გრიგოლ ლილუაშვილი - ქვეყნის იმიჯის შელახვა, პარტნიორებთან ურთიერთობების დაზიანება, შიდა პოლიტიკაში ჩარევა და დაძაბულობის ხელშეწყობა, საქართველოს უსაფრთხოების გაუარესებით დაინტერესებული ძალების მიზნებს წარმოადგენდა

საქართველოს, როგორც დემოკრატიული და სტაბილური ქვეყნის იმიჯის შელახვა, სტრატეგიულ პარტნიორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს ურთიერთობების დაზიანება, საზოგადოებრივ წესრიგში არეულობის შეტანა, შიდა პოლიტიკურ პროცესში ჩარევა და მუდმივი დაძაბულობის ხელშეწყობა, საქართველოს უსაფრთხოების გარემოს გაუარესებით დაინტერესებული ძალების ძირითად მიზნებს წარმოადგენდა, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში სუს-ის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, მათი ქმედებები და დესტაბილიზაციის მცდელობები ასევე, მიმართული იყო სახელმწიფო მმართველობის ფორმების ხელყოფისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების შეფერხებისაკენ.

„მათი ქმედებების შედეგად გამოიკვეთა დესტრუქციული გარე აქტორებთან შესაძლო კავშირის მქონე პოლიტიკური ძალების სხვადასხვა ფორმით გააქტიურების ტენდენციაც. აღნიშნული სუბიექტების მხრიდან სხვადასხვა პლატფორმების გამოყენებით მათ შორის, სოციალური ქსელების, ვებ-გვერდების, ინტერნეტტელევიზიების, ტელემაუწყებლობის მეშვეობით, აქტიურად მიმდინარეობდა დეზინფორმაციული პოლიტიკის წარმართვა. ისინი ბოროტად იყენებდნენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას და მიზანმიმართულად ეწეოდნენ დამაზიანებელი იდეოლოგიის გავრცელებას, ემსახურებოდნენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, სახელმწიფო თუ სხვა ინსტიტუციებზე თავდასხმებს, რითაც შეგნებულად ცდილობდნენ ქვეყნის მშვიდ ცხოვრებაში არეულობის და დისონანსის შეტანას.

ქვეყანაში სხვადასხვა დესტრუქციული პროცესების პროვოცირებისთვის უცხო ქვეყნის სპეციალურ სამსახურებთან შესაძლო კავშირის მქონე ძალები ცდილობდნენ ინფორმაციის მოპოვებას საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვანი და რეზონანსული მოვლენების შესახებ. ცალკეული ჯგუფების მიერ ადგილი ჰქონდა დესტრუქციულ და ძალადობრივ მოწოდებებს. ქვეყანაში სიტუაციის მაქსიმალური ესკალაციისა და სხვადასხვა პროვოკაციული ქმედებების ორგანიზებისათვის მიმდინარეობდა ცალკეული საკითხების მიზანმიმართული პოლიტიზირება, მათ შორის, სამართალდამცავი უწყებების მიმართულებით. ფიქსირდებოდა მცდელობები, რომელიც მიმართული იყო საზოგადოების პოლარიზაციისკენ, სახელმწიფო უწყებების შეფერხებისა და დესტაბილიზაციის შექმნისკენ. აღნიშნულის მიზანს ქვეყანაში მუდმივი შიდა პოლიტიკური დაძაბულობის ხელშეწყობა და საჭიროებისამებრ გამწვავება წარმოადგენდა“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა