კომპეტენცია მინდა დავუწუნო ბატონ იურისტ პაპუაშვილს. ძალიან კარგად ვიცით, რომ სწორედ მსგავსი პრინციპებიდან იქმნება გარკვეული ნორმები, - ასე გამოეხმაურა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე შალვა პაპუაშვილის გუშინდელ განცხადებას, რომლითაც პარლამენტის თავმჯდომარემ USAID-ის უახლესი ანგარიში შეაფასა, როგორც „უხარისხო ბიუროკრატიული ნამუშევარი“ და „ბროშურა, რომელიც შემდგომ თაროზე დევს და მტვერი ედება“.
USAID-ის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტზე საუბრისას, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველოში „უმდიდრესმა ოლიგარქმა სახელმწიფო დაატყვევა“, ანა დოლიძემ განაცხადა, რომ „სწორედ მსგავსი მითითებებითა და პრინციპებით იქმნება ნორმები“.
„ბიძინა ივანიშვილის, როგორც ოლიგარქის სახელი ვინმემ რომ ახსენოს ინგლისურად, თუნდაც ჩვენ საზღვრებს გარეთ, გადასხმებით და წნევით წევს ერთად „ქართული ოცნებიდან“ 100-100 კაცი. სინამდვილეში ფაქტი არის შემდეგი: ნელ-ნელა, სწორედ მსგავსი მითითებებით, პრინციპებით იქმნება ნორმები. როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, „ძალიან კარგია, რომ ნელ-ნელა იქმნება იმის წარმოდგენა, რომ კლეპტოკრატია არის სერიოზული პრობლემა“.
სხვათა შორის, დღესაც და ადრეც, ნორმატიული წარმოდგენა იმ პრობლემების შესახებ, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს არსებობდა, სწორედ მსგავსი ტიპის ანგარიშებიდან შევიტყვეთ. ყველა მსხვერპლი, რომელიც ლაპარაკობდა და გამოკითხული იყო, სწორედ ასეთი ტიპის ანგარიშებში - „საიას“ და სახალხო დამცველის ანგარიშებში იყო ასახული. ამას, რა თქმა უნდა, აქვს მნიშვნელობა და ძალიან კარგია, რომ ნელ-ნელა იქმნება წარმოდგენა, რომ სერიოზული პრობლემა არის კლეპტოკრატია.
დღეს საკრებულოში გადის ძალიან ბევრი ცვლილება და ამ ცვლილებების უკან დგანან „ქართული ოცნების“ შემომწირველები. ვიღაცამ რომ მოინდომოს სახლი ააშენოს და ხე მოჭრას, ჯვარს გვაცვამენ ამასთან დაკავშირებით და სწორიც არის ეს, მაგრამ ვიღაც თუ „ქართული ოცნების“ შემომწირველია, არა. ნუცუბიძეზე რომ აპირებენ საშინელ ჩაბეტონებას ძმები ჩხაიძეები, მათ ყველაფერი შერჩებათ - ხეების მოჭრაც და ყველა სხვა ნორმის დარღვევაც, რადგან „ქართული ოცნების“ ძმაკაცები არიან“, - აღნიშნა დოლიძემ.
მმართველ პარტიაზე საუბრისას მან ასევე განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძე „ქართულ ოცნებაში“ კახა კალაძის დახმარებით მოხვდა და არის მისი თანამოაზრე.
„ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რომ ირაკლი კობახიძე არის კახა კალაძის უახლოესი თანამოაზრე და „ოცნებაში“ ის არის მოხვედრილი კალაძის მიერ. მათ დაყოფილი აქვთ როლები და არავითარ შემთხვევაში არ მინდა, რომ კახა კალაძემ აირიდოს პასუხისმგებლობა იმ ანტიდასავლურ კურსზე, რომელიც ახლა მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია, რომ ეს არ არის შემთხვევითი, რადგან პარალელურად ცოტა დრო აქვთ - 4 თუ 6 თვე. ისინი ცდილობენ, რომ იქნებ რაღაცნაირად იმუშაონ იმ 85%-ზე, რომელიც არის ჩვენიანი და პროდასავლური, მათ შორის იმ რამდენიმე ტელევიზიით, რომელსაც აფინანსებს „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი. პარალელურად კი ისინი დროს წელავენ, სანამ განკითხვის დღე დადგება“, - განაცხადა ანა დოლიძემ.