ელენე ხოშტარია - ტერორისტული ირანის მხარდაჭერა და მისი სატვირთო ფუნქციის მქონე თვითმფრინავის გატარება, კატასტროფული დარტყმაა ჩვენი ინტერესებისთვის - „ოცნება“ ამყარებს იმ ვერსიას, რომ სავარაუდოდ, საქართველო რუსეთს ეხმარება

მინდა წარმოვადგინო საბუთები, თუ რა ტყუილი თქვა „ქართულმა ოცნებამ“, რაც კიდევ უფრო ამყარებს იმ ვერსიას, რომ სავარაუდოდ, საქართველო რუსეთს ეხმარება უკრაინის წინააღმდეგ ომში, - ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ირანული ავიაკომპანია, რომელმაც საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენა, არ არის სანქცირებული და რეგულარულად დაფრინავს, მათ შორის ევროპაში.

ხოშტარიას თქმით, მინისტრის მხრიდან გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ აღნიშნული თვითმფრინავი დაფრინავს ევროპაში, არის ტყუილი.

„მოვისმინეთ „ქართული ოცნების“ აბსოლუტურად საგანგაშო ბრიფინგი ირანის თვითმფრინავებთან დაკავშირებით, რომელმაც გაიარა ქართული საჰაერო სივრცე და ირანის სამხედრო აეროდრომიდან ჩავიდა მოსკოვში. მინდა წარმოვადგინო საბუთები, თუ რა ტყუილი თქვა „ქართულმა ოცნებამ“, რაც კიდევ უფრო ამყარებს იმ ვერსიას, რომ სავარაუდოდ, საქართველო რუსეთს ეხმარება უკრაინის წინააღმდეგ ომში.

პირველი - „ოცნებამ“ განაცხადა, რომ კომპანია „ირან ეარი“ არ არის სანქცირებული. წარმოვადგენ OFAC-ის მიერ გამოქვეყნებულ კონკრეტულ დოკუმენტს, სადაც „ირან ეარი“ არის სანქცირებული ავიაკომპანია. მეტიც, არსებობს დოკუმენტები, რომელსაც გავუზიარებ მედიას, სადაც ლაპარაკია, რომ ისინი არიან სანქცირებული სამხედრო ტვირთის გადაზიდვისა და ტერორიზმის ხელშეწყობის გამო.

მეორე - „ქართული ოცნება“ იტყუება, რომ ICAO-ს (სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია) გაცემული ნებართვა ნიშნავს იმას, რომ თვითმფრინავს არ აქვს რაიმე სახის პოლიტიკური პრობლემა. ICAO გასცემს მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტულ ტექნიკური სახის ნებართვას, შეუძლია თუ არა თვითმფინავს ფრენა და არანაირ კავშირში ამა თუ იმ ქვეყნებში გადაფრენის ნებართვასთან ან ტვირთთან ეს არ არის. შესაბამისად, სუვერენული ქართული სახელმწიფოს პასუხისმგებლობა არის გაატარებს თუ არა ამ საეჭვო თვითმფრინავს საკუთარ ტერიტორიაზე.

მესამე - რაშტის აეროპორტი არის სამხედრო ფუნქციის აეროპორტი. შესაბამისად, მოვითხოვთ პასუხს, თუ რა მიზეზით გავატარეთ სამხედრო აეროპორტიდან აფრენილი თვითმფრინავი.

მეოთხე - საქართველოს გააჩნია ამერიკული რადარები, რომელსაც შეუძლია შეამოწმოს ტვირთის მოცულობა და წონა. შესაბამისად, კატეგორიულად მოვითხოვთ, გაუზიაროთ საზოგადოებას თუ რა წონის და მოცულობის ტვირთი იყო ამ თვითმფრინავში. ეს კონკრეტული თვითმფრინავი დაფრინავდა მხოლოდ რუსეთის ან სხვა აზიური მიმართულებით. მათ არ უფრენიათ ევროპის მიმართულებით. მეტიც, ომის დაწყების შემდეგ და რაც ირანი სამხედრო თვალსაზრისით ეხმარება რუსეთს, კატასტროფულად გაიზარდა ამ ფრენების რაოდენობა. შეუძლებელია, რომ ეს ფრენები არ იყოს კავშირში იმ დრონების და ჩიპების მომარაგებასთან, რაც სჭირდება რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ. შესაბამისად, ქართული მხარე ვალდებულია გაასაჯაროვოს ამ ტვირთის მოცულობა და წონა.

აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ ტერორისტული ირანის მხარდაჭერა და მისი სატვირთო ფუნქციის მქონე თვითმფრინავის გატარება, რომელიც არ გაატარა აზერბაიჯანმა, ქართულ საჰაერო სივრცეში, რომელზეც ყოველდღიურად იწერება სტატიები, რომ ეს უკავშირდება დრონების და სამხედრო ტექნიკის გადაზიდვას, ეს არის კატასტროფული დარტყმა ჩვენი ინტერესებისთვის. ორმაგი დატრტყმა - როგორც უკრაინის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, ასევე ტერორისტული სახელმწიფოს მხარდაჭერა“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ცნობისთვის, პარტია „დროას“ ლიდერის განცხადებით, 4 სექტემბერს, ირანის ერთ-ერთი აეროდრომიდან აფრინდა თვითმფრინავი, რომელიც საქართველოს ტერიტორიის გავლით მოსკოვში წავიდა. როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, "ირან ეარი“, რომელსაც ეს თვითმფრინავი ეკუთვნის, არის ამერიკის მიერ სანქცირებული ავიაკომპანია. აღნიშნულის საპასუხოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დეზინფორმაცია უწოდა ელენე ხოშტარიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს გავლით ირანიდან სამხედრო ტექნიკა რუსეთში ირანული ავიაკომპანიის თვითმფრინავმა გადაიტანა, რომელიც სანქციების ქვეშაა მოქცეული.

ლევან დავითაშვილის განმარტებით, აღნიშნული კომპანია სანქცირებული არ არის და საქართველოს საჰაერო სივრცე ყველა წესების დაცვით გამოიყენა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა