ირაკლი კობახიძე - ნინო ლომჯარია ბევრად უფრო პოლიტიზებულია, ვიდრე ბევრი პარტია - ომბუდსმენის კანდიდატების დასახელება ოპოზიციაზეა, ამის იქით სად უნდა წავიდეთ, არ ვიცი, მაშინ პარლამენტიდან უნდა წავიდეთ

პროცედურის 80% არასამთავრობო სექტორს და ოპოზიციას ჩავაბარეთ, აქაც რომ ცდილობ, რომ კრიტიკის საბაბი მოძებნო, მეტყველებს პოლიტიზებაზე - ნინო ლომჯარია ბევრ პარტიაზე უფრო მეტად პოლიტიზებულია,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა სახალხო დამცველი არჩევის წესის ცვლილებაზე ნინო ლომჯარიას განცხადებას.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ომბუდსმენის არჩევისთვის შემუშავებული ახალი პროცედურა უპრეცედენტოა.

„ამ განცხადებით გამოჩნდა, რომ ნინო ლომჯარია არის ბევრად უფრო პოლიტიზებული, ვიდრე პარლამენტის ბევრი წარმომადგენელი პოლიტიკური პარტია, ამის მიზეზი რა არის, ყველამ ძალიან კარგად იცის.

რაც შეეხება კრიტიკას, უპრეცედენტო პროცედურას ვთავაზობთ ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს. ეს პროცედურა რამდენიმე ფაზად იყოფა, რაც შეეხება შეფასებას, მთლიანად არასამთავრობო სექტორზეა მინდობილი, კანდიდატების დასახელება კი ოპოზიციაზე. ამის იქით სად უნდა წავიდეთ, არ ვიცი, მაშინ პარლამენტიდან უნდა წავიდეთ და ამათ დავუთმოთ ხელისუფლება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა რომ ლომჯარიას განცხადების შემდეგ ოპოზიციამ სახალხო დამცველის არჩევის წესის ცვლილებას მხარი არ დაუჭიროს, კობახიძე ამბობს, რომ „ყველაფერი შეიძლება“.

„ყველაფერი შეიძლება, თუ ვინმეს აქვს ასეთი ნდობა ლომჯარიას მიმართ, მაგრამ დიდი ეჭვები არ შეიძლება გვქონდეს. არ მგონია. ლომჯარია იყოს ვინმესთვის ავტორიტეტი. ოპოზიციაშიც არავისთვისაა ავტორიტეტი, მაგრამ თუ ვინმეს უნდა პოლიტიკური თამაშისთვის ამ განცხადების გამოყენება, რა თქმა უნდა, გამოიყენებს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ომბუდსმენის არჩევის წესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც ის აღნიშნავს, წარმოდგენილი პროექტით სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხების დარეგულირება გათვალისწინებულია ერთპიროვნულად, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ, ბრძანების ფორმით, რაც გამორიცხავს გამჭვირვალობისა და ჩართულობის მაღალ ხარისხს.

ამასთან, სახალხო დამცველის შეფასებით, კანონპროექტის წინამდებარე ვერსიის მხარდაჭერის შემთხვევაში, პარლამენტის თავმჯდომარეს ასევე მიეცემა შესაძლებლობა კანონისაგან განსხვავებულად განსაზღვროს კანდიდატის წარმდგენი სუბიექტების წრე, რაც შეკითხვებს წარმოშობს როგორც კანონის უზენაესობის, ისე საკანონმდებლო ტექნიკის თვალსაზრისით.

სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2024