დავით უსუფაშვილი სახალხო დამცველის არჩევის წესზე - პირველ მოსმენასთან შედარებით, მეორე მოსმენისას უარესი პუნქტები აღმოჩნდა რეგლამენტში ჩაწერილი

ხელისუფლების გეგმაა, ვითომ ოპოზიციური კანდიდატის მხარდაჭერის იმიჯი შექმნას, ეს იგივე იქნება, როგორც სალომე ზურაბიშვილი იყო დამოუკიდებელი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნების დროს. ამ თვალთმაქცობაში მონაწილეობას არ მივიღებთ, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით რეგლამენტის ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, უმრავლესობამ მეორე მოსმენისას იმაზე უარესი პუნქტები შემოიტანა პროექტში, ვიდრე ეს პირველი მოსმენისას იყო.

„ლელომ" პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს გუშინ და ხელისუფლებას შესთავაზა, აგვეღო ერთკვირიანი პაუზა, გაგვესწორებინა ძალიან ბევრი რამ, გაგვეფანტა ის ბურუსი, რაც ახლავს ამ ჩანაწერებს და გადაგვედგა ნაბიჯები ერთად. ამის ნაცვლად, ხელისუფლებამ დაიჟინა, რომ ახლავე უნდა მივიღოთ, თითქოს ეს ერთი და ორი კვირა ქვეყანას აქცევს.

პირველ მოსმენასთან შედარებით, მეორე მოსმენისას უარესი პუნქტები აღმოჩნდა რეგლამენტში ჩაწერილი, კერძოდ ის, რომ თუ დღეს მოქმედი კანონმდებლობით ფრაქციას და პოლიტიკურ ჯგუფს შეუძლია წარადგინოს კანდიდატი ცალკე, ერთად, სხვებთან კონსულტაციით და ა.შ. ახლა ხელისუფლება გვიდგენს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე შეარჩევს 9 კაციან კომისიას, რომელიც დაუწერს კანდიდატობის მსურველებს ქულებს, ანუ მსურველები ქულებით იქნებიან დანომრილნი, აუცილებელია, რომ 7 კანდიდატი იყოს დასახელებული უკვე შერჩეული ფრაქციების და პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკურ ჯგუფებს ერთმანეთის კანდიდატისთვის მხარდაჭერის უფლება გვერთმევა, რომ "ოცნებას" შესაძლებლობა ჰქონდეს მინიმუმ 7 - დან ერთი აარჩიოს, ანუ მისთვის სასურველი კანდიდატი დასახელდება მასთან დაახლოებული რომელიმე ოპოზიციური ჯგუფის მხრიდან, იქვე იქნება კიდევ 6-7 სხვა და მათში რომელიმე ერთის ამორჩევა და მისთვის მხარდაჭერა შექმნის დემოკრატიის საბურველს. ჩვენ ვეუბნებით, რომ ამ თამაშებში არ მოგყვებით, რადგან არ ვიცით, ის 9 კაცი როგორ შეირჩევა და როგორ გააკეთებს შეფასებას, როგორ დაიწერება ეს ქულები,"- განაცხადა უსუფაშვილმა.

ახალი სახალხო დამცველის არჩევის წესთან და პროცედურებთან დაკავშირებით რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით - 80 ხმით, ერთხმად მიიღო.

პირველი მოსმენით კენჭისყრისგან განსხვავებით, “ნაციონალური მოძრაობის“, “სტრატეგია აღმაშენებლისა“ და "ლელოს" დეპუტატებმა "ქართული ოცნების" მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტს მეორე მოსმენით მხარი აღარ დაუჭირეს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო