დიდი ბრიტანეთის ახალმა მონარქმა პრემიერ-მინისტრთან პირველი აუდიენცია გამართა

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-მ დღეს ლონდონის ბუკინგემის სასახლეში პირველი აუდიენცია გამართა. ამის შესახებ The Sun იუწყება.
ლანჩის შემდეგ, მეფესთან ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი მივიდა.
როგორც ცნობილია, მთავრობის ახალი მეთაური თანამდებობაზე დედოფალმა ელიზაბეთმა გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე - სამშაბათს დანიშნა. ამისთვის ლიზ ტრასი ბალმორალში (შოტლანდია) იმყოფებოდა, სადაც დედოფლის წინაშე ფიცი დადო.
ინფორმაციის თანახმად, ამიერიდან ახალი მონარქი და პრემიერ-მინისტრი სახელმწიფო საკითხებს ყოველ სამშაბათ საღამოს ბუკინგემის სასახლეში აუდიენციის დროს განიხილავენ.
დღესვე იგეგმება დიდი ბრიტანეთის მეფის ჩარლზ III-ის სიტყვით პირველი გამოსვლა.

























