენლობის ძალადობრივი გზით შესაცვლელად გამოიყენოს“, - აღნიშნა ელჩმა.
მან ასევე გამოხატა შეშფოთება რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფილტრაციის ბანაკის შექმნასთან დაკავშირებით.
„მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, უზრუნველყოს გაერო-ს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების სრული, შეუფერხებელი წვდომა იმ ადამიანებთან, რომლებიც ამ ფილტრაციის ბანაკებსა და ცენტრებში იმყოფებიან“, - აღნიშნა დიპლომატმა.
ცნობისათვის, გაერო-ს უშიშროების საბჭოზე რუსეთის მიერ უკრაინის მოქალაქეების იძულებითი დეპორტაციის საკითხი განიხილეს. საბჭო შეერთებული შტატებისა და ალბანეთის მოთხოვნით შეიკრიბა.

























