პარლამენტმა ერთიანი ევროგადახდის სივრცეში საქართველოს გაწევრიანებისთვის საჭირო საკანონმდებლო პაკეტებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა ერთიანი ევროგადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გასაწევრიანებლად მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს, პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით და ეროვნული ბანკის ჩართულობით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტებს და მათგან გამომდინარე ცვლილებების პაკეტს წარმოადგენს, პარლამენტის წევრებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა გააცნო.

მომხსენებლის ინფორმაციით, კანონპროექტთა პაკეტით მომზადებული ცვლილებები SEPA-ში გაწევრიანების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. მისივე განმარტებით, მათში მოცემულია ის სტანდარტები და რეგულაციები, რომელთა შესრულების ვალდებულება ერთიანი ევროგადახდის სივრცეში გაწევრიანების მსურველ ქვეყანას აქვს. ცვლილებების შედეგად იმ საფინანსო ინსტიტუტებს, რომლებიც საქართველოში საქმიანობენ, საშუალება მიეცემათ, იმავე პირობებით, ტარიფებით და მარეგულირებელი ჩარჩოთი ევროში ოპერირება მოახდინონ. მისივე განცხადებით, აღნიშნული პროცესი მნიშვნელოვან შეღავათს მისცემს როგორც მოქალაქეებს, ასევე ბიზნესს და ხელს შეუწყობს უცხოური ინვესტიციების შემოდინებას.

21 კანონპროექტისგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის წევრებმა შეაფასეს და იმ მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრეს, რომელიც საქართველოს SEPA-ში გაწევრიანებას შესაძლოა, მოჰყვეს. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებების უმრავლესობა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაშია გათვალისწინებული. „ამ კანონების მიღებით ჩვენ დიდ ნაბიჯს ვდგამთ ასოცირების შეთანხმების შესრულების კუთხით. საკანონმდებლო პაკეტი ემსახურება საქართველოს SEPA-ში გაწევრიანებისთვის დაწესებულ კრიტერიუმებს. ეს საკითხი კომიტეტის მიერ ერთი წლის წინ იყო ინიცირებული და ჩატარებული კვლევების შედეგად გამოვლინდა, რომ ჩვენს მიერ უკვე გაწეული სამუშაოებით, საქართველო დიდწილად უკვე აკმაყოფილებს აღნიშნულ კრიტერიუმებს. შესაბამისად, ეს გვაძლევს საფუძველს, რომ მიმდინარე წელს საქართველომ ერთიანი ევროგადახდის სივრცეში გაწევრიანებაზე განაცხადი გააკეთოს", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის შეფასებით, ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, SEPA-ში გაწევრიანება მნიშვნელოვანი პროგრესია. მისივე განცხადებით, კანონპროექტთა პაკეტში არის საკითხები, რომლებზეც კომიტეტი სამინისტროსა და ეროვნულ ბანკის წარმომადგენლებთან აქტიურად მსჯელობს. კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა ისიც, რომ პაკეტის მეორე მოსმენით წარდგენამდე აუცილებელია, პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით შეთანხმება მოხდეს.

ერთიანი ევროგადახდის სივრცეში საქართველოს გაწევრიანებისთვის მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსაური ავრცელებს.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, კახეთში სასტუმრო „ისევ ყვარელი“ განახლდა