სახელმწიფო აუდიტის სამსახურის  ინიციატივით ,,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლის“ საქმიანობის ამსახველი წიგნი გამოიცა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინიციატივით ისტორიული წიგნი „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლი“ გამოიცა, რომელშიც 1918-1921 წლებში სახელმწიფო კონტროლიორის სამსახურის საქმიანობაა ასახული.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ცნობით, სახელმწიფო კონტროლიორის სამსახური არასრული სამი წელი ფუნქციონირებდა და მისი ხელმძღვანელი ეკონომიკის პროფესორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ოპოზიციური სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის წევრი ფილიპე გოგიჩაიშვილი იყო.

მათივე ინფორმაციით, ამ დროის განმავლობაში სახელმწიფო კონტროლიორის სამსახურმა დიდი მასშტაბის სამუშაო შეასრულა, მათ შორის, გამოსცა ათეულობით ანგარიში და ათეულობით მილიონის დაზოგვის საშუალება მისცა ქვეყანას.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, როგორც სახელმწიფო კონტროლიორის სამსახურის სამართალმემკვიდრის, მორალური ვალი იყო, დახმარებოდა ისტორიკოსებს ეს ისტორიული მემკვიდრეობა ფართო საზოგადოებისთვის გაეცნოთ.

ისტორიკოსებმა ბექა კობახიძემ, ირაკლი ირემაძემ, დავით ხვადაგიანმა, ირაკლი ხვადაგიანმა, საფუძვლიანად შეისწავლეს ასეულობით საარქივო მასალა და გამოიცა წიგნი ,,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლი“. წიგნის წინასიტყვაობა ეკუთვნის სტივენ ჯონსს (ჰარვარდის უნივერსიტეტის საქართველოს შემსწავლელი პროგრამის დირექტორი), წიგნი ინგლისურ ენაზე თარგმნა ჯეფრი გოსბმა (ოქსფორდის უნივერსიტეტის დოქტორი).

,,ამ წიგნის ავტორები გვახსენებენ, რომ ისტორია ყოველთვის გვთავაზობს გაკვეთილებს. 1918-1921 წლებში სახელმწიფო კონტროლიორის სამსახურის შექმნა გახლდათ მცდელობა, საქართველოს რესპუბლიკის ახალგაზრდა დემოკრატიას მიეღწია სამი მნიშვნელოვანი მიზნისთვის: კონტროლისა და ბალანსის სისტემის ინსტიტუციონალიზაცია; საჯარო ანგარიშვალდებულების დონის ამაღლება და კანონის უზენაესობის გაძლიერება და კორუფციის შემცირება. ამ მიზნების დაცვა დღესაც არის საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მთავარი ფუნქციაა და მათ გარეშე თანამედროვე საქართველოს დემოკრატია გაცილებით უფრო სუსტი იქნებოდა’’, - აღნიშნულია წიგნის შესავალ ნაწილში, რომლის ავტორია პროფესორი სტივენ ჯონსი (ჰარვარდის უნივერსიტეტის საქართველოს შემსწავლელი პროგრამის დირექტორი).

„თანამედროვე აუდიტის სამსახურს აქვს პრივილეგია, გააგრძელოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლის საქმიანობა. დღეს საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური გახლავთ თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტი და ამ საქმიანობაში ჩვენ ვამკვიდრებთ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, ჩვენი დასავლელი პარტნიორების დახმარებით. აუდიტის სამსახური, ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ, ცდილობს თავისი საქმიანობის პრაქტიკული შედეგი მიიტანოს თითოეულ მოქალაქემდე. ამით ის არა მხოლოდ თავის ეფექტიანობას ზრდის, არამედ საკუთარი წვლილიც შეაქვს საქართველოს ევროპასთან შემდგომი დაახლოებისა და ინტეგრაციის საქმეში“, - აღნიშნულია გენერალური აუდიტორის ირაკლი მექვაბიშვილის წინასიტყვაობაში.

წიგნი დაბეჭდილია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის და კომპანია GFA Consulting GmbH and FPO World მხარდაჭერით.

წიგნის ონლაინ პრეზენტაცია გაიმართება 11 სექტემბერს, 19:00 საათზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფეისბუქ გვერდზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო