მამუკა მდინარაძე - ისტერიული კამპანია იყო, „თვალთხარია“  - ერთ მშვენიერ დღეს რატომ გაჩუმდა ოპოზიციური მედია და რატომ შეკრეს პირი, რომ გახარიას არ შეხებოდნენ?

ისტერიული კამპანია იყო, „თვალთხარია“ და ა.შ. - ერთ მშვენიერ დღეს რატომ გაჩუმდა მთელი ოპოზიციური მედია ამ საკითხთან დაკავშირებით და რატომ შეკრეს პირი, რომ გახარიას არ შეხებოდნენ? ამ კითხვაზე პასუხი გაცემული არაა და „ხალხის ძალის“ წერილი შეგიძლიათ ამის პასუხადაც მიიღოთ, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ე.წ. ოთხეულის განცხადებას, რომ „გიორგი გახარიას ხელით ორგანიზებული სპეცოპერაციები პოლიციის სისუსტის ხელოვნურად წარმოჩენასა და მისი იმიჯის შელახვას ისახავდა მიზნად“.

მდინარაძის თქმით, ოთხეულის განცხადებებში ბევრი სიმართლე წერია და გიორგი გახარიას შესახებ მონათხრობს არ ემიჯნება.

„მათი მოთხრობილი ამბებისგან გამიჯვნაზე საუბარიც არ გვაქვს, რადგან ბევრი სიმართლე წერია იქ და ვერ დავაბრალებთ მათ, რომ რაიმე არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ. ერთადერთი განსხვავება ჩვენს პოზიციებს შორის ეხება იმას, რა დოზით უნდა გამოვიდეს ამბები გარეთ, რაზეც შიგნით ვსაუბრობთ. მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, სადაც პოლიტიკოსებს კულისებში შენახული ამბები არ ჰქონდეთ. ეს ბუნებრივი ამბავია, ყველაფერი გარეთ შეიძლება ვერ ილაპარაკო. განსხვავება არის ის, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით პოზიციას, რომ ამ თემებზე გარეთ ვისაუბროთ.

პირადად მე ნამდვილად არ ვემიჯნები იმ მონათხრობს, რაც გიორგი გახარიასთან დაკავშირებით იყო. იქ ბევრი სიმართლე წერია, რაზედაც ჩვენ საუბარი გაგვიჭირდებოდა და ასე საჯაროდ არ გვისაუბრია.

მადლობა ღმერთს, რომ დღეს გუნდში არ არსებობს ისეთი სიტუაცია და ადამიანი, რომლის შესახებაც ამბის გამოტანის დოზირება ან შეფასებებში გარკვეული თავშეკავება გვიწევდეს. გახარიაზე როდესაც ვსაუბრობთ, კითხვა ჩნდებოდა, რატომ სწყალობდნენ მას „ნაციონალური მოძრაობის“ მედია საშუალებები და ფარულ პიარს უკეთებდნენ. დეტალებში არ ჩავალ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რაც შეეხება ე.წ.ოთხეულის წერილის იმ ნაწილს, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოზეა საუბარი, მდინარაძე ამბობს, რომ როდესაც საქმე სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის საელჩოს ეხება, მმართველ გუნდს კულისებში საუბარი ურჩევნია.

„სწორედ ამ დეტალებთან დაკავშირებით გვაქვს ჩვენ აზრთა შეუთანხმებლობა. როდესაც საქმე ეხება ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის საელჩოს და მის წარმომადგენლებს, გვირჩევნია, თუ რამე სათქმელი გვაქვს, კულისებში ვისაუბროთ. ეს ასეც ხდება ხოლმე. მათ ასე გადაწყვიტეს და ეს მათი გზაა. ოთხივე მათგანს პატივს ვცემ“, - აცხადებს მდინარაძე.

ცნობისთვის, „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატები კლუბ „ბასიანსა“ და პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციებს „შეგნებულ დანაშაულს“ უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ „უცხო ქვეყნის სამსახურში ჩადგომის შემდეგ, გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა მინისტრობა სწორედ პოლიციის დაზიანებისა და მოშლის მიზნით მოითხოვა“.

დეპუტატების განცხადებით, გიორგი გახარიას ხელით ორგანიზებული სპეცოპერაციები პოლიციის სისუსტის ხელოვნურად წარმოჩენასა და მისი იმიჯის შელახვას ისახავდა მიზნად.

რაც შეეხება აშშ-ის საელჩოს, ე.წ. ოთხეულის შეფასებით, აშშ-ის საელჩოს განსაკუთრებული ძალისხმევა სამართალდამცავი სტრუქტურებისა და კანონის უზენაესობის წინააღმდეგაა მიმართული.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი